თბილისის თასი 2014 – ჯილდო იაგუარებმა მოიპოვეს, ბორჯღალოსნები მეორეზე გავიდნენ

იაგუარები თბილისიდან თასით მიდიან

არგენტინელი იაგუარები 41- 7 ესპანეთი

თბილისის თასის 2014 წლის გათამაშების ბოლო მატჩში ესპანეთზე გამარჯვებით იაგუარებმა თბილისის თასი მოიპოვეს.

არგენტინელებმა ხუთი ლელო დადეს და მხოლოდ ერთი მიიღეს. მეორე ნახევარში გულადი ესპანელები გვარიანად შეასკდნენ ძლიერ მოწინააღმდეგეს და პოზიტიურ ნოტაზე დაასრულეს ტურნირი.

იაგუარების მწვრთნელმა, ვერნანდო ურდანეტამ განაცხადა: „თასის მოპოვებით ნამდვილად ბედნიერები ვართ. კარგი ტურნირი გამოდგა და მოთამაშეებმაც, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებმა ზღვა გამოცდილება მიიღეს. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ესპანეთის ნაკრების მიმართ, რომლებმაც თავიანთი ნიჭი მეორე ნახევარში გამოავლინეს და საქმე გაგვირთულეს. ახლა მთავარია, ჩემმა ბიჭებმა ეს გამოცდილება გამოიყენონ, რათა „უფროსებს“ კონკურენცია გაუწიონ.“

ესპანელებმა დიდი გულით ითამაშეს და მატჩის ბოლო წუთამდე ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. კაპიტანმა პაბლო ფეიხომ ნამატჩევს განაცხადა: „პირველ ნახევარში ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან ქარის საწინააღმდეგოდ მოგვიწია თამაში და პირველ ტაიმში 30 ქულა გავუშვით. მეორე ნახევარში მოვუმატეთ. რამოდენიმე კონტრშეტევა განვახორციელეთ და ვანახეთ არგენტინელებს თუ რას წარმოვადნენდით. ლელო დავდეთ, თუმცე კიდევ რამოდენიმე ლელოს შანსი გვქონდა. საბოლოო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ ტურნირზე კარგი გამოცდილება მივიღეთ და ასეთი მაღალი დონის გუნდებთან თამაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.“

ლო 34-10 მზარდი იტალია

თბილისის თასის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა 34-10 სძლიეს მზარდ იტალიელებს.

პირველი ნახევრის ერთი და მეორე ნახევრის სამი ლელო (მათ შორის ორი ტექნიკური იყო), საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის.

საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში დომინირებდა. ბურთის ფლობა და ტერიტორიული უპირატესობაც მათი იყო, რაც 13 ქულით დაუფასდათ.

ბორჯღალოსნები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ – ლაშა მალაღურაძემ 50 მეტრიდან შეასრულა ჯარიმა და გუნდი 3 ქულით დააწინაურა.

მალევე ბორჯღალოსნები 6 ქულით დაწინაურდნენ, მას შემდეგ რაც ბექა წიკლაურმა 22 მეტრიანი ზონის გარეთ არეკნი გაიტანა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როდესაც ზურაბ ჟვანიამ ტურნირზე თავისი მეორე ლელო დადო, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა და ბორჯღალოსნები 13-0 დააწინაურა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარი კვლავ დომინირებით დაიწყეს. ბორჯღალოსნებმა იტალიელთა შერკინება რამოდენიმეჯერ დაჯაბნეს და ტექნიკური ლელოც მიითვალეს. გარდასახვაც ზუსტი იყო და  20-0 გახდა. იტალიელებს შერკინებაში საკმაოდ გაუჭირდათ და მიღებულ ტექნიკურ ლელოს ექვს წუთში კიდევ ერთი მიამატეს. მალაღურაძემ კვლავ იზუსტა და ანგარიში 27-0 დააფიქსირა.

ჯეიმს ამბროზინის 55-ე წუთზე მიეცა ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა – კარის წინ დანიშნული ჯარიმა ზუსტი იყო. ამ ჯარიმას ბორჯღალოსნებმა კი მეოთხე, ბონუსის მომტანი ლელოთი უპასუხეს – ნაკრების ახალწვეულმა, 19 წლის მურაზ გიორგაძემ იტალიელთა გრძელი პასი ჩაჭრა და ლელომდე 35 მეტრი ირბინა.

იტალიელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, რასაც მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მათი ლელო მოყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში 34-10 დაფიქსირდა.

იტალიელთა მწვრთნელმა, მარიუს ღუზენმა განაცხადა: „ბიჭებმა დღეს რაგბის კარგი გაკვეთილი მიიღეს. ქართველებმა თავიანთი ფიზიკური ძალა და გამოცდილება სრულიად გამოიყენეს, რასაც ჩვენ ვერაფერი დავუპირისპირეთ. ტურნირით კმაყოფილი ვარ და მინდა ორგანიზატორებს და განსაკუთრებით საქართველოს რაგბის კავშირს დიდი მადლობა გადავუხადო.“

ნამატჩევს მილტონ ჰეიგმა განაცხადა: „შერკინების გარჯით კმაყოფილი ვარ. დავით ქუბრიაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და მისი ყოფნა შეეტყო გუნდს. მოწინააღმდეგე წნეხის ქვეშ ვამყოფედ და შერკინებიდან ორი ლელოც მივითვალეთ. ხარვეზებსაც ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტურნირის კარგად დასრულებას, რასაც 20 ქულიანი სხვაობით მოგებული თამაშით მივაღწიეთ კიდეც. შუა კვირას უკეთესად, რომ გვეთამაშა არგენტინას მოვუგებდით და ტურნირშიც გავიმარჯვებდით. მე საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. ჩვენ ორი მიზანი გვქონდა: მოთამაშეების გამოცდა და ტურნირის მოგება, სამწუხაროდ ეს უკანასკნელი ვერ მოვახერხეთ.“

Rugby.Ge

IRB თბილისის თასის პირველ რაუნდში ბორჯღალოსნებმა და იაგუარებმა გაიმარჯვეს

საქართველო 23 – 13 ესპანეთი

მატჩის ფოტოები >>>

ოქმი

2014 წლის თბილისის თასი საქართველო-ესპანეთის მატჩით გაიხსნა, რომელშიც დამაჯერებელი პირველი ტაიმი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ბორჯღალოსნებს 23-13 გაემარჯვა თავის ძველ მეტოქესთან.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ნახევარში სამი ლელო დადო  და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 20-7 გავიდნენ.  ბონუსამდე ჩვენებს ერთი ლელოღა აკლდათ, მაგრამ მეორე ნახევარში უხვად დაშვებული შეცდომების გამო მხოლოდ ერთ ჯარიმას დაჯერდნენ.

პირველი ტაიმი გიჟური ტემპით მიმდინარეობდა

ბორჯღალოსნებმა მატჩი დიდი ფიზიკური ძალის დემოსტრირებით დაიწყეს. ისინი დომინირებდნენ რაქში, რითაც უკანახაზელებისთვის ბურთის გამოტანას სწრაფად ახერხებდნენ.

ფულბეკმა, ბექა წიკლაურმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ზუსტად შესრულებული ჯარიმით მე-16 წუთზე დააწინაურა საქართველოს ნაკრები. ჯარიმას  ბორჯღალოსნებმა მალევე პირველი ლელო მიაყოლეს – ლაშა მალაღურაძემ ფლანგზე გადაკიდა ბურთი, რომელსაც თამაზ მჭედლიძე დაეუფლა და კიდეში დაამიწა.

ესპანელებმა მალევე შეძლეს პასუხის გაცემა. ბექა წიკლაურმა აბრაგანი ასწია. ბურთი კი, ალბერტო დიასს ჩაუვარდა ხელში. ამ უკანასკნელმა შებოჭვისას მოახერხა ადამ ნიუტონისათვის პასის მიცემა, რომელმაც ბურთი ძელებს შუა დაამიწა. გარდასახვაც გამოიყენეს და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს 8-7.

დაშვებული შეცდომის შემდეგ, ბორჯღალოსნები გამოცოცხლდნენ და სტუმრებს ტაიმის ბოლომდე ორი ლელო დაუდეს. პირველად კვაჭმა, შალვა მამუკაშვილმა გაიბრწყინა. მან სტუმრებს ხუთ მეტრიან ხაზსთან გადაუარა და ლელო მიითვალა.

ტაიმის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, სანდრო თოდუამ ჩვენი ანგარიში 20-7 გახადა, მას შემდეგ რაც ფრთაზე შთამბეჭდავი ლელო დადო.

ესპანური დაცვის ბონუსი არ შედგა

მეორე ნახევარში ბორჯღალოსნები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაშვებულმა შეცდომებმა ესპანელებს ორი ჯარიმის შესრულების შესაძლებლობა მისცა. მარიანო გარსიას ზუსტმა დარტყმებმა ანგარიში 20-13 გახადა, რითაც თავისი გუნდი დაცვით ბონუსს მიუახლოვა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე წიკლაურის მეორე ჯარიმამ ესპანელებს ბონუსი წაართვა და საბოლოო ანგარიში 23-13 გახადა.

ნამატჩევს

მილტონ ჰეიგი უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის თამაშით. მან განაცხადა: „შესრულებით უკმაყოფილო ვარ. ჩვენ ვიცით, რომ უკეთესად თამაში შეგვეძლო. პირველ ნახევარში დრო და დრო ძალიან კარგად ვთამაშობდით და ორი ბრწყინვალე ლელოც დავდეთ. ჩვენს თამაშში უფრო თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. მეორე ნახევარში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. ოთხშაბათს არგენტინასთან თამაშისათვის ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ.“

ესპანელთა მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილებას ვერ მალავდა: „როგორც წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ჩვენს მიზანს განვითარება  და 2019 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდის გაზრდა წარმოადგენს. დღეს კარგად დავიწყეთ. ჩვენმა ბიჭებმა, რომლებიც ესპანეთის პირველობაში თამაშობენ, მამაცად იბრძოლეს. პირველ და მეორე ტაიმებში კარგი დაცვა ვანახეთ და შესაბამისად  მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.”

არგენტინელი იაგუარები 45 – 20 მზარდი იტალია

მატჩის ფოტოები >>>

ოქმი

პირველი რაუნდის მეორე მატჩში არგნეტინელმა იაგუარებმა მზარდ იტალიელებს 45-20 სძლიეს.

სანახაობრივ მეორე ტაიმში არგენტინელებმა იტალიელებს ექვსი ლელო დაუდეს, რითაც პირველი ტაიმის დეფიციტი ამოწურეს და შეხვედრა 15 ქულით სხვაობით მოიგეს.

პირველი ნახევრის განმავლობაში ორივე გუნდი საკმაოდ თანაბრად გამოიყურებოდა. მზარდ იტალიას პირველი ქულები ედოარდო პადოვანიმ მოუტანა. მან ჯარიმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ ხუან-პავლო სოსინომ მას მალევე უპასუხა და თავისი სამი ჯარიმიდან პირველი მატჩის მე-19 წუთზე გაიტანა.

იტალიელთა ფულბეკმა დევიდ-მაიქლ ოდიეტემ პირველი ტაიმის პირველი ლელო მალევე დადო.

ტაიმის მიწურულს არგენტინელები დომინირებდნენ. მათ ორი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში 10-9 დააფიქსირეს.

მეორე ნახევრის ექვსმა ლელომ იაგუარებს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა

მეორე ნახევრის დებიუტშივე ორივე გუნდმა ქულები მიითვალა. 42-ე წუთზე პადოვანიმ მეორე ჯარიმა გაიტანა, რომელსაც არგენტინელებმა თავიანთი პირველი ლელოთი უპასუხეს 16-13.

არგენტინელებმა სხვაობა მალევე გაზარდეს – მატჩის საუკეთესო ტიტულის მომხვეჭმა, სებასტიან პოეტმა იტალიელთა დაცვას თავი ოსტატურად აარიდა და მშვენიერი ინდივიდუალური ლელო მიითვალა. სოსინომ ზუსტი შესრულებით ლელო გარდასახა, რითაც თავის გუნდს ანგარიშში გვარიანი უპირატესობა მოუტანა.

იტალიელებს ორჯერ მიეცათ სხვაობის შემცირების შესაძლებლობა, მაგრამ ორივე შემთხვევაში დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში იაგუარებმა კი უფრო მოუმატეს – კარგად აგორებული მოლი იტალიელებმა თავიანთ კარის ხაზზე ჩაშალეს და მსაჯს არაფერი დარჩენოდა, იაგაურებისათვის ტექნიკური ლელო ჩაეთვალა. ამას გარდასახვაც მიყვა და 30-13 დაფიქსირდა.

ბონუს ქულაც სამხრეთ ამერიკელებმა 63-ე წუთზე მოიპოვეს. რამირო მოჟანომ დადო ლელო. მეხუთე ლელოც მასვე შეეძლო მიეთვალა, მაგრამ ბურთი შიგნით ფულბეკ გუტიერესსს გადასცა, რომელსაც მხოლოდ დამიწება დაჭირდა.

იტალიელებმა მატჩის ბოლოს მიკელე ვიზენტინის ლელო მიიმატეს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც იაგუარებმა თქვეს და მატჩში თავიანთი მეექვსე ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 45-20 დააფიქსირეს.

ვერნარდო ურდანეტა, იაგუარების მთავარი მწვრთნელი: „მეორე ნახევარში ჩვენი ნამდვილი ხასიათი გამოვავლინეთ, კარგი რაგბი ვითამაშეთ და ლელოებიც დავდეთ. პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები თუ არა შესაბამისი შესრულება უნდა გამოვასწოროთ, რადგან წინ ამ ტურნირის ყველაზე რთული მატჩი გველის”

იტალიელთა კაპიტანმა, ტომაზო კასტელომ აღნიშნა: „მეორე ნახევარში ჩვენი თამაშით იმედგაცრუებული ვარ. პირველი 40 წუთის განმავლობაში საგრძნობლად კარგად ვითამაშეთ და გვიხაროდა შესვენებაზე დაწინაურებულები, რომ გავედით. მეორე ნახევარში ტემპი ვეღარ შევინარჩუნეთ, ხოლო არგენტინელებმა საგრძნობლად მოუმატეს. ეს უნდა გამოვასწოროთ და შემდეგ მატჩში კონცენტრაცია 80-ვე წუთის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ.”

Rugby.GE