ტერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი მორიგ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ის მეუღლეს საგალანტერიო მაღაზიაში გაჰყვა.

ტანსაცმლის განყოფილებაში მოსიარულე ტერიმ თავაზიანობის გამოხატვა გადაწყვიტა და გამყიდველ გოგონებს მიესალმა. „ევროსპორტის“ ბრიტანული ბიუროს ცნობით, გამყიდველთაგან ერთ-ერთმა, სახელად ელაიშა რემმა მოიცადა, სანამ ტერი იქაურობას გაეცლებოდა და შემდეგ თავის კოლეგებს ასეთი რამ უთხრა: „ცხოვრებაში უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ მაინც ღორია“.

დანარჩენმა გამყიდველებმა რემის გაჩუმება სცადეს, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ეს სიტყვები ფეხბურთელის მეუღლემ ტონი პულმა გაიგონა.

„ჯერ შემომხედა, შემდეგ კი გატრიალდა, – იხსენებს გამყიდველი მომხდარ ინციდენტს. – არ ვიცოდი, რომ მეუღლეც იქვე იყო. მას სახეზეც ვერ ვცნობდი. თავი ცუდად ვიგრძენი“.

უიღბლო გამყიდველმა სააბაზანო ოთახში დამალვა სცადა, თუმცა მას ტერი წამოეწია და ახსნა მოსთხოვა.

„ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მეუღლის წინაშე ღორის სახელით მოხსენიება უღირსი საქციელი იყო. ბოდიში მოვუხადე“, – აღნიშნა გოგონამ.

როგორც აღმოჩნდა, მობოდიშებამ არ გაჭრა, რის შემდეგაც ელაიშა რემმა ტერის ამაზრზენი უწოდა.

„ასეთი საშინელი არ ვარ. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისიც აღვნიშნე, რომ ტერი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა“, – დასძინა 23 წლის გამყიდველმა გოგონამ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მაღაზიის მენეჯერმა ელაიშა რემს დისციპლინური სანქცია დაუწესა და ის დროებით სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა თუ ეს სკანდალი დიდ რეზონანს გამოიწვევს, არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა გოგონა დაკავებული პოზიციიდან საერთოდ გაათავისუფლონ.

ბექა დოგრაშვილი