ორმატჩიანი ვადა ნიკო კოვაჩს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გათავისუფლების პირასაა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ბაიერნის” ხელმძღვანელობა გუნდის მიერ ნაჩვენები ბოლო შედეგებით უკმაყოფილოა და ხორვატ სპეციალისტს უახლოეს ორ მატჩში წარუმატებლობის შემთხვევაში გაათავისუფლებს.

“ბაიერნი” ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს, შაბათს კი ბუნდესლიგის XI ტურში დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” გათამაშების X ტურში ფრანკფურტის “აინტრახტთან” ანგარიშით 1:5 განადგურდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა.

ნიკო კოვაჩი: „ხორვატიის ნაკრებს პატივი არ სცეს“

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ, ბალკანელთა დამრიგებელმა ნიკო კოვაჩმა იაპონელი არბიტრი იუიტი ნისიმურა ღიად გააკრიტიკა.

„თუ ეს პენალტი იყო, ფეხბურთის თამაშს ახლავე უნდა დავანებოთ თავი. მოდით, ფეხბურთის ნაცვლად კალათბურთი ვითამაშოთ. სამარცხვინოა. პატივისცემაზე ვსაუბრობთ, თუმცა ხორვატიის მიმართ ეს არ იგრძნობოდა. მსოფლიოს ჩემპიონატი თუ ასე იწყება, ასეთივე წარმატებით მივატოვებთ ყველაფერს და სახლში დავბრუნდებით.

ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეს. ჩემთვის პატივია, რომ ასეთ გუნდს ვწვრთნი“, – განაცხადა კოვაჩმა მატჩის შემდეგ.

 

ნიკო კოვაჩი: „ვიცით, როგორ შევაჩეროთ ნეიმარი და ბრაზილია“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩით გაიხსნება. ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ მის გუნდს ნეიმარისა და „სელესაოს“ გაჩერება შეუძლია.

„ვიცით, როგორ შევაჩეროთ ნეიმარი და ბრაზილიის ნაკრები. ბრაზილია მხოლოდ ნეიმარი არ გახლავთ: მეტოქეს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ხორვატიის ნაკრებიც შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მათ გაცნობიერებული აქვთ, რაოდენ დიდი პატივია ხორვატიის სახელით თამაში, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ერი. მოედანზე გულს დავდებთ.

ბერლინში ბრაზილიელები ვერ გავაოცეთ (2006 წელს, როდესაც ბრაზილიამ ხორვატია ანგარიშით 1:0 დაამარცხა), თუმცა ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. დანებებას არ ვაპირებთ, პირიქით – ჩვენ შევუტევთ! ვითამაშებთ ისე, როგორც სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში. ძალზედ მნიშვნელოვანია ბურთის კონტროლი, რადგან ბრაზილიელებს ართმევაზე თამაში არ უყვართ“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიკო კოვაჩმა.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.