იურგენ კლოპმა, რომელიც ინგლისურ პრემიერ ლიგაში მოღვაწეობს, აღიარა, რომ მისთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატს ესპანური ლა ლიგა წარმოადგენს. ეს განცხადება მან ესპანურ “სევილიასთან” გასამართ დაპირისპირებამდე გააკეთა.
“ძალიან ბევრ სამხრეთ ამერიკელ ახალგაზრდას უნდა, რომ ესპანეთში წავიდეს, რადგანაც იქ უფრო ადვილია მოწყობა. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ამ დროისთვის ლა ლიგა ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას და ყველა სხვა ჩემპიონატის მოვალეობაა, რომ ამ დონეს მიაღწიოს.
გერმანია მსოფლიოს ბოლო ჩემპიონი იყო, მანამდე კი ესპანეთი იყო. ასე რომ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს!
ესპანეთმა ეს სტატუსი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა, თუმცა, ოთხშაბათს ეს არ დამტკიცდება, ამას ვერავინ ნახავს.”
“სევილია” მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეშვიდე ადგილით დაკმაყოფილდა ლა ლიგაში, თუმცა კლოპი მაინც უფრთხის უნაი ემერის გუნდს.
როცა მას ჰკითხეს, გამოარჩევდა თუ არა მეტოქეთა რომელიმე ფეხბურთელს, მან განაცხადა: “ნამდვილად არ მიყვარს, როცა რომელიმე ფეხბურთელისაკენ ვიშვერ თითს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ სისუსტეს გამოვავლენთ. ისინი იმდენად ძლიერები იქნებიან, რამდენის საშუალებასაც მივცემთ.
“სევილიას” მთელ გუნდს უდიდეს პატივს ვცემ. “სევილიამ” ისევე როგორც “ლივერპულმა” ტურნირს ხელი სერიოზულად მოკიდა.
ამ მატჩში მთავარი ორგანიზებულობა და კონცენტრირებულობა იქნება. ნეიტრალურ გულშემატკივარს დიდებული მატჩი ელის.”
შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ, ოთხშაბათს თბილისის დროით 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.