როგორ შეხვდნენ “მანჩესტერ სიტის” ქომაგები გიორგი ქინქლაძეს

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო, მეტოქეს ანგარიშით 2:0 სძლია და ჩემპიონატი გამარჯვებული გახდა.

მატჩამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ცნობილი იყო, რომ შეხვედრას კლუბის ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე დაესწრებოდა. რა თქმა უნდა, “ქინქის” გამოჩენას” მანჩესტერელი გულშემატკივრები სულმოუთმენლად ელოდნენ.

თამაშის დაწყებამდე, ქინქლაძე მინდორზე გამოჩნდა, ხოლო როგორც ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანული გამოცემა წერს, “სიტის” ქომაგებმა ერთდროულად “ამოხეთქეს” და ისინი საყვარელი მოთამაშეს ასეთი შეძახილით შეხვდნენ: “გიო, გიო”. როდესაც ქინქლაძე მოედანზე იყო, სტადიონის დიდ ეკრანზე ვიდეო ჩაირთო, სადაც ქინქლაძის ლამაზ გოლებს აჩვენებდნენ.

ბუნებრივია, მანჩესტერის ქუჩებში ყოფილ ქართველ ფეხბურთელს ბევრი ცნობდა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ არიგებს ქინქლაძე ავტოგრაფებს გულშემატკივრებისათვის.

დიტო ჭიჭინაძე