სკანდალი ფიფასთვის – პანამის ნაკრებმა პირველი გოლი წესების დარღვევით გაიტანა (ფოტო)

გუშინ დასრულდა  2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ზონაში. ყველასთვის მოულოდნელად პანამის ნაკრებმა პირველად მოიპოვა მუნდიალზე თამაშის უფლება.

პანამის ეროვნული ნაკრები სახლში კოსტა რიკას მასპინძლობდა და 2-1 გაიმარჯვა. მასპინძლებმა შეხვედრაში წონასწორობა 53-ე წუთზე აღადგინეს, სწორედ ეს გოლი გახდა დავის საგანი. როგორც ესპანური გამოცემები MARCA და AS იუწყებიან, სანამ ბურთი ხაზს გადაკვეთდა, პანამის მეშვიდე ნომერმა ხელით ითამაშა, ამ ყველაფერზე კი არბიტრს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და გოლიც ჩაითვალა. საბოლოო ჯამში მასპინძლებმა ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს შესარჩევი ეტაპი ა.შ.შ-სა და ჰონდურასის ნაკრებებისათვის, რომ არა მსაჯის ეს საეჭვო გადაწყვეტილება.

სფფ-მ “რუსთავი” და “მერანი” გარიგებული მატჩისთვის დასაჯა!

დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც პირველ ლიგის მეოთხე ტურის მატჩს შეეხო. ამ შეხვედრაში ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და რუსთავის “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. იგი მეგრელების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე ნახსენები გუნდები უკანონო გარიგებაში დაადანაშაულა. სწორედ ეს სტატუსი მიანიჭა სადიციპლინო კომიტეტმა “მერანისა” და “რუსთავის” უკვე გამართულ შეხვედრას.

როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, “მერანის” მიერ მოგებული თამაში ორივე კლუბს წაგებად ჩაეთვლებათ (ანგარაშით, 0:3). გარდა ამისა, მათ სატურნირო ცხრილში 6-6 ქულა დააკლდებათ. ჯარიმის სახით კი, არც მეტი, არც ნაკლები, 10 000 ლარს გადაიხდიან.

გვარდიოლა: “რასაც იბრაჰიმოვიჩი ჩემზე ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, სიმართლე არაა!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პეპ გვარდიოლას ფორმაციის “ბარსელონაში” თამაშობდა. მან კატალონიურ გრანდში მხოლოდ ერთი წელი გაატარა და ზაფხულზე გუნდი დატოვა. ამის მიზეზად იგი ავტობიოგრაფიულ წიგნში გვარდიოლასთან უთანხმოებას ასახელებს – ზლატანი ამბობს, რომ პეპი მასთან არასდროს იყო პირდაპირი, არ ელაპარაკებოდა პირისპირ კონკრეტულ პრობლემებზე და მას ხშირად არიდებდა თავს.

რამდენიმე დღის წინ ნახსენებ საკითხზე ზლატანმა ერთ-ერთ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა. გვარდიოლამ ზლატანს მედიის საშუალებით უპასუხა.

“რასაც ის თავის წიგნში წერს, მხოლოდ მისი რწმენა-წარმოდგენებია. ეს არ შეესაბამება რეალობას!”

“მე ყოველთვის სუფთა და მართალი ვიყავი მის მიმართ. არასდროს ვარიდებდი თავს ზლატანთან საუბარს, არასდროს, არასდროს! ვცდილობდი, პირისპირ მელაპარაკა ნებისმიერ თემაზე! არასდროს გამომიყენებია მედია შვედ ფეხბურთელისთვის რამისთვის სათქმელად.”

“ადამიანებს შეუძლიათ ძალიან, ძალიან ბევრი რამე თქვან ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ მე იბრაჰიმოვიჩის მიმართ სუფთა ვარ,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის “ლეგიას” მოთამაშის, ვალერი ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე  დააკავეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ ყაზაიშვილის მეუღლის ძმა იმიტომ დააპატიმრა, რომ მას სახლში იარაღი აღმოუჩნეს.

ახლობლები და თავად დაკავებული ბრალდებას უსაფუძვლოდ თვლიან.

ნოდარ ნიშნიანიძე და მისი მეუღლე დაპატიმრებამდე 1 დღით ადრე ავრცელებდნენ ვიდეოს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათ უთვალთავლებდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ზოგის აზრით, ნოდარს იარაღი ჩაუდეს და უსამართლოდ დაიჭირეს.

პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი: “მითხრეს, რომ ხმა აგუეროს სასარგებლოდ უნდა მიმეცა”

მარკ ჰელსი, რომელიც ადრე პრემიერ ლიგის მატჩებზე მუშაობდა აღიარებს, რომ მას ძალით მიაცემინეს ხმა აგუეროს სასარგებლოდ, რათა არგენტინელი ფორვარდი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით არ დაესაჯათ.

შეგახსენებთ, რომ საქმე “მანჩესტერ სიტი” – “ვესტ ჰემის” მატჩში მომხდარ ინციდენტს ეხება, რომლის გამოც სერხიო აგუერომ მანჩესტერულ დერბი და კიდევ ორი მატჩი უნდა გამოტოვოს.

ბუნებრივია, რომ “სიტის” ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მარკ ჰელსი კი ირწმუნება, რომ აპელაცაზე მუშაობა წესების დარღვევით მიმდინარეობდა – “დარღვევა შევამჩნიე, თუმცა ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომელშიც უნდა მეთქვა, რომ არაფერი ყოფილა.”

ამ ყველაფერს კი გარი ნევილიც გამოეხმაურა: “მარკს ვესაუბრე. მან ყველაფერი დაადასტურა. უდიდესი პრობლემაა!”

ბოსნიელმა მეკარემ ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მსაჯს მუშტი დაარტყა

ბოსნიის მეორე დივიზიონში “ბუდუჩნოსტსა” და “ბრანიტელის” შორის გამართულ მატჩში სკანდალური ინციდენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც შეხვედრს მთავარმა არბიტრმა მეკარე რომეო მიტროვჩს ყვითელი ბარათი უჩვენა, კიპერმა რეფერის სახეში მუშტი დაარტყა. მსაჯმა თავს გაქცევით უშველა. მიტროვიჩს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

მოურინიომ “სუონსის” ფეხბურთელთან იჭიდავა

13 სექტემბერს ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსის” შორის გამართულ მატჩში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

სკანდალი: სალი მუნტარი მუნდიალის მიმდინარეობის დროს ეწეოდა

განის ნაკრების გარშემო კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კარგად ჩანს, რომ განის ნაკრების ფეხბურთელები მაგიდასთან სხედან. როგორც გაირკვა, “მილანის” ნახევარმცველი სალი მუნტარი რაღაცას ეწეოდა, მას კი სხვა ფეხბურთელები შეძახილებით ამკობდნენ.

GhanaSportsOnline-ს ცნობით, ემანუელ ბადუმ მუნტარის “პაწაწინა მწეველი” უწოდა, რაზეც მუნტარიმ გაბრაზებული ხმით უპასუხა: “Ganja Man” დამიძახეთ”.

მესი მორიგ ფინანსურ სკანდალში

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მორიგ ფინანსურ სკანდალში ეხვევა. El Pais-ის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს კვლავ სდებენ ბრალს გადასახადების თავიდან არიდებასა და ფულის გათეთრებაში.

ესპანეთის ნაციონალური გვარდიის ყურადღება საქველმოქმედო მატჩებმა მიიქცია, რომელში მონაწილეობისთვისაც მესის თითქმის 1 მილიონ ევროს გადაუხადეს.

აღნიშნული თანხა კომპანია G. Marín-Messi-ის ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახის მეგობრის გილერმო მარინის დაფუძნებულია.

2012 და 2013 წლებში ჩატარებული მატჩები, რომელში მონაწილეობისთვისაც მესის თანხა გადაუხადეს, მექსიკაში, კოლუმბიაში, პერუსა და აშშ-ში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებში ერთმანეთს მესისა და მსოფლიოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მესი ამგვარ ფინანსურ სკანდალში გაეხვა, თუმცა მაშინ ფეხბურთელს ბრალი არ დაუდასტურდა.

ბექა დოგრაშვილი

ტერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი მორიგ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ის მეუღლეს საგალანტერიო მაღაზიაში გაჰყვა.

ტანსაცმლის განყოფილებაში მოსიარულე ტერიმ თავაზიანობის გამოხატვა გადაწყვიტა და გამყიდველ გოგონებს მიესალმა. „ევროსპორტის“ ბრიტანული ბიუროს ცნობით, გამყიდველთაგან ერთ-ერთმა, სახელად ელაიშა რემმა მოიცადა, სანამ ტერი იქაურობას გაეცლებოდა და შემდეგ თავის კოლეგებს ასეთი რამ უთხრა: „ცხოვრებაში უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ მაინც ღორია“.

დანარჩენმა გამყიდველებმა რემის გაჩუმება სცადეს, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ეს სიტყვები ფეხბურთელის მეუღლემ ტონი პულმა გაიგონა.

„ჯერ შემომხედა, შემდეგ კი გატრიალდა, – იხსენებს გამყიდველი მომხდარ ინციდენტს. – არ ვიცოდი, რომ მეუღლეც იქვე იყო. მას სახეზეც ვერ ვცნობდი. თავი ცუდად ვიგრძენი“.

უიღბლო გამყიდველმა სააბაზანო ოთახში დამალვა სცადა, თუმცა მას ტერი წამოეწია და ახსნა მოსთხოვა.

„ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მეუღლის წინაშე ღორის სახელით მოხსენიება უღირსი საქციელი იყო. ბოდიში მოვუხადე“, – აღნიშნა გოგონამ.

როგორც აღმოჩნდა, მობოდიშებამ არ გაჭრა, რის შემდეგაც ელაიშა რემმა ტერის ამაზრზენი უწოდა.

„ასეთი საშინელი არ ვარ. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისიც აღვნიშნე, რომ ტერი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა“, – დასძინა 23 წლის გამყიდველმა გოგონამ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მაღაზიის მენეჯერმა ელაიშა რემს დისციპლინური სანქცია დაუწესა და ის დროებით სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა თუ ეს სკანდალი დიდ რეზონანს გამოიწვევს, არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა გოგონა დაკავებული პოზიციიდან საერთოდ გაათავისუფლონ.

ბექა დოგრაშვილი

„არიელი“ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა

სარეცხი ფხვნილის მწარმოებელი კომპანია „არიელი“ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა.

კომპანია გერმანიის ნაკრების სპონსორი გახდა და ამის აღსანიშნავად თავისი პროდუქტი ახალი შეფუთვით გამოუშვა, რომელზედაც ბუნდესგუნდის მაისური იყო გამოსახული. ერთი შეხედვით უწყინარმა იდეამ გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო კრახი განიცადა. სარეცხი ფხვნილის ყუთის უკანა მხარეს სათამაშო ნომერი 88 იყო გამოსახული. ამით მწარმოებელს სურდა ეთქვა, რომ ერთი ყუთი სწორედ  ამდენჯერ გასარეცხად იყო საკმარისი.

თუმცა, ევროპაში რიცხვი 88 ნაცისტურ მისალმებასთან ასოცირდება: „ჰაილ ჰიტლერ“ (Heil Hitler – ლათინურ ანბანში ასო „H“-ს მერვე ნომერი შეესაბამება და მთლიანობაში აღნიშნული მიმართვა კომბინაციაში რიცხვ 88-ს ქმნის). გარდა ამისა, ნომრის ზემოთ წაწერილი სახელწოდება „არიელი“  (Ariel) მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება Arier-ისგან – ე.წ. არიული რასა. ამ ყველაფერმა ზოგიერთ მყიდველში „არიელის“ ნაცისტურ ბანაკთან ასოცირება გამოიწვია.

„არიელის“ მწარმოებელმა კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა“ გერმანიაში მთლიანად ამოიღო გაყიდვიდან აღნიშნული პროდუქცია და მომავალში წარმოებაზეც უარი განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

„პროქტერ ენდ გემბელი“ სერიოზულად უყურებს ისეთ თემებს, როგორიცაა ტოლერანტობა, პატივისცემა, განსხვავებულობა და ჰუმანიზმი. ძალიან ვწუხვართ, თუ მომხმარებლებს არასწორი ასოციაციები გაუჩნდათ. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ულტრამემარჯვენე (ნაცისტური) პოზიციას“.

ბექა დოგრაშვილი