მსაჯთა მიერ დაშვებული შეცდომები ბრაზილიის მუნდიალზე

ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მეხსიერებაში დარჩება არამხოლოდ როგორც ბოლო წლების ყველაზე სანახაობრივი ტურნირი, არამედ მსაჯთა მუშაობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სუსტიც. მართალია, გოლის ფიქსაციის ავტომატურმა სისტემამ თავისი საქმე ჩინებულად შეასრულა, თუმცა მსაჯთა მიერ დაშვებულ შეცდომებს მაინც ვერ გავექეცით. არბიტრებმა შეცდომების დაშვება ტურნირის სასტარტო მატჩიდანვე დაიწყეს და ფინალურ შეხვედრამდე გააგრძელეს.

1. ბრაზილია — ხორვატია (იუიტი ნისიმურა, იაპონია)
იაპონელმა მსაჯმა ნისიმურამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში გადაწყვიტა, რომ ბრაზლიის ნაკრებს ქულები არ უნდა დაეკარგა და მაშინ, როცა ანგარიში საყაიმო იყო, „სელესაოს“ პენალტი აჩუქა. ფიფამ ნისიმურა მომდევნო მატჩებში მთავარ არბიტრად აღარ ამუშავა, რითაც ირიბად აღიარა, რომ იაპონელი მსაჯი შეცდა.

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას თერთმეტმერიანი დარტყმის მიზეზი ბალკანელთა მცველ დეიან ლოვრენის მიერ ფრედის წაქცევა გახდა. ლოვრენმა ბრაზილიელ თავდამსხმელს ზურგში ოდნავ უბიძგა, ფრედმა მომენტით ისარგებლა და ისე წაიქცა, თითქოს ძლიერი დარტყმა მიეღოსო.

2. მექსიკა — კამერუნი (უილმარ როლდან პერესი, კოლუმბია)
მექსიკისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში თავად პერესის მიმართ იმდენი პრეტენზია არ გვაქვს, რამდენიც მისი თანაშემწის, უმბერტო კლავიხოს მიმართ. კლავიხომ მექსიკელთა შემტევ ჯოვანი დოს სანტოსს წესების დაცვით გატანილი ორი გოლი გაუუქმა. ჯერ მე-11 წუთზე გაიტანა მექსიკელმა ფეხბურთელმა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ ორ მცველს შორის გაიპარა და ხუთი მეტრიდან დაარტყა, შემდეგ იყო 28-ე წუთი, როცა ბურთი კამერუნელი მცველისგან მიუვიდა და ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა. ორივე შემთხვევაში კლავიხომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

3. ესპანეთი — ჰოლანდია (ნიკოლა რიცოლი, იტალია)
ფინალური მატჩის არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ შეცდომების დაშვება ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო. ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის დროს იტალიელმა მსაჯმა დიეგო კოსტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. არადა, გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელი თავადვე აქტიურად ცდილობდა ჯარიმაზე თამაშს და სტეფან დე ვრეის ვარდნას ფეხი ოსტატურად დაახვედრა. იტალიელი მსაჯი წამოეგო კოსტას ამ ხრიკს და თერთმეტმერიანის ნიშნულისკენ მიუთითა.

მეორე ტაიმში რიცოლი უკვე „ნარინჯისფერთა“ სასარგებლოდ შეცდა, როდესაც დე ვრეის გოლის მომენტში მეკარის ბაქანზე იკერ კასილასის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა ვერ შენიშნა.

ამ შეცდომების მიუხედავად, ფიფამ ფინალური მატჩის განსჯა სწორედ რიცოლის მიანდო.

4. ურუგვაი — კოსტა რიკა (ფელიქს ბრიხი, გერმანია)
კოსტარიკელთა მოულოდნელმა და ლამაზმა თამაშმა ფელიქს ბრიხის და სამსაჯო ბრიგადის შეცდომა გადაფარა. გვერდითა მსაჯმა შტეფან ლუპმა ვერ შენიშნა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ოსკარ დუარტე, რომელმაც ფერნანდო მუსლერას კარში მეორე გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, გვერდით მსაჯს ბურთის ჩაწოდების მომენტში დუარტეს ადგილმდებარეობა გამორჩა, რითაც ფეხბურთელმა იხეირა.

5. შვეიცარია — საფრანგეთი (ბიორნ კეიპერსი, ჰოლანდია)
ყველას გვახსოვს ამ მატჩის შედეგი, თუმცა მე-8 წუთზე, როცა ანგარიში ნულოვანი იყო, ფრანგთა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ ბარბაროსულად ჩაუმტვრია ყვრიმალი შვეიცარიელთა მცველ სტივ ფონ ბერგენს. მომენტი მსაჯის თვალწინ მოხდა, თუმცა კეიპერსს წარბიც არ შეურხევია. ჟირუ გაძევებასაც იმსახურებდა, თუმცა ფრანგ თავდამსხმელს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენეს.

აღნიშნული ეპიზოდი ფიფამაც უყურადღებოდ დატოვა, რითაც ფრანგები კიდევ უფრო გათავხედნენ. მომდევნო ჯერზე იმავე ჟირუმ და მამადუ სახომ ეკვადორელთა ფეხბურთელის ყბის გამძლეობა გამოსცადეს. მერვედფინალურ ეტაპზე კი, ბლეზ მატუიდიმ ნიგერიელ ნახევარმცველ ოგენი ონაზის ლამის ფეხი მოსტეხა.

6. ნიგერია — ბოსნია & ჰერცეგოვინა (პიტერ ოლირი, ახალი ზელანდია)
ახალზელანდიელ მსაჯთა ბრიგადამ ოსტატურად „მოკლა“ მუნდიალის დებიუტანტი ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრები. ჯერ იყო და 21-ე წუთზე გოლის გატანის მომენტში ედინ ჯეკო დააფიქსირეს არარსებულ თამაშგარე მდგომარეობაში, შემდეგ კი მსაჯმა ემირ სპაჰიჩის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა. ფლანგური გარღვევის დროს ემანუელ ემენიკემ წესის დარღვევით აუარა გვერდი სპაჰიჩს და პიტერ ოდემვინგეს საგოლე პასი გაუკეთა.

7. იტალია — ურუგვაი (მარკო როდრიგეს მორენო, მექსიკა)
მარკო როდრიგეს მორენო ის მსაჯია, რომელსაც ლუის სუარესის კბენა გამოეპარა. მან ურუგვაელი თავდამსხმელი არ გააძევა და „სელესტემ“ მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

8. ბრაზილია — კოლუმბია (კარლოს ველასკო კარბალიო, ესპანეთი)
ესპანელი მსაჯი იმდენად შეიჭრა ლიბერალის როლში, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვერ ამჩნევდა, როგორ ურტყამდნენ ბრაზილიელები ხამეს როდრიგესს ფეხში. „სელესაო“ იმდენად უხეშად ეთამაშებოდა კოლუმბიელთა ლიდერს, რომ ფერნანდინიო ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იმსახურებდა გაძევებას, თუმცა კარბალიო თვლიდა, რომ მისთვის ყვითელი ბარათიც ზედმეტი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ხამესის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისას მას არცერთი გაფრთხილება არ უჩვენებია.

კოლუმბიელებს ყელში ამოუვიდათ ეს უსამართლობა და ამით მობეზრებულმა კამილო სუნიგამ ნეიმარი კინაღამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აქცია. სხვათა შორის, არც ამ ეპიზოდში არ უჩვენებია მსაჯს ბარათი.

9. ბრაზილია — ჰოლანდია (ჯამელ ჰაიმუდი, ალჟირი)
ალჟირელმა არბიტრმა მესამე ადგილისთვის მატჩის სტარტზე ერთბაშად ორი სერიოზული შეცდომა დაუშვა. არიენ რობენი მეკარესთან ერთი ერთზე გადიოდა, თუმცა ტიაგო სილვამ ის დაიჭირა და წააქცია. თამაშის წესის დარღვევა საჯარიმო მოედნის გარეთ მოხდა. იმის მაგივრად, რომ მსაჯს ჯარიმა დაენიშნა და ბრაზილიელი მცველი გაეძევებინა, მან პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, ტიაგო სილვას კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

მე-17 წუთზე კი აფრიკელმა მსაჯებმა ვერ შენიშნეს, რომ მეორე საგოლე კომბინაცია ჰოლანდიელებმა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ჟორჟინიო ვეინალდუმის მისამართით გაგზავნილი პასით დაიწყეს.

მეორე ტაიმში ჰაიმუდიმ ჰოლანდიელთა კარის მიმართულებით პენალტი არ დანიშნა. პირიქით, ოსკარს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, არადა, თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო. ჰაიმუდიმ არაკვალიფიციური არბიტრის შთაბეჭდილება დატოვა.

10. გერმანია — არგენტინა (ნიკოლა რიცოლი, იტალია)
ფიფამ ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად იტალიელი ნიკოლა რიცოლი დანიშნა, რასაც გერმანელთა არცთუ ისე კარგი რეაქცია მოჰყვა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა ნახევარს სწორედ იტალიური ფესვები აქვს. რიცოლი არგენტინელ მოთამაშეებს მართლაც ლიბერალურად ეპყრობოდა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იყო ესეკიელ გარაი გასაფრთხილებელი, როცა ახალგაზრდა კრისტოფ კრამერს ძალიან მძიმედ შეეჯახა, თუმცა არბიტრმა ამ ეპიზოდში თამაშიც კი არ გაჩერა. კრამერმა ტვინის შერყევა მიიღო და მოგვიანებით მოედანი დატოვა. მატჩის ერთ-ერთ მომენტში მანუელ ნოიერი შეეჯახა გონსალო იგუაინს, თუმცა მსაჯმა არგენტინელი ფეხბურთელი აქეთ დააჯარიმა.

დამატებით ტაიმებში რიცოლიმ ორ ეპიზოდში არ მისცა როდრიგო პალასიოს ყვითელი ბარათი, უხეში თამაშისთვის მოედნიდან არ გააძევა უკვე გაფრთხილებული ხავიერ მასკერანო. იყო მომენტიც, როდესაც სერხიო აგუერომ ბასტიან შვაინშტაიგერს სახეში ხელი ჩაარტყა და გერმანელ ფეხბურთელს სისხლი ადენინა, თუმცა არბიტრმა ეს ეპიზოდიც უყურადღებოდ დატოვა.

 

მუნდიალის პირველი მატჩის მთავარი მსაჯის ვინაობა ცნობილია

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია. ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გასამართ ტურნირის გახსნით შეხვედრას იაპონელი მსაჯი იუიტი ნისიმურა მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ნისიმურას 2010 წლის მუნდიალზე ოთხი მატჩი აქვს ნამსაჯი, მათ შორის ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელიც „სელესაოს“ დამარცხებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საერთო ჯამში აჩვენა 16 ყვითელი და ორი წითელი ბარათი, დანიშნა ერთი პენალტი.

იუიტი ნისიმურა 42 წლის გახლავთ, ფიფას მსაჯია 2004 წლიდან.

ბექა დოგრაშვილი