ჯაბა დვალი: “თუ იმის თავი გაქვს, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულო, უნდა ითამაშო!”

ჯაბა დვალს ეროვნული ტიტულები ნამდვილად არ აკლია, მან თბილისის „დინამოში“ ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

32 წლის ფეხბურთელმა „ზესტაფონის“ შემადგენლობაში ოქროს მედლები ორჯერ მოიპოვა, ხოლო თითოჯერ თასი და სუპერთასი აღმართა.

დვალს საქართველოს ფარგლებს გარეთაც უთამაშია მოლდოვურ „დაჩიაში“ და აზერბაიჯანულ აგდამის „ყარაბაღში“. აგდამელებთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონატის ოქროს მედლებიც მოიპოვა.

დვალი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი ორჯერ იყო – 2005-06 წლების სეზონში „დინამოს“ მაისურით 21 გოლი გაიტანა, ხოლო 2011-12 წლების სეზონში „ზესტაფონის“ რიგებში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.

ამჟამად, გამოცდილი ფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „სიონში“ გამოდის და ბოლნისელები რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვიან, მის მიერ გატანილი გოლების დამსახურებაა. სეზონის დასკვნითი ეტაპი წინაა და დვალს პროფესიონალურ კარიერაში პირადი რეკორდის (21 გოლი სეზონში) გაუმჯობესების შანსიც აქვს.

ლიგა 2-ის ერთ-ერთი ბომბარდირი Eliga.Ge-ს სტუმარია…

– სეზონის დასაწყისში „სიონში“ რატომ გადახვედი? ეროვნული ლიგის კლუბებიდან წინადადება არ გქონდა?

– კონტრაქტი მოლდოვურ „დაჩიასთან“ მაკავშირებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მთავრდება. ზამთარში იყო შანსი, მოლდოვაში დავბრუნებულიყავი. შემდეგ რაღაც გუნდების ვარიანტი მქონდა, მაგრამ „დაჩიამ“ არ გამიშვა, ზოგან მე არ მოვინდომე წასვლა.

საბოლოოდ, უთამაშებელი რომ არ ვყოფილიყავი, ნახევარი სეზონი იჯარით „სიონში“ თამაში გადავწყვიტე, ხოლო შემდეგ განათხოვრების ვადა გავახანგრძლივეთ.

– ბოლოს ქვედა ლიგაში, რომელსაც მაშინ პირველი ლიგა ერქვა, 12 წლის წინ თბილისის „დინამო 2“-ში ითამაშე. მაშინდელთან შედარებით ახლა რა მდგომარებაა ლიგა 2-ში?

– მე რომ ვთამაშობდი, პირველ ლიგაში ბევრი გუნდის დუბლშემადგენლობები გამოდიოდნენ. შეიძლება ითქვას, დუბლების ჩემპიონატი უფრო იყო. ანუ პირველი ლიგაში უმეტესად ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც უმაღლეს ლიგაში მთავარ გუნდში ვერ ხვდებოდნენ.

ახლა სულ სხვა ვითარებაა. ლიგა 2-ის ზოგიერთი გუნდი ეროვნულ ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა. მაგალითად, „რუსთავმა“ საქართველოს თასის 1/4-ფინალში თბილისის „დინამოსთან“ ფრე ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში გავარდა. უფრო მეტიც, ლიგა 3-ის ხონის „იმერეთი“ თასის 1/2-ფინალში გავიდა…

– ეროვნულ ლიგასთან შედარებით ლიგა 2-ში თამაში გიადვილდება?

– ლიგა 2 იქნება თუ მე-5 ლიგა, თამაში ადვილი არსადაა. ხომ ამბობდნენ წლების განმავლობაში, უმაღლეს ლიგაში ფეხბურთელები დადიანო და 2 კილომეტრსაც ვერ დარბიანო. ახლა როდესაც პოლარის სისტემის შედეგები დაიდო, აღმოჩნდა, რომ ჩვენთანაც 10 კილომეტრზე ნაკლებს არ დარბიან.

ჩემი მოვალეობა გოლის გატანაა და ეს ლიგა 2-შიც არაა ადვილი. არ ვიძახი, რომ სერია ა გვაქვს, მაგრამ ადრინდელივით გასასეირნებელი მატჩები აღარ არის.

– როგორ ფიქრობ, ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში 10-გუნდიანმა ფორმატმა გაამართლა?

– 10-გუნდიანმა ფორმატმა გაამართლა. ადრე თუ ზოგ გუნდს თამაშზე წასასვლელი ან თუნდაც საჭმლის ფული არ ჰქონდა, მსგავსი რამ აღარ ხდება. ნელ-ნელა სტადიონებიც გვემატება, იგივე, დავით პეტრიაშვილის არენა ძალიან კარგია. 10-გუნდიან ჩემპიონატში ვინ ვის მოუგებს, წინასწარ რთული სათქმელია. ლიგა 2-შიც ძალიან კარგი გუნდებია – „ვიტ ჯორჯია“, „გაგრა“, „სამგურალი“. ამიტომ მოდუნების საშუალება არ გაქვს და სულ ტონუსში ხარ, როდესაც ზურგსუკან სუნთქვა გესმის. ფეხის დაცდენის უფლება არ გაქვს. ჩემპიონატის დონემ რომ აიწიოს, დაძაბულობა უნდა იყოს, რაც მიმდინარე სეზონში ნამდვილადაა.

– ლიგა 2-ის ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვი და ეს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

– ცხადია, თავდამსხმელისთვის მთავარი გოლის გატანაა. რაც მეტი გაგაქვს, გუნდს უფრო ეხმარები წარმატების მიღწევაში. თუმცა, ჩემთვის გოლების გარდა, მთავარი გუნდის წარმატებაა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ფეხბურთელი ბომბარდირი გამხდარა, მაგრამ მის გუნდს შედეგი ვერ უჩვენებია. მაგალითად, მე 10:0 მოგებულ მატჩში 8 გოლის გატანას, მირჩევნია, როდესაც ანგარიში 0:0 ან 1:1-ია, გადამწყვეტი გოლი გავიტანო.

– 32 წლის ხარ და კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობ?

– ჩემი აზრით, სადაც არ უნდა თამაშობდე, ვიდრე შეგიძლია შედეგი აჩვენო, დატვირთვებს გაუძლო და გოლები გაიტანო, კარიერა არ უნდა დაასრულო. თუ იმის თავი გაქვს, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულო და გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანო, უნდა ითამაშო!

Eliga.Ge

ჯაბა დვალი „საპოვნელაში“ გადადის

გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი ჯაბა დვალი კარიერიას უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თერჯოლის „საპოვნელაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმაც დაადასტურა.

სათქმელია, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ 30 წლის ფორვარდი „საბურთალოს“ შეუერთდა. უმაღლესი ლიგის დებიუტანტის მაისურით 8 ჩატარებულ მატჩში მან 2 გოლის გატანა მოასწრო.

„საბურთალოს“ გარდა, სხვადასხვა პერიოდში დვალი თბილისის „დინამოს“, ბოლნისის „სიონის“, საჩხერის „ჩიხურას“, რუსთავის „მეტალურგის“, „ზესტაფონის“, რუმინული „დაჩიას“ და აზერბაიჯანული „ყარაბახის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

დვალის პირველი კომენტარი „საბურთალოში“ გადასვლის შემდეგ

როგორც მოგახსენეთ, „საბურთალომ“ გამოცდილი ქართველი თავდამსხმელის ჯაბა დვალის ტრანსფერი დაადასტურა. ამასთან დაკავშრებით კლუბის ახალწვეული „საბურტალოელთა“ ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.

„დაახლოებით ერთი თვეა, რაც “საბურთალოში” ვვარჯიშობ. შთაბეჭდილებები დადებითი და სასიამოვნოა – ძალიან მეგობრული გუნდია, როგორც მინდორზე, ასევე მინდორს გარეთ. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და წარმატებაში დიდი როლის შეტანა შეუძლია. კლუბში ისეთი განწყობაა, რომ გიხარია ადამიანს ვარჯიში, თამაში… ძალიან იოლად შევეწყვე “საბურთალოს” და მოხარული ვარ, რომ თბილისურ კლუბში გავაგრძელებ კარიერას.

ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა – გიორგი ჭიაბრიშვილთან “ზესტაფონში” თამაშისას მიმუშავია. აქედან გამომდინარე ვიცი როგორი სტილის ფეხბურთის მიმდევარია, როგორია მისდამი დამოკიდებულება. სიმართლე გითხრათ, მინდოდა მასთან კიდევ მემუშავა, რადგანაც ძალიან საინტერესო ვარჯიშები აქვს, კარგად აანალიზებს თამაშებს, სწორად მიაქვს ფეხბურთელემდე თავის სათქმელი.

პირველი და უმაღლესი ლიგა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ წარმატებით ასპარეზობის რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია. კლუბში ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ, 17-18-19 წლის ფეხბურთელები პატარები უკვე აღარ არიან. მართალია, უმაღლეს ლიგაში დებიუტი გვექნება, მაგრამ მჯერა მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, არც ჩემპიონობა უნდა გამოვრიცხოთ, რადგან არავისზე ნაკლებები არა ვართ. გასვლით თამაშებში ბევრად მეტი სირთულეები შეგვხვდება, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ.

დუშეთში საფუძვლიანად ვემზადებით, ორჯერად ვარჯიშებზე ვართ გადასულები და იმედია ჩემპიონატის სტარტზე სასურველ სპორტულ ფორმაში ვიქნებით“, – ციტირებს დვალს fcsaburtalo.ge

ოფიციალურად: ჯაბა დვალი „საბურთალოს“ ფეხბურთელია

უმაღლეს ლიგაში გადასული „საბურთალო“ ახალი სეზონისთვის დუშეთში მზადებას აგრძელებს. კლუბი ჩვეული პროგრამით მუშაობს. ჩემპიონატის დაწყებამდე „საბურთალოელები“ კიდევ ერთი საკონტროლო მატჩის ჩატარებას გაგმავენ, რომელშიც მათი მეტოქე „რუსთავი“ იქნება.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, გუნდის შემადგენლობაში მატებაა. „საბურთალომ“ გამოცდილი თავდამსხმელის ჯაბა დვალის ტრანსფერის ყველა დეტალი საბოლოოდ მოაგვარა. ცნობისთვის, დვალი თბიულისურ კლუბთან ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ჯაბა მოლდოვური „დაჩიას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, რომლის მაისურით ხუთ ჩატარებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

სხვადასხვა პერიოდში დვალი ასევე თბილისის „დინამოს“, ბოლნისის „სიონის“, საჩხერის „ჩიხურის“, „ზესტაფონისა“ და აზერბაიჯანული „ყარაბახის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

„საბურთალოს“ ოფიციალური საიტის სურათი:

P1020006

ჯაბა დვალი დაჩიაში წარადგინეს (ვიდეო)

“ზესტაფონიდან” მოლდოვურ “დაჩიაში” დაბრუნებული ჯაბა დვალი ახალ კლუბში დღეს წარადგინეს. 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მოლოდევლ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჯაბა დვალი დაჩიაში გადავიდა

“ზესტაფონის” კაპიტანი, ჯაბა დვალი, კარიერას მოლდოვაში გააგრძელებს. 29 წლის ფეხბურთელმა “დაჩიასთან” კონტრაქტი დღეს გააფორმა.

ქართველმა ფეხბურთელმა “დაჩიაში” დაბრუნდება ლევან კორღალიძის დახმარებით მოახერხა. მოლდოვურ კლუბში დვალი 2007-2009 წლებში სწორედ კორღალიძესთან ერთად თამაშობდა და 48 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გოლის გატანა შეძლო.

მიმდინარე სეზონში დვალმა უმაღლესი ლიგის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.

 

ჯაბა დვალის და მისი 51 გოლის ამბავი

როგორც მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ, გორის “დილას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში “ზესტაფონის” კაპიტანმა ჯაბა დვალმა “დუბლი” შეასრულა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ეს ამბავი იმიტომაა, რომ ეს გოლები 29 წლის ფორვარდისთვის ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში მარგველთა მაისურით გატანილი რიგით 50-ე და 51-ე გახლდათ.

ჯაბა დვალის ზესტაფონური მონაგარით დაინტერესებული სტატისტიკის მოყვარულები შეამჩნევდნენ ერთ უცნაურ გარემოებას – გორში გამართულ შეხვედრამდე იმერელთა თავდამსხმელის მიერ ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი ბურთების დაჯამებისას სხვადასხვა წყარო 48 ან 49 გოლს ასახელებდა…

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ზოგი წყაროს ინტერპრეტაციით, ჯაბას საერთო მონაგარს აკლდება 2010 წლის 20 მარტს რუსთავის “ოლიმპთან” მატჩში გატანილი გოლი. როგორც გახსოვთ, ის სკანდალური შეხვედრა მოედანზე განვითარებული არასაფეხბურთო ამბების გამო შეწყდა, თუმცა მანამდე ზესტაფონელთა მხრიდან გატანილი გოლით სწორედ ჯაბა დვალმა მოახერხა თავის გამოჩენა.

იმის მიუხედავად, რომ იმ შეხვედრის მონაწილე ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა, ძალიან ბევრი წყარო (მათ შორის ისეთი ავტორიტეტულიც, როგორიცაა www.soccerway.com), იმერელთა კაპიტნის მიერ ჩემპიონატში გატანილი გოლების საერთო ციფრის გამოყვანისას, რუსთაველთა კარში გატანილ იმ გოლსაც ანგარიშობს.

უნდა ითქვას, რომ ეს 51 გოლი ფეხბურთელს ჩვენი გუნდის რიგებში გამართულ 104 შეხვედრაში (მოედანზე გატარებულ 8120 წუთში) აქვს გატანილი. სულ კი, ზესტაფონელთა მაისურით ჯაბას 138 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და მარგველთა მეტოქეთა კარი 70-ჯერ აქვს აღებული.

აღნიშვნის ღირსია ის, რომ ჩვენი კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილში” ჯაბა დვალმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა – სადღეისოდ ზესტაფონელ მეგოლეთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ გელაშვილი, რომლის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 63 გოლია, ხოლო მესამეზე 48 ზუსტი დარტყმით ზურაბ იონანიძე გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ, სადღეისოდ ჯაბა მიმდინარე პირველობის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა – მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მსვლელობისას მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია, მის ანგარიშზე უკვე 6 გატანილი გოლია და ამ მაჩვენებლით ის, გორელ ირაკლი მოდებაძესთან და ქუთაისელ ოთარ კვერნაძესთან ერთად, საუკეთესო გოლეადორთა სიას სათავეში უდგას…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ჯაბა დვალი “ზესტაფონში” დაბრუნდა

2014 წლის 9 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ევროპალიგის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – ”ზესტაფონსა” და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 29 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი კარიერას ისევ იმერულ კლუბში გააგრძელებს. გამოცდილი ფორვარდი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 პრინციპით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
ჯაბა დვალი – თავდამსხმელი: დაბადებულია- 08.02.1985; სიმაღლე – 176 სმ, წონა – 70 კგ.

წარმატებული კარიერის მანძილზე ჯაბას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”დინამო” (თბილისი) – 2003-2005, 2006. ”სიონი”(ბოლნისი) – 2005, ”ჩიხურა” (საჩხერე) – 2007, ”ოლიმპი” (რუსთავი) – 2007, ”დაჩია” (კიშინიოვი, მოლდოვა) – 2007-2009, ”ზესტაფონი” – 2009-2012, ”დინამო” (თბილისი) – 2012-2013, ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) – 2014.

როგორც მოგეხსენებათ, ჯაბა დვალი ზესტაფონელთა რიგებში 2009 წლის 10 ივნისს ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლის 21 აგვისტომდე ასპარეზობდა. იმერელთა რიგებში გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა ჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, შემდეგ კი ზედიზედ ორი “ოქრო”.

ჯაბა დვალი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს – ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 98 შეხვედრაში 45 (აქედან 1 გოლი რუსთავის “ოლიმპთან” 2010 წლის 20 მარტს გამართულ, თუმცა დაუსრულებელ შეხვედრაში) გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 12 გოლი, 2011-2012 წლების სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ჩრდილოირლანდიური “ლისბურნის” კარში გატანილი 3 გოლის წყალობით ჯაბა უეფას ევროპალიგის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი გახლავთ…

მარგველთა რიგებში დაბრუნებული ჯაბა დვალი საწვრთნელ პროცესს დღესვე შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დვალი ზესტაფონში ბრუნდება

ჯაბა დვალის “ზესტაფონში” დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია.

29 წლის ფეხბურთელი კონტრაქტით თბილისის “დინამოს” ეკუთვნის, თუმცა მომდევნო სეზონს ფორვარდი თავის ყოფილ კლუბში გაატარებს.

ჯაბა დვალი “დინამოში” “ზესტაფონიდან” 2012 წელს დაბრუნდა და უმაღლეს ლიგაში 44 ჩატარებულ მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა. გასული სეზონის მეორე ნახევარი ფეხბურთელმა აზერბაიჯანულ “ყარაბახში” გაატარა იჯარის წესით. თუმცა, დვალის უცხოური კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა.

დვალის გარდა “ზესტაფონი” მოლაპარაკებებს “დნიპროდან” წამოსულ უჩა ლობჟანიძესთან აწარმოებს.

 

იელიჩი და აჯურუ წავიდნენ, დვალი ბრუნდება

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” საკადრო ცვლილებები დაიწყო. სეზონის დასრულების შემდეგ იმერული გუნდის რიგები ლეგიონერებმა იგორ იელიჩმა და ნაემეკა აჯურუმ დატოვეს. იელიჩს ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდა, რის გამოც შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა. ნიგერიელ აჯურუს კი, გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა.

“ზესტაფონში” ევროტურნირების წინ გუნდის გაძლიერებაზეც ფიქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით ზესტაფონური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ “ყარაბახიდან” წამოსულ ჯაბა დვალს და დიდი ალბათობით ფორვარდი მომდევნო სეზონიდან სწორედ “ზესტაფონში” გააგრძელებს ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ კონტრაქტით დვალი დღემდე თბილისის “დინამოს” ეკუთვნის და აზერბაიჯანში იჯარის წესით თამაშობდა.