ვინ არის და რას ამბობს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, რომელიც მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გაიმართება, 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კეიპერსი განსჯის. კეიპერსი 2006 წლიდან ფიფას მსაჯია. ნაიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სუპერმარკეტების ქსელისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.

2013 წელს ლონდონის „ჩელსისა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართულ უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში იმსაჯა. იმავე წელს ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ჩატარებული ფიფას კონფედერაციის თასის ფინალური შეხვედრა განსაჯა.

2013 წელს კეიპერსი ევროპელ მსაჯთა სპეციალიზირებული ვებ-გვერდის football refereeing-ის გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო არბიტრად დაასახელეს.

ბიორნ კეიპერსმა დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. ფინალში მონაწილე გუნდების მატჩები ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ვიხილე. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ესპანეთის თასზე და პრიმერადივიზიონში გამართულ შეხვედრებს. ასე რომ, მზად ვართ. ჩვენ ვიდეოანალიტიკოსი გვყავს, რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს. გვირჩევს სასურველ მატჩებს, ცალკე გამოყოფს საჭირო კადრებს, მისი რჩევით ყურადღებას ვაქცევთ ამა თუ იმ მოთამაშეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის განსჯა დიდი პატივია. ამაყი და მოხარული ვარ, რომ ამ ფანტასტიური მატჩის გაძღოლა მე დამევალა. ჩემი ბრიგადით ვამაყობ და მოუთმენლად ველოდები ფინალურ შეხვედრას“, – 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ფინალური მატჩი „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი