კოკა სეფიაშვილი: “რომელ 12 და 16 გუნდზეა საუბარი, როდესაც ელემენტარული სავარჯიშო ბაზები არ არსებობს”

კოკა სეფიაშვილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „გაგრადან“ ახსოვს. ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართულ საქართველოს თასის ფინალურ მატჩში პირველი ლიგის კლუბის გამარჯვება დიდწილად სწორედ სეფიაშვილის კარგმა თამაშმა განაპირობა. გასულ სეზონში 28 წლის მეკარე „მეტალურგის“ ღირსებას იცავდა. საუბარი სწორედ რუსთავული კლუბის გამოსვლის შეფასებით დავიწყეთ.

 

 

ამ ეტაპზე ალბათ მაქსილამურად კარგი შედეგი ვაჩვენეთ. თუმცა, ჩემი აზრით მეოთხე ადგილზეც შეიძლებოდა გასვლა, მაგრამ გარკვეულმა მიზეზებმა შეგვიშალა. ვთვლი, რომ მეხუთე ადგილი საკმაოდ კარგი შედეგია საბოლოო ჯამში.

ახალწვეულების წარდგენაზე იყო საუბარი, რომ ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებდით, მაგრამ სეზონის მსვლელობისას გეგმები შეიცვალა. რა იყო არის ამის გამომწვევი მიზეზი?

დავიწყოთ იმით, რომ ევროპისთვის რომ ვიბრძოლოთ უკეთესი პირობები უნდა გვქონდეს. პირობებში ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად 10 ბურთით სრულფასოვანი ვარჯიში შეუძლებელია. რუსთავის სტადიონის მოედანზე ხომ არაფერს ვამბობ…

მიუხედავად ყველაფრისა საკმაოდ ამბიციური გუნდი ვიყავით .ყველა მეტოქესთან მაქსიმალური მონდმებით ვითამაშეთ.

პირადად თქვენს თამაშზე რას იტყვით?

რა შეიძლება ითქვას, პირველ რიგში ის, რომ სტაბილურობა მაკლდა. სეზონის შუა ნაწილში  საერთოდ არ მითამაშია. მეკარისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკის ქონაა,  რაც სამწუხაროდ სტაბილურად სამი წელია აღარ მაქვს. შესაბამისად თქვენს კითხვაზე ვერაფერს ვიტყვი. როდესაც სტაბილურად არ თამაშობ შეფასებების გაკეთება რთულია.

მთლიანობაში ჩემპიონატზე რას იტყოდით? როგორ ფიქრობთ იყო თუ არა წინსვლა? მოკლედ რომ შევაფასოდ ჩემპიონატის მიმდინარეობა.

წინსვლა აშკარად არ ყოფილა. მე პირადად წინსვლა ვერც ერთ გუნდში ვერ დავინახე, თუ არ ჩავთვლით,,ზესტაფონს’’. „დინამოსაც“ არ შეტყობია პროგრესი, რადგან წინა სეზონზე უკეთ ვერ იასპარეზა.ზოგადად ჩემპიონატს თუ შევაფასებთ ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სეზონი იყო.

მომავალ სეზონში უმაღლესში გუნდების გაზრდა იგეგმება. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად სწორი იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე გუნდების გაზრდა ჩემი აზრით არ იქნება გამართლებული. არ შეიძლება გუნდი ვარჯიშობდეს ისეთ სტადიონზე როგორზეც ჩვენ ვვარჯიშობდით.  გასაკვირია, რომელ 12 და 16 გუნდზეა საუბარი, როდესაც ელემენტარული სავარჯიშო ბაზები არ არსებობს.  პირველ რიგში გუნდების ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და რაოდენობის გაზრდაზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ.

საუკეთესო სეზონი „გაგრაში“ გქონდა. იმ პერიოდში პირველი ლიგის გუნდმა თასის მოგება და ევროსაგზურის მოპოვება მოახერხა.  რამ განაპირობა იმ გუნდის სიძლიერე?

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ უდიდესი როლი მწვრთნელმა ითამაშა. ანატოლი პისკოვეცს საუკეთესო მიდგომა ჰქონდა თითოეული ფეხბურთელის მიმართ. მაქსიმალურად ითვალისწინებდა მოთამაშის ინტერესებს და შესაბამისად ჩვენც უდიდეს პატივს ვცემდით მას. ძალიან მეგობრული გარემო იყო შექმნილი გუნდში. ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით გვეთამაშა ისე როგორც ამას მწვრთნელი ითხოვდა.

დისციპლინა და გუნდურობა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო.

საკმაოდ ბევრ მწვრთნელთან გიმუშავია საქართველოში მათ შორის უცხოელებთანაც. ვის გამოარჩევდი?

პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე პისკოვეცს პირველ ადგილზე ვაყენებ. ავღნიშნე, რომ საუკეთესო პიროვნება იყო ურთიერთობის მხრივ. ყოველთვის გვერდით ედგა თითოეულ ფეხბურთელს. მეგობრულად უდგებოდა ყველას და შესაბამისად ჩვენი მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა.

სანამ „გაგრაში“ მოვხვდებოდი დაახლოებით ორი წელი ფეხბურთი არ მითამაშია. ძნელია ამხელა პაუზის შემდეგ კვლავ აღიდგინო ფორმა. თუმცა, პისკოვეცი მენდო, დამანახა რომ ჩემი სჯეროდა და შანსი მომცა. მან შესძლო ჩემი ფეხბურთში დაბრუნება და ალბათ გასაკვირიც არაა, რომ მას ყველაზე მეტად ვაფასებ.

 

მოდი დინამოზეც ვისაუბროთ. რატომ ვერ შესძელი დამკვიდრება თბილისურ კლუბში?  

„დინამოში“ იმ მიზნით არ  გადავსულვარ,რომ გიორგი ლორიას წასვლას დავლოდებოდი. მართალი გითხრა, მთავარი მიზეზი რამაც გამიტაცა და მიმიზიდა „დინამოში“ კონკურენცია იყო. ეს საინტერესო გამოწვევა და ახალი ეტაპი იყო ჩემი კარიერისათვის. დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო მიმართ. მჯეროდა ჩემი თავის და მეგონა, რომ გავაკეთებდი ყველაფერს, რაც საჭირო იყო წარმატების მისაღწევად.

პირველი ვარჯიშების შემდეგ უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი. თუმცა. შეკრებაზე მივხვდი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა გიორგი ლორია მაინც გუნდის უცვლელი პირველი ნომერი იქნებოდა.  მეორე მეკარეობაზე არც არასდროს მიფიქრია და არც შევგუებულვარ ამ ფაქტს. სკამზე ჯდომა თამაშის დროს ჩემთვის ტრაგედიაა.

რომელი გუნდის შეტევას გამოარჩევდი უმაღლეს ლიგაში?

ჩისკო ყველაზე ძლიერია. საბოლოო მომენტში ძალიან კარგად ხედავს კარებს და მეკარეს. დიდი გამოცდილება აქვს და ეს მის თამაშზეც აისახება. გამოვარჩევდი მერებაშვილსაც.

რა თქმა უნდა ,,დინამო’’ ყველაზე შემტევია, თუმდა რაც მე რუსთავში ვარ არ ყოფილა ისეთი გუნდი. რომელთანაც ძალიან გაგვიჭირდა თამაში. რუსთავის მოედანზე თამაში ყველა გუნდს უჭირს.

IMG_4432

უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი მოთამაშეები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ჩემპიონატი რთული სათამაშოა, განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ჩემი გადმოსახედიდან სულაც არ არის რთული სათამაშო თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცუდი სტდიონები გვაქვს. ფეხბურთელისთვის უმთავრესი სირთულე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

სამომავლო გეგმები საქართველოში მხოლოდ 2 ან 3 გუნდს აქვს, რომლებიც ადრე იწყებენ მზადებას.

შემოთავაზებები ამ ეტაპზე არ მაქვს. გუნდები ალბათ თამაშამდე 2 კვირით ადრე შეიკრიბებიან აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება საქართველოში.

 და ბოლოს რას ელი მსოფლიო ჩემპიონატიდან? რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლია და ზოგადად გაგვაცანი შენი დამოკიდებულება.

ჩემი აზრით ბრაზილია მაინც მოწოდების სიმაღლეზე დგას და მთავარი ფავორიტები სწორედ ტურნირის მასპინძლები არიან.  თუმცა, მე პირადად ბუფონის ფაქტორის გამო იტალიასაც ვგულშემატკივრობ.ასევე გამვოარჩევდი ინგლისის და ესპანეთის ნაკრებებს.

სპეციალურად FANEBI.COM-თვის – ლევან ხარაზოვი