ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა (ვიდეო)

13 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს 2017 წლის XXIX ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXVIII გათამაშების დებულება დაამტკიცა.

დღესვე სხდომაზე 15, 17 და 19 წლამდელთა ასაკობრივი ლიგების 2017 წლის გათამაშების დებულებაც დამტკიცდა.

დღესვე აღმასკომის წევრებმა სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერისგან 2017 წლის ლიცენზირების პროცესის შედეგები გააცნო.

„მოგეხსენებათ, 2017 წლის სეზონი 4 მარტს დაიწყება და შარშანდელი ჩემპიონი, „სამტრედია“ საშინაო შეხვედრაში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. აგრეთვე, დამტკიცდა თასის გათამაშების ფორმატი. თასის გათამაშება 2 მარტს აიღებს სტარტს. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 3 ეტაპისაგან შედგება, მონაწილეობას მიღებს 60 გუნდი, ხოლო რანგით პირველი და მეორე ლიგის გუნდები მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან შეუერთდებიან თასის გათამაშებას. ასევე 2, 6 და 10 მარტს ჩატარდება საკვალიფიკაციო ეტაპები, რომლებიც იმ 12 გუნდს გამოავლენს, რომელიც 15 მარტიდან მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ჩაერთვებიან 20 გუნდთან ერთად. გასული სეზონის მსგავსად შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან“-განაცხადა დავით მუჯირმა.

აღმასკომმა მომავალი ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა (ვიდეო)

10 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატის დამტკიცება.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2016 წლის საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში 7 აგვისტოს დაიწყება. 14 გუნდი კენჭისყრის შედეგად ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება, სადაც 7-7 მათგანი ორ წრედ ითამაშებენ. ორივე ჯგუფის ბოლოადგილოსანი ქვედა ლიგაში დაქვეითდება, ხოლო ჯგუფების მეხუთე და მეექვსეადგილოსნები ჯვარედინად დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-აუტში გაარკვევენ მომავალი სეზონის უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელს.
პლეი-ოფი გაარკვევს უეფას თასის მონაწილეთა ვინაობასაც: მეორე და მესამეადგილოსნები ასევე ჯვარედინი დაწყვილებით გამოავლენენ საუკეთესოებს, რომლებიც ნეიტრალურ მოედანზე ბრინჯაოსთვის ითამაშებენ. ხოლო ჩემპიონის ვინაობა ჯგუფების გამარჯვებულთა შორის შინ და სტუმრად მატჩებში გაირკვევა.

ცვლილება შევა დებულებაში კიდევ ორ საკითხზე: ძირითად შემადგენლობაში ორი 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელის შეყვანის აუცილებლობა მოიხსნება, ხოლო უფასოდ დასარეგისტრირებელ ლეგიონერთა რაოდენობა გაიზრდება – ამიერიდან კლუბებს შეეძლებათ, სამი ლეგიონერის ნაცვლად ხუთი შეიყვანონ განაცხადში სარეგისტრაციო გადასახადის გარეშე, ოღონდ მათგან, სულ მცირე ორს, 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშევი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში.

პირველ ლიგაში 18 გუნდი ორ 9-9 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდება. ბოლოს სამ ადგილზე გასული ექვსივე გუნდი ავტომატურად დატოვებს პირველ ლიგას.

ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო მოიპოვებს რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლებას, რომელთაც დაემატება უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული ოთხი გუნდი. დარჩენილი ორი გუნდის ვინაობას გამოარკვევს პირველი ლიგის ქვეჯგუფებში მესამე-მეექვსე ადგილზე გასულთა პლეი-აუტი. ერთი ქვეჯგუფის მესამე გუნდი საპირისპირო ქვეჯგუფის მეექვსეს, მეოთხე კი მეხუთეს ორმატჩიან დაპირისპირებაში გაეჯიბრება. ოთხი გამარჯვებული ნახევარფინალურ წყვილებში გამოავლენს, თუ ვინ მოიპოვებს პრო2 ლიგაში თამაშის უფლებას და ვინ ითამაშებს ეროვნულ ლიგა 1-ში.

საქართველოს თასის 2016 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგის 32 გუნდი. ყველა რაუნდში გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველ ეტაპზე პირველი ლიგის 8 დაბალრეიტინგიანი გუნდი გამოავლენს 4 გამარჯვებულს, რომლებიც პირველი ლიგის 10 და უმაღლესი ლიგის 10 გუნდთან ერთად შეადგენენ 12 წყვილს. მერვედფინალიდან კი მათ ევროთასების მონაწილე ოთხეული დაემატება.

ამას გარდა, აღმასკომმა დაამტკიცა 28 ივნისს გასამართი XXVI ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი; ასევე საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სფფ-ის წევრობა შეუჩერა საფეხბურთო კლუბ რუსთავის „მეტალურგს“, საქართველოს ფუტსალის ასოციაციას კი პირიქით – შეჩერებული წევრობა აღუდგინა.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ს ყრილობა 28 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომის წევრებმა 2016 წლის სფფ-ის ყრილობის თარიღი დაამტკიცეს. რიგით 26-ე ყრილობა 2016 წლის 28 ივნისს გაიმართება. აღმასკომის სხდომაზე დღეს ასევე განიხილეს ფეხბურთის ფედერაციის წევრი ასოციაციების საკითხი. ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციის ოთხ წევრს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათ შორის, საფეხბურთოს სკოლების ასოციაციას, ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგას, ბიჩ სოკერის ასოციაციას და ეზოს ფეხბურთის ასოციაციას. ფეხბურთის ფედერაციამ მის თითოეულ წევრს მიმართა, წერილობით წარმოედგინათ საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. სამმა წევრმა არ წარმოადგინა გეგმა. ინვალიდ-ამპტუტანთა ლიგამ კი არსებული ხარვეზების პარალელურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარა. ასეთ ვითარებაში სფფ-მ წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული წევრებისთვის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე 28 ივნისს დაგეგმილ სფფ-ს ყრილობაზე იმსჯელებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

აღმასკომმა გარიგებებში მონაწილე პირებსა და კლუბებს სანქციები დაუწესა

დღეს, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მორიგ სხდომაზე სერიოზული და პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღო. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად შეტანილი იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებულ თამაშებში მონაწილე პირებისა და კლუბების საქმის განხილვა. მსჯელობის შემდეგ, აღმასკომი ერთსულოვნად ჩამოყალიბდა შემდეგ გადაწყვეტილებაზე:

აღმასკომმა სრულად გაიზიარა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წინადადება-რეკომენდაცია და ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებულ თამაშებში მონაწილე, ბრალდებული დავით გენძეხაძე საფეხბურთო სამყაროში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. გენძეხაძეს აეკრძალა არა მხოლოდ საფეხბურთო საქმიანობა, არამედ, სტადიონზე ყოფნა და ეროვნული ჩემპიონატისა თუ სხვა საერთაშორისო თამაშებზე დასწრება. აღმასკომის ეს გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით ეცნობება უეფას შესაბამის სამსახურს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენძეხაძის შესახებ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფსაც გააჩნდა დამატებითი მონაცემები და გადაწყვეტილების მიღების მართებულობაც ამით საბუთდება.

მხარე, რომელიც არ დაემორჩილება ამ გადაწყვეტილებას და რაიმე ფორმით ითანამშრომლებს დავით გენძეხაძესთან, ამ მხარის მიმართ გატარდება სადისციპლინო სანქციები.

რაც შეეხება გარიგებულ თამაშებში მონაწილე სხვა პირებსა და საფეხბურთო კლუბებს, აღმასკომის გადაწყვეტილებით, მათ შეუჩერდათ ყოველგვარი უფლებამოსილება ბრალის წაყენების დღიდან  – სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამასთან, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის მიერ საკითხის მოკვლევის დასრულებამდე.

თუ გარიგებულ თამაშებში მონაწილე პირები, რომლებიც ოფიციალურად დაბარებულნი არიან სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში, ითანამშრომლებენ ფეხბურთის ფედერაციასთან, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფი იხელმძღვანელებს უეფას დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით და გადაიხედება მათ მიმართ დაწესებული სანქციები.

მომდევნო საკითხად, დღის წესრიგში შეტანილი იყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ არსებული დავალიანებები მისი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მიმართ. აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და ფეხბურთელთა ინტერესების დამცველმა – ბესო აბაშიძემ და მოითხოვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ფეხბურთელების – შოთა ბაბუნაშვილის, თორნიკე აფციაურისა და მეკარეთა მწვრთნელის – თამაზ ოდიკაძის დავალიანება „ზესტაფონს“ ამ დრომდე არ გაუსტუმრებია. შესაბამისად, აღმასკომმა იხელმძღვანელა მოცემული რეალობით და ამ ეტაპზე, „ზესტაფონს“ შეუჩერდა სფფ-ის წევრობა დავალიანებების დაფარვამდე. თუ „ზესტაფონმა“ არსებული დავალიანებები ახლაც არ გაისტუმრა, სფფ-ის მორიგ ყრილობაზე დადგება საკითხი სფფ-ის წევრობიდან მისი გარიცხვის შესახებ.

 

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის აღმასკომი ახალი ჩემპიონატის დებულებას დაელოდება

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბა.

დღის წესრიგის მიხედვით, აღმასკომის წევრებს მხოლოდ სამი საკითხი ჰქონდათ განსახილველი:

1. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის განცხადების შესახებ

2. საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ

3. სხვადასხვა

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, ორი კვირის ვადაში სფფ-ში შემოეტანათ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების პროექტები, ფინანსური გარანტიებით, რომ ახალი სეზონისთვის შესაძლებელი გამხდარიყო PFL-ის(პროფესიული ფეხბურთის ლიგა) აღდგენა და ეროვნული ჩემპიონატი, სწორედ, ამ ორგანიზაციას ჩაეტარებინა. განაცხადების შემოტანის ვადა 2 ივნისის ჩათვლით იყო, თუმცა, ამ ორკვირიან პერიოდში, სფფ-ში მხოლოდ ერთი წერილი შემოვიდა, რომლითაც ძველი PFL-ის ხელმძღვანელმა – გია ფირცხალავამ მიმართა ფეხბურთის მმართველ ორგანოს. წერილში, ფირცხალავა სთხოვს სფფ-ს, მისცეს პროფლიგის აღდგენის უფლება და განახლდეს სფფ-სა და პროფლიგას შორის არსებული ხელშეკრულება.

აღმასკომმა დიდხანს იმსჯელა ამ საკითხზე. იყო შეკითხვები გია ფირცხალავასთან. თუმცა, ვინაიდან პროფლიგის წესდება და იურიდიული დოკუმენტები არ შეესაბამება ფიფა-უეფას მოთხოვნებს, აღმასკომმა მხარი არ დაუჭირა ამ ეტაპზე PFL-ის აღდგენას და მიეცა დრო, რომ იურიდიული ლაფსუსები და არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება რეალური მსჯელობა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ფედერაციამ სთხოვა აღმასკომს ერთკვირიანი დრო, რომ კლუბებთან საბოლოო მოლაპარაკებების შემდეგ, წარადგინოს მომავალი ჩემპიონატის დებულება და ფორმატი.

ამის შემდეგ, სფფ-ის აღმასკომი კვლავ შეიკრიბება.

სფფ-ის პრესსამსახური