ქუთაისში ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალი შედგა

დღეს, ქუთაისში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორიას მემორიალის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთის წინაღმდეგ “შსს-აკადემია” და “რუსთავი” წარსდგნენ.

აკადემიელებმა მცირე უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და მისი შენარჩუნეა შეხვედრის დასრულებამდე მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩი ტუღუშის გუდის გამარჯვებით, 84-79 დასრულდა.

მოგებულთა მხრიდან ბექა ჩიკვილაძე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა. 12 ქულით და 10 მოხსნით ორმაგიდ დუბლი გაიფორმა გიორგი შარაბიძემ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი რუსთაველი ტერენს ოგლესბი (32 ქ.) გახდა.

მემორიალის თასი შსს აკადემიასა და რუსთავს შორის ქუთაისში გათამაშდება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების სახელობის თასს „რუსთავი“ და „შსს-აკადემია“ გაითამაშებენ. სატიტულო მატჩი ამ კალათბურთელების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

ფინალში გუშინ გასულ „რუსთავს“ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი შეუერთდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ნახევარფინალის ტოლფას მატჩში „დინამო“ 88:73 დაამარცხეს.

ხსენებულ მატჩამდე „ბათუმმა“ მოულოდნელად „მგზავრები-არმიასთან“ წააგო და ფინალში გასვლის შანსი დაკარგა. შესაბამისად, დღის ბოლო მატჩში ვინც მოიგებდა – „დინამო“ თუ „შსს-აკადმეია“ – ფინალშიც ის გადიოდა.

მატჩის მეორე მეოთხედი გარდამტეხი აღმოჩნდა. აღნიშნული პერიოდი კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა 30:11 მოიგეს და უპირატესობა თამაშის ბოლომდე იოლად შეინარჩუნეს.

გამარჯვებულებს ნიკა მეტრეველმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა. ბექა ჩიკვილაძემ 19 ქულა მიითვალა, ხოლო გიორგი ცინცაძემ პირად ანგარიშზე 15 ქულა და 5 პასი ჩაიწერა. დინამოელთაგან ბესო ლეჟავა გამოირჩა 26 ქულით, ილია ლონდარიძემ კი 22 მიითვალა.

დღის დანარჩენ მატჩებს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდათ, თუმცა საკალათბურთო აკადემიაში მისულმა გულშემატკივრებმა მაინც საინტერესო ბრძოლები იხილეს. „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. დაძაბული შეხვედრის ბოლო წამებზე 2 ლეგიონერით გაძლიერებულმა სოხუმელებმა 78:75 იმარჯვეს. 24 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე იყო,  პელეი პელემ კი სოხუმელებს 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შესძინა.

ნაკლებად საინტერესო გამოდგა „ქუთაისისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება. ქვემოქართლელებს ჯგუფში ორივე მატჩი მოგებული ჰქონდათ და ფინალის საგზური ხელში ეჭირათ, ხოლო ქუთაისელები 2 წაგებით იყვნენ დამძიმებულნი და გული ფავორიტის დამარცხებით დაიმშვიდეს. რუსთაველებმა თავს ძალა არ დაატანეს და ქუთაისელებმაც იოლად – 92:76 დაამარცხეს.

მაშ ასე, ორივე ჯგუფში თამაშები დასრულებულია და ქუთაისში პირველ ადგილზე გასული გუნდები – „შსს-აკადემია“ და „ქუთაისი“ მიდიან. მემორიალური ტურნირის რიგით მე-10 გათამაშების ფინალური მატჩი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 29 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი – ოლიმპი 78:75

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მემორიალზე გავსინჯე ჩვენი ახალი ლეგიონრები, რომლებიც, ფაქტობრივად, უთამაშებლები იყვნენ. ორივესთან გავაფორმებთ კონტრაქტს. მეორე წრემდე დიდი დრო არ გვაქვს, თუმცა შემდეგ გვაქვს შუალედები ტურებს შორის, რაც საშუალებას მოგვცემს კარგად მოვემზადოთ. შვანგირაძე, ჯგერენაია, დეკანოიძე ტრავმირებულები იყვნენ და გუნდი არ იყოს სათანადოდ მომზადებული. იმედია, ამ ყველაფერს გამოვასწორებთ.

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საკმაოდ კარგი ტურნირი გამოვიდა. პირველი ორი თამაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ამ თამაშზე კი ბიჭებს გასახდელშივე ეტყობოდათ, რომ მოტივაცია და განწყობა არ ჰქონდათ, რადგან ეს შეხვედრა არაფერს ცვლიდა. დღევანდელ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ტურნირზე ჩვენი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი გამოცდილება მივიღეთ და კარგი თამაშები ვაჩვენეთ.

მგზავრები-არმია – ბათუმი 85:73

ანატოლი ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს და ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება.წარმატებებს ვუსურვებ მომავალში ჩვენს გუნდს. რაც შეეხება ტურნირს, ძალიან საინტერესო და კარგი ტურნირია, მადლობას ვეტყვი ფედერაციას მემორიალის ორგანიზებისთვის, ასეთი ტურნირები გუნდებს კონდიციების გასაუმჯობესებლად ძალიან ეხმარება.

ირაკლი მიქელაძე(,,ბათუმის’’ მოთამაშე): საკმაოდ კარგი ტურნირია და მეორე წრისთვის მომზადებაში ძალიან დაგვეხმარა. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. გუნდში ტრავმიანობაა და ჩვენი მარცხი, ძირითადად, ამან განაპირობა.

დინამო – შსს აკადემია 73:88

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მთელი სერიოზულობით ვემზადებოდით. ვფიქრობ, ჯგუფური ეტაპი ძალიან საინტერესო გამოვიდა ორივე ქვეჯგუფში, სანახაობრივი და საინტერესო თამაშები ვიხილეთ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს გუნდს, ორი ახალი მოთამაშე გვყავს და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით. დღეს ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა და პრობლემა გვქონდა. ,,დინამო’’ ლაშა გამყრელიძის გარეშე თამაშობდა და ჩვენზე სუსტი იყო დღეს, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოგვეგო. 2 დღეში ფინალი გვაქვს ქუთაისში ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მოვიგეთ.

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ეს ტუნირი  კარგი მოსამზადებელი ეტაპი გამოდგა. გარკვეული ხარვეზები გვქონდა, რაც ამ მემორიალზე ნათლად გამოჩნდა. წინ მნიშვნელოვანი თამაშებია და მზად უნდა შევხდეთ. მთავარია სასურველი შედეგი  და კარგი თამაში ჩემპიონატში ვაჩვენოთ.

რუსთავი – ქუთაისი 76:92

მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში,  ვულოცავ ჩვენს გუნდს ფინალში გასვლას.  დღეს ახალგაზრდებს  მივეცი თავის გამოჩენის საშულება. უკმაყოფილო ვარ დაცვაში თამაშით. რაც შეეხება ფინალს,  ვეცდებით ქუთაისში კარგი თამაში ვაჩვენოთ.

superleague.ge

“დინამო” მემორიალის გამარჯვებულია

დღეს სპორტკომპლექს “არენაში” ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალური შეხვედრა გაიმართა სადაც ერთმანეთს თბილისი “დინამო” და “სოხუმი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კი “არენაში” ჩამქრალი შუქი იყო. ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარ საათში აღდგა და ფინალური შეხვედრაც დაიწყო.
პირველივე წუთებიდან “დინამომ” აგრესიულად დაიწყო და მილოშევიჩის ძალისხმებით 6-0 დაწინაურდა. მეოთხედის დარჩენილ ტურებში თბილისელებმა უპირატესობის გაზრდა მოახერხეს და შესვენებაზე ათქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ – 26:16.

მეორე მეოთხედში “სოხუმმა” გამოიღვიძა და შესანიშნავი პერიოდი ჩაატარა. სოხუმელებმა დაცვაშიც და შეტევაშიც დაჯაბნეს მეტოქე და მეოთხედი 15 ქულის სხვაობით მოიგეს. “სოხუმის” რიგებში როგორც ყოველთვის გამორჩეული იყო ჯოშუა ჯექსონი. საბოლოო ჯამში დიდ შესვენებაზე გუნდები “სოხუმის” ხუთქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 38:43.

შესვენების შემდეგ კვლავ “დინამოს” დომინირება ვიხილეთ. მესამე პერიოდში თბილისელებმა “სოხუმი” ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და კვლავ დაიბრუნეს უპირატესობა. ბრწყინვალე იყო მილოშევიჩი. ჩერნოგორიელს კარგი პასებით გამყრელიძე ამარაგებდა. ამ დუეტს არც ბესო ლეჟავა ჩამორჩა, რომელიც საჭირო დროს აგდებდა მნიშნველოვან ბურთებს. მეოთხედი დინამომ 11 ქულიანი სხვაობით მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ ხუთქულიანი უპირატესოვა მოიპოვა.

მეოთხე პერიოდი ამ შესანიშნავი მატჩის ყველაზე გემრიელი ლუკმა იყო. თანაბარი თამაში და მხოლოდ ბოლო წუთზე გარკვეული გამარჯვებულის ბედი. ჯექსონთან ერთად “სოხუმის” შემადგენლობაში სიმენსიც აქტიურებოდა, თუმცა მილოშევიჩს დღევანდელ ფინალში ვერავინ ვერ აჯობა. სწორედ მონტენეგროელის თამაშმა განაპირობა “დინამოს” დღევანდელი გამარჯვება. მილოშევიჩმა ორმაგი დუბლი გაიფორმა 33 ქულას 11 მოხსნა დაუმატა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.
2013 წლის ბოლო მატჩი “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა – 80:75.

სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=16&gameID=35189&lng=en

მატჩის შემდეგ

ირაკლი ხოშტარია (დინამო): მადლობა ჩემს ბიჭებს ბრძოლისთვის და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ყოველთვის ვამბობდი, რომ “სოხუმი” წელს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება და დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.
მეორე მეოთხედში ჩავარდნა გვქონდა, მიუხედავად ამისა შევძელით თამაშის გამოასწორება და დამსახურებულად მოვიგეთ.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): დინამოს ვულოცავ ამ გამარჯვებას. კარგი თამაში გამოვიდა და მოწინააღმდეგემ დამსახურებულად მოიგო.

სტევან მილოშევიჩი (დინამო): მადლობა “სოხუმს” კარგი თამაშისთვის. თამაშს რაც შეეხება, მეორე პერიოდი სუსტად ჩავატარეთ, მაგრამ მერე კვლავ დავიბრუნეთ უპირატესობა და გამარჯვებასაც მივაღწიეთ. სასიხარულოა თასის მოგება, მაგრამ ამაზე არ გავჩერდებით. სხვა ტიტულების მოპოვებასაც ვაპირებთ.

ჯოშუა ჯექსონი (სოხუმი): ვულოვავ დინამოს. საუკეთესო თამაში აჩვენეს და დამსახურებულად მოიგეს. მაგრამ მსაჯობაზე უნდა ვთქვა აუცილებლად. მესამე მეოთხედის მესამე წუთიდან მსაჯმა მხოლოდ ერთი ჯარიმა დააფიქსირა ჩემზე. ასე არ შეიძლება. აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს ფედერაციაში. ანალოგიური სიტუაცია იყო ბათუმში იგივე მსაჯის “შესრულებით”. მატჩის ბოლოს ვუთხარი კიდევაც რომ ის ცდებოდა. თუმცა, ეს არ აკნინებს “დინამოს” წარმატებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ მოწინააღმდეგეს ამ გამარჯვებას.

მეხუთე ადგილი:  “ოლიმპი” – “შსს აკადემია” – 80:52

მესამე ადგილი: “რუსთავი”-“არმია” 64:66

ოლიმპიურ ჩემპიონებს იხსენებენ ჩემპიონები

 24 დეკემბერს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ფინალია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების სახელობის ტურნირი 2006 წლიდან იმართება. ამ ორ კალათბურთელს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარსდგენა არ სჭირდება – ვისაც კალათბურთი უყვარს, არ შეიძლება, ქორქიას და საკანდელიძის თამაშიც არ უყვარდეს. ქართველ კალათბურთელთაგან ამ სპორტსმენებმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს – საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

ქართული საკალათბურთო სამყაროს 2 ბრწყინვალე წარმომადგენელი ერთ წელს დაიღუპა. 2006 წლიდან კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით მათი ხსოვნის ტურნირი იმართება. დღეს ფინალია, მიხეილ ქორქისა და ზურაბ საკანდელიძეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ – ჩვენ კი იმ ადამიანებს მოვუსმინოთ, რომლებიც ამ დიდი მოთმაშეების თანამედროვეები, თანაგუნდელები და მეგობრები იყვნენ. ზურაბ საკანდელიძესა და მიხეილ ქორქიას ცნობილი ვეტერანები – ლევან მოსეშვილი, ამირან სხიერელი და გივი ბიჭიაშვილი იხსენებენ…

ტურნირის შესახებ

გივი ბიჭიაშვილი: მისასალმებელია, ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალის ჩატარება, თან სპორტული თვალსაზრისითაც – მნიშვნელოვანი. სასიხარულოა, რომ  ამ ტურნირმა უკვე  სათანადო ადგილი დაიკავა ქართული კალათბურთის ისტორიაში. მემორიალში ყოველთვის  მონაწილეობენ წამყვანი გუნდები,  რეგიონის გუნდებისთვის კი ამ ტურნირში მონაწილეობა ფინანსებზეადამოკიდებული. რა თქმა უნდა, სასურველია ეს ტურნირი ქუთაისში ტარდებოდეს, ვინაიდან ჩვენი სახელოვანი სპორტმიშა ქორქი და ზურაბ საკანდელიძე  ქუთაისელები არიან  და ცხადია, მემორიალის იქ ჩატარებას სულ  სხვანაიარი აჟიოტაჟი ექნებოდა, თუმცა ესყველაფერიც ფინანსებთან არის დაკავშირებული.  

 ღმერთმა ქნას, რომ მემორიალს შემდეგში  საერთაშორისო ტურნირის სახე მიეცეს.  ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია უმაღლესი დონის კალათბურთელები იყვნენ და სასურველია, ამ ტურნირის უფრო ფართო მასშტაბით ჩატარება. საკანდელიძე და ქორქია ამას ნამდვილად იმსახურებენ.  მაქსიმუმ 2 გუნდიც რომ ჩამოვიდეს შესანიშნავი იქნება. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის გუნდები, რომლთაც კარგად ახსოვთ ეს ორი ბრწყინვალე კალათბურთელი. საბოლოოდ აქაც ფინანსებზე მივედით, თუმცა რასაკვირკველია, რომ ამით ეს ტურნირი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

ამირან სხიერელი: ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ამ ორი ღირსეული სპორტსმენის უკვდავსაყოფად წლებია, უკვე ეს ტურნირი იმართება. ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნოა როგორც მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჩვენთვის, მათი მეგობრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ფედერაცია არ ივიწყებს მათ სახელს და ამ ორი დიდი კალათბურთელის სახელობის მემორიალს ატარებს.

ლევან მოსეშვილი: თავისთავად ყველა შეჯიბრი კარგია ახალგაზდებისთვის, იღებენ გამოცდილებას, ოსტატდებიან… მაყურებლებისთვისაც შესანისნავია. დასანანია,  რომ ასე ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ რას იზავ.

ოლიმპიური ჩემპიონები

გივი ბიჭიაშვილი: მე და მიხეილ ქორქია ერთად ვთამაშობდით საქართველოს პირველობაზე და მერე “დინამოში” ერთად მივედით. საკანდელიძე ჩვენზე უფროსი იყო და ის უკვე გუნდში თამაშობდა. მასთან ერთად “დინამოში” უფროსი თაობა დაგხვდა – გურამ მინაშვილი, ანზორ ლეჟავა…  ძალიან გვეამაყებოდა მათთან თამაში. ამდენი წლები ერთად ვასპარეზობდით და ერთად ვიყავით სულ.  მათ დავახასიათებდი როგორც უმაღლესი დონის კალათბურთელებს. ძალიან კარგი მეგობრობა და ურთიერთობა გვქონდა, სპორტულ არენაზეც და მის მიღმაც.  მიხეილ ქორქია ძალიან ბრძოლისუნარიანი იყო. არასდროს ნებდებოდა, კბილებით იბრძოდა და ამით თანაგუნდელებს დიდ სტიმულს გვაძლევდა.

ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოვიარეთ.  წლების მანძილზე ერთად ვთამაშობდით და კარგად გვესმოდა ერთმანეთის. სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე იყო კამათიც, მაგრამ კალათბურთისთვის არასდროს  გვიღალატია. მიშა უფრო ცეცხლი იყო, საკანდელიძე შედარბით რბილი, მაგრამ ბრწყინვალეკალათბურთელი.  მისი დონის მოთამაშე არ გვყოლია. სასწაული იყო.

ლევან მოსეშვილი: საერთოდ, ოლიმპიადის იდეა ეკუთვნის ფრანგ საზოგადო მოღვაწეს, კუბერტენს. ოლიმპიადაში მონაწილეობა ითვლება სპორტსმენისთვის უდიდეს წარმატებად და მედლების აღება ხომ საერთოდ ნებისმიერისთვის საოცნებოა. ქართული კალათბურთის ისტორიაში კი სულ რამდენიმე კალათბურთელს აქვს მოპოვებული ოლიმპიური მედლები. პირველები იყვნენ ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია (1952წ. მელბურნი), რომლებმაც  მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. შემდეგ, 1960 წელს, გურამ მინაშვილმა და ვლადიმერ უგრეხელიძემ აიღეს რომის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები. 1964 წელს ტოკიოში მე გახლდით მარტო და ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. მოსკოვის ოლიმპიადაზე ნიკოლოზ დერუგინმა მესამე ადგილი აიღო. მანამდე კი იყო მიუნხენის ოლიმპიადა,  სადაც მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე  ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

განსაკუთრებული და ღირშესანიშნავი კი ის იყო, რომ მათ არამარტო სტატიკური ადგილი ჰქონდათ  გუნდში, არამედ დიდი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში და სწორედ ამიტომ იყვნენ დაფასებულნი არამარტო ჩვენთან, არამედ არაერთ საკალათბურთო ქვეყანაში. 

ამირან სხიერელი: ზურიკოთბილისის ,,დინამოში” 1963 წელს აიყვანეს, მაშინ ,,დინამოს” მწვრთნელი ოთარ ქორქია იყო. მე 4 წლით მასზე უფროსი ვიყავი და გუნდში დავხვდი. ის იყო წარმატებული ახალგაზრდა, რომელიც ქუთაისის გუნდში გამორჩეულად კარგი თამაშის გამო ,,დინამოში” მოიწვიეს. ის თამაშობდა უფროსი თაობის გვერდით, ისეთ კალათბურთელებთან როგორებიც იყვნენ ანზორ ლეჟავა, გურამ მინაშვილი, ალექსანდრე კილაძე(შურიკა), ლევან ინწკირველი, ლევან მოსეშვილი…ზუსტად ამ მოთამაშეებით დაკომპლექტებული ევროპის თასის მფლობელი ,,დინამო” იწვევს 17 წლის ზურაბ საკანდელიძეს. ამ კალათბურთელების გვერდით ვარჯიში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი  იყო.

რაც შეეხება მიშას, ის უფრო გვიან, 1966 წლის ბოლოს მოვიდა და ზურა უკვე გუნდში თამაშობდა. ორივე სასწაული პიროვნება იყო, არაჩვეულებრივი სისწრაფის მქონე. ზურა იყო ძალიან შემტევი მოთამაშე. ქორქია უფრო ტანმაღალი და, შესაბამისად, ნაკლებად სწრაფი. ორივეს მებრძოლი ხასიათი ჰქონდა, ნამდვილი მეომრები გახლდნენ და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ.  მოედანზე ნამდვილი ფენომენები იყვნენ და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი კალათბურთელები ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

მოგონებები

გივი ბიჭიაშვილი:  ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება მახსოვს…  უკრაინაში ვიყავით სპარტაკიადაზე. მაშინ  უკრაინა საჩემპიონო გუნდი იყო და წესით ჩემპიონიც უნდა გამხდარიყო . ჩვენ ფავორიტები არ ვიყავით.  ოთხეულში უნდა შევსულიყავით, ან 5-6 ადგილებისთვის  გვებრძოლა.  პლეიოფში შევხვდით უკრაინას. 14 ქულას ვაგებდით. მაშინ სამქულიანი არ იყო და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ადვილი არ იყო. მთავრდებოდა მეორე ტაიმი, (იმ დროს  4 პერიოდი არ იყო) 10-12 წუთი რჩებოდა და უცბად რაღაც დაგვემართა.  გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა და გაგვემარჯვა. ბურთი არ ავაცილეთ და ზღაპარი თამაში მოვიგეთ. სასწაულ გადაცემებს აკეთებდა მიშა.  ბრწყინვალედ ითამაშა, მეც არანაკლებ  ავუბი მხარი და საბოლოდ  მე-3 ადგილზე გავედით.

 შემდეგ  იყო ლენინგრადის “სპარტაკთან” შესანიშნავი თამაში. იმ დროს  “ჟალგირისი” იმდენად არ ბრწყინავდა, “სპარტაკი” კი ძალიან ძლიერი გუნდი იყო.  ქორქია არ ყრიდა ფარ-ხმალს და სულ ბროლომდე იბრძოდა, ემოციური იყო. როგორც უკრაინაში, “სპარტაკთანაც” სასწაულებრივ მოვიგეთ. მიშა დაუღალავი იყო, ლიდერი. მიდიოდა  და  ჩვენც მივყვებოდით.

 საკანდელიძე იყო საოცრად აკადემიური კალათბურთელი. მას შინაგანად, ღმერთისგან ბოძებული  ჰქონდა  კალათბურთის კულტურა და ნიჭი. ქორქია ნავარჯიშები იყო, “საკო” (საკანდელიძის მეტსახელი)  ბუნებრივად იყო ასეთი.  მის სიტყვას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის კალათბურთელად იყო დაბადებული. გამოვიდოდა მოედანზე და ყოველგვარი ვარჯიშების გარეშე ყველაფერი გამოსდიოდა. ისეთი ნიჭიერი იყო, მოედანზე ნამდვილ სპექტაკლებს დგამდა. არავითარი მონახაზი – მის გარეშეც იცოდა საით  წასულიყო, როგორ წაერთმია მეტოქისთვის ბურთი. საქართველოს ისტორიაში ასეთი კალათბურთელი არ გვყოლია, “საკო” იყო ფენომენი. დღესაც არ გვყავს ასეთი მოთამაშე. მიუნხენის ოლიმპიადაზე ისეთ  სასწაულებს აკეთებდა, მე თვითონ მიკვირდა ხოლმე. რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ დღევანდელ კალათბურთს, მაგრამ ის  განუმეორებელი იყო – როგორც პავაროტი და კარუზო კულტურის სფეროში.

ლევან მოსეშვილი: ორივენი ჩემი მოწაფეები იყვენენ და ამასთან ოჯახებით საკმაოდ ახლოს ვიყავით. ისინი დროს გასწრებული კალათბურთელები იყვნენ.  საკანდელიძე თამაშობდა პირველ ნომერზე და თავისი თამაშით ახლა ნბა-ს რომლიმე გუნდში თავისუფლად იასპარეზებდა. რაც შეეხება მიხეილ ქორქიას, არ იყო ძალიან მაღალი,  ჩემი სიმაღლის, 196 სმ გახლდათ.  მასაც ისეთი ბუნებრივი მონაცემები ჰქონდა, რომ შეძლებდა ნბა-ში თამაშს, ოღონდ სათამაშო ამპლუა უნდა შეეცვალა, მაშინ 4 ნომერს თამაშობდა, ახლა  2 ნომერი უნდა  ეთამაშა.

ორივე ერთი მწვრთნელის გაზრდილი იყო. ისინი სახელოვანი და სახელგანთქმული  სულიკო თორთლაძის მოსწავლეები იყვნენ და შემართება, პატრიოტიზმი თუ თავდადება ნამდვილად  არ აკლდათ. ძალიან ბევრ ამერიკელ კალათბურთელებზე მაღლა დადგებოდნენ  და მათი სახით არამარტო ქართულმა კალათბურთმა, არამედ მსოფლიომ ბევრი დაკარგა.

სხვადასხვა დროს, ორივე იყო გუნდის კაპიტანი თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრებში. ორივე იყო ლიდერი და რაც კარგი, თუ ავი ხდებოდა, “დინამოს” გარშემო მთავარი როლი მათ ჰქონდათ.

მათ მხოლოდ ოლიმპიადა არ მოუგიათ. ზურაბ საკანდელიძე ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია საბჭოთა კავშირში და საქართველოში. მას მოგებული აქვს მსოფლიო პირველობა, 4 ევროპის ჩემპიონატი, ბევრი სხვადასხვა ტურნირი, რომელიც ხშირად ტარდებოდა ევროპის  ქვეყნებში. მიხეილ ორქისაც აუარება ტიტულები აქვს, თუმცა,  შესაძლოა მსაკანდელიძეზე ოდნავ ნაკლები.

მათი ჯილდოები არის შესაკრები და მუზეუმში შესანახი, რათა ახალგაზრდა თაობამ ნახოს ეს ყველაფერი. ეს ჯილდოები ტურნირის დროს უნდა გამოიფინოს დარბაზში, კარგად დაცული უნდა იყოს და ახალგაზრდები ხედავდნენ ამ საოცნებო მედლებსა თუ თასებს.

უდიდესი ტრაგედია იყო, როცა საკანდელიძის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ. მიხეილ ქორქია სპორტის სახალეში მის დაკრძალვას ესწრებოდა, ვერ გამოიყურებოდა კარგად. ნანერვიულებიც იყო და მიჰყვა კიდევაც მალევე.  მათი დაკარგვით დიდი დანაკლისი განიცადა კალათბურთმა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა,  მათმა ოჯახებმა.

http://gbf.ge

დინამო ფინალში სოხუმს დაუპირისპირდება

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორილის ფინალში “დინამო” და “სოხუმი” დაუპირისპირდებიან. ამ გუნდებმა დღეს მორიგი მატჩები მოიგეს, თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს და სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალური ტურნირი 2006 წლიდან იმართება, თუმცა იგი ამ გუნდებს ჯერ არ მოუგიათ. “სოხუმმა” და “დინამომ” სუპერლიგის პირველი წრე დამაჯერებლად ჩაატარეს და მეორიალზეც ფავორიტებად ითვლებოდნენ. ის, თუ რომელ გუნდს დარჩება თასი, 24 დეკემბერს გაირკვევა.

“დინამო” ფინალში “სოხუმზე” შედარებით იოლად გავიდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის ორივე მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა. დინამოელებმა ჯერ “რუსთავს” მოუგეს, დღეს კი 20-წლამდელთა გუნდით მოთამაშე “შსს-აკადემია” დაამარცხეს. მატჩის შედეგი წინასწარ იყო ცნობილი – სუპერლიგის ლიდერი რომ 20-წლამდელთა გუნდთან არ დამარცხდებოდა, ყველამ კარგად იცოდა.

“შსს-აკადემიის” ახალგაზრდა თაობის წამომადგენლებმა დიდი გამოცდილება მიიღეს სუპერლიგის წამყვანი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშით. “დინამომ” პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და შემდეგ მოედანზე ძირითადად სათადარიგოები შეუშვა. ხოშტარიას გუნდმა საბოლოოდ 91:59 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმა.

გამარჯვებულებს 19 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა, 16 დააგროვა სტევან მილოშევიჩმა, ხოლო სერბმა მილოშ პეშიჩმა დინამოელებს 14 ქულა შესძინა. აკადემიელთაგან გამოსარჩევია შოთა გელაზონიას კარგი თამაში, რომელიც რიგ მომენტებში ტოლს არ უდებდა “დინამოს” ლეგიონერ ოპონენტ მილოშევიჩს. გელაზონიამ 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, მისმა თანაგუნდელმა ლევან გორდულაძემ კი – 14. აღსანიშნავია ერეკლე ლორთქიფანიძის 4 სამქულიანი და შესაბამისად მოგროვებული 12 ქულა.

მეორე ფინალისტი დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. “არმია” და “სოხუმი” ერთმანეთს ჯგუფში პირველი ადგილისთვის შეხვდნენ. ეს გუნდები დაახლოებით ერთი დონისანი არიან და ვარაუდი, რომ დაძაბული და საინტერესო ბრძოლას გამართავდნენ, გამართლდა.

ორივე გუნდი დაცვაზე იყო ორიენტირებული და პირველ მეოთხედში მთლიანობაში მხოლოდ 21 ქულა გაკეთდა: “არმიამ” 11:10 იმარჯვა. მეორე მეოთხედში “სოხუმი” დაწინაურდა, თუმცა მცირედით და საერთო ჯამში, ბოლო მეოთხედამდე, შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ სოხუმელები 47:46 იგებდნენ და თითქოს ბოლომდე ასეთი თანაბარი ბრძოლა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა სწორედ გადამწყვეტ ეპიზოდში მოახერხა მობილიზება. ჯოშუა ჯექსონისა და ჯერემი საიმონსის ძალისხმევით “სოხუმმა” მოახერხა მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა და ბოლო მეოთხედის საწყის 5 წუთში სოლიდური გარღვევა მოაწყვეს. აღნიშნული მონაკვეთი სოხუმელებმა 11:0 მოიგეს და 58:46 დაინაურდნენ. დარჩენილ დროში გააზრებული თამაშის წყაობით “სოხუმმა” უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 68:58 გაიმარჯვა.

“სოხუმს” ულიდერა ჯოშუა ჯექსონმა, რომელიც თავის გუნდში ერთადერთი იყო, რომელმაც საკუთარი მონაგარი ორნიშნა რიცხვით გამოხატა – 29. ამერიკელი ჯერემი საიმონსის ანგარიშზე 9 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. “არმიაში” 17 ქულა ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, ბუბა კვიმსაძისა და გიორგი ჯგერენაიას ანგარიშზე კი 11-11 ქულაა.

ფინალი 24 დეკემბერს სპორტკომპლექს “არენაში” 17:00 გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დინამო – შსს აკადემია  91:59

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ ფინალში გასვლას, ძლიერი გუნდია და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბიჭებისთვის უდიდესი გამოცდილება იყო მილოშევიჩთან, კარტერთან, პესიჩთან და ასეთი დონის სხვა მოთამაშეებთან თამაში, ამით კლასს უფრო აიმაღლებენ და ეს მომავალში ძალიან გამოადგებათ.

 

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ დუბლ-შემადგენლობას ვეთამაშეთ და ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია, ერთადერთი პრობლემა იყო დარბაზში სიცივე, ფედერაციამ ამას აუცილებლად უნდა მიაქიოს ყურადღება. რაც შეეხება ფინალს, ველოდები თამაშს, სადაც გაირკვევა ჩვენი მეტოქე, ორივე ძლიერი გუნდია და საინტერესო შეხვედრა გველის.

არმია-სოხუმი  58:68

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ”სოხუმს” გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ ფინალში. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ღირსეულად იბრძოლა, თუმცა ერთ ეპიზოდში ჩავარდნა მოგვივიდა, ”სოხუმი” კი ძლიერი გუნდია და ბუნებრივია, შეცდომა არ გვაპატია. წინ უამრავი მატჩი გველოდება, სეზონი გრძელია და მაქსიმალურად გამოვასწორებთ ჩვენს  შეცდომებს.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ,,არმიას’’ წელს მესამედ შევხვდით, ორი თამაში მოგებული გვქონდა და მოსალოდნელი იყო, რომ დღეს გაგვიჭირდებოდა. არმია აწყობილი მექანიზმია, კარგი კალათბურთელებით დაკომპლექტებული და საქართველოში დღესდღეისობით საუკეთესო პირობები და ბაზა აქვთ. რაც შეეხება ,,დინამოს’’, სერიოზული ფინალი გველის, ძლიერი ლეგიონერები ჰყავთ, მათაც ძალიან აწყობილი და დალაგებული გუნდი აქვთ და ვეცდებით, ამ მექანიზმს დავუპირისპირდეთ. წინ ერთი დღე გვაქვს, დავისვენებთ და დღევანდელ ხარვეზებს გავაანალიზებთ.

http://superleague.ge

მემორიალზე ოლიმპი სოხუმს გაუძალიანდა, რუსთავმა კი შსს დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირზე მეორე სათამაშო დღე მიილია, თუმცა ფინალისტები არ გამოვლენილან. ამ კითხვაზე პასუხს ხვალინდელი მატჩები გასცემენ, რის შემდეგაც ჯგუფები გუნდები ადგილებს გაინაწილებენ.

სოხუმი – ოლიმპი   81:72           რუსთავი – შსს აკადემია   69:57

სრული სტატისტიკის სანახავად დააჭირეთ ანგარიშს

ფინალში გასვლისთვის ერთმანეთს “სოხუმი” – “არმია” შეხვდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული “ბ” ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და მემორიალის სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. რაც შეეხება “ა” ჯგუფს, ოფიციალურად არაა გადაწყვეტილი, თუმცა სასწაული უნდა მოხდეს, რომ ფინალში “დინამო” ვერ გავიდეს. ხვალ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში “დინამო” დღეს “რუსთავთან” დამარცხებულ “შსს-აკადემიას” ხვდება და ამ უკანასკნელს მინიმუმ 20 ქულით გამარჯვება ესაჭიროება, პირველი ადგილი რომ დაიკავოს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “შსს-აკადემია” მემორიალზე 20-წლამდელთა გუნდით ასპარეზობს, “დინამოს” დამარცხება, თან დიდი სხვაობით, ფაქტობრივად შეუძლებელია. აკადემიელები ტურნირში 20-წლამდელებით იმის გამო გამოდიან, რომ ძირითადმა გუნდმა შეკრება დაგეგმა და რაკი მონაწილეობის სურვილი წინასწარ ჰქონდა დაფიქსირებული,  იძულებული გახდა, მემორიალზე დუბლშემადგენლობით გამოსულიყო.

რაც შეეხება დღეს გამართულ პირველ შეხვედრას, მასში ერთმანეთს “ბ” ჯგუფის წარმომადგენლები – “სოხუმი” და “ოლიმპი” შეხვდნენ. დავით თორთლაძის გაწვრთნილ ოლიმპელებს რიჩარდ მათიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო შეხვედრა ოქტომბერში, დუდუ დადიანის მემორიალზე ჩაატარა და მაშინ მომხდარი ინციდენტის გამო 10 თამაში გამოტოვა. მათიაშვილის დაბრუნება “ოლიმპს” აშკარად დაეტყო: გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტ “სოხუმს” ღირსეულად ებრძოლა და გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა.

სოხუმელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა “ოლიმპი” მათ წინ დამაჯერებლად გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. ირაკლი ჩლაიძისა, რატი ბააკაშვილის და ლეგიონერების – ჯერემი საიმონისა და პეტარ ივანიჩის ძალისხმევით სოხუმელებმა ბოლო მეოთხედის შუაწელში 15-ქულიანი ლიდერობა (75:60) მოიპოვეს. თითქოს ყველაფერიც აქ გადაწყდა, მაგრამ “ოლიმპი” ისე ათამაშდა, რამდენიმე ტუთში ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მათიაშვილის, ირაკლი გულისაბედაშვილის და ირაკლი მიქელაძის სამქულიანების წყალობით თორთლაძის გუნდმა 3-წუთიანი მონაკვეთი 12:0 მოიგო და შეხვედრის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე მეტოქეს 72:75 მიუახლოვდა.

სოხუმელები წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ, თუმცა მობილიზება დროულად მოახერხეს და დარჩენილ დროში ჯოშუა ჯექსონისა და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით გამარჯვების მოპოვება შეძლეს – 81:72. “სოხუმში” 20 ქულა-11 მოხსნით ჯერემი საიმონსი გამოირჩა, 13-13 ქულა კი ივანიჩმა და ჩლაიძემ მიითვალეს. “ოლიმპში” 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო მათიაშვილი იყო, 12-12 ქულა კი გულისაბედაშვილმა და რევაზ ათანელიშვილმა მოაგროვეს

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ბიჭები თავიდანვე მოშვებულები იყვნენ, ამიტომ ბოლოს თამაში უფრო დაიძაბა. დღეს კარგად გამოჩნდა, რამხელა ძალაა მათიაშვილი ,,ოლიმპისთვის’’, ძალიან კარგად იასპარეზა, მაგრამ ალბათ მაინც ჩვენ უნდა მოგვეგო. ხვალ კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრა გველის ,,არმიასთან’’ და მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისთვის.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):  მთელი გუნდისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ რიჩარდ მათიაშვილი დაგვიბრუნდა. ეს ჩვენს თამაშსაც დაეტყო, თუმცა შეხვედრა არ იყო ძალიან დაძაბული, სოხუმმა იცოდა, რომ მოიგებდა და ბოლოს მოეშვა, ამის ხარჯზე მოვახერხეთ ანგარიშის შემცირება.

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მწვრთნელი):  შსს აკადემია ახალგაზრდა გუნდია, რომელმაც სხვათა შორის კარგი კონკურენცია გაგვიწია. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სადაც საკმაოდ დიდი მობილიზება დაგვჭირდა სასურველი შედეგის მიღწევისთვის.  რაც შეეხება მემორიალს, ვფიქრობ კარგი იქნება თუ  მას საერთაშორისო სახე მიეცემა.

 გიორგი ნიკოლაძე (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): მოგეხსენებათ მემორიალში დუბლშემადგენლობით გამოვდივართ და ეს ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამოცდილებაა. თამაშით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და  უმაღლესი ლიგის გუნდთან 12 ქულა წააგეს.

რაც შეეხება  სუპერლიგაში მოასპარეზე გუნდს, ამჟამად შეკრებას გადის  შსს აკადემიაში. იგეგმება გარკვეული ცვლილებები – ზოგი დატოვებს გუნდს, ზოგიც დაგვემატება. მაქსიმალურად ვემზადებით საქართველოს თასის გათამაშებისთვის და ამიტომ ვარჩიეთ მემორიალში მონაწილეობა დუბლშემადგენლობით მიგვეღო.

ხვალ, 22 დეკემბერს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 2 მატჩი გაიმართება:

დინამო – შსს აკადემია  16:00   

არმია – სოხუმი    18:00

http://gbf.ge/

მემორიალის პირველი დღე: დინამომ და არმიამ იოლად იმარჯვეს

ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი დღეს საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო. გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი იღებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. გუნდები ჯგუფში 2 მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც პირველ ადგილებზე გასულნი ფინალში იასპარეზებენ, ასევე გათამაშდება მე-3 და მე-5 ადგილები.
რუსთავი – დინამო  62:88
პირველ ტურში 2 მატჩი გაიმართა და დაძაბული არც ერთი არ გამოდგა. 13:00 საათზე დაიწყო “დინამოსა” და “რუსთავის” დაპირისპირება, რომელიც მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო საინტერესო, სანამ დინამოელები თამაშს დაალაგებდნენ. მეორე პერიოდში ირაკლი ხოშტარიას გუნდმა დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და თუკი საწყისი 10-წუთეული მხოლოდ 4 ქულით მოიგო, მეორეში 26:11 იმარჯვა.
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. დინამოელებმა კიდევ უფრო გიმყარეს ლიდერობა და ბოლო პერიოდში მოედანზე სათადარიგოები გამოჩდნენ. ნამატჩვს რუსთაველთა მწვრთნელმა, ოთარ ხმელიძემ აღიარა, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, მის გუნდს ამბიცია არ გააჩნია და აღნიშნულ ტურნირში კალათბურთელთათვის გამოცდილების მისაღებად მონაწილეობს.
საბოლოოდ დინამოელებმა 88:62 იმარჯვეს, რაშიც ყველაზე მოზრდილი წილი21 ქულით ამერიკელმა ქიან კარტერმა დაიდო. შედეგიანი იყო მეორე ლეგიონერი, სერბი მილოშ პეშიჩი, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ჩენროგორიელმა სტევან მილოშევიჩმა კი დინამოელებს 12 ქულა შესძინა. რუსთველთაგან საკუთარი მონაგარი ორციფრიანი რიცხვით მხოლოდ ქაქუცა აბაიშვილმა გამოხატა – 13 ქულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ქუთაისთან წაგების შემდეგ განვიხილეთ შეცდომები. დღეს ერთგვარად სავარჯიშო თამაში იყო. გვინდა, რომ ღირსეულად დავამთავროთ წლევანდელი წელი და ამ ტურნირზეც, ისევე როგორც ყველგან, მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ჩვენ არ ვართ იმ დონის გუნდი, რომ ,,დინამო’’ დავამარცხოთ. ამ შეხვედრებს ვიყენებთ იმისთვის, რომ გუნდმა სათამაშო გამოცდილება მიიღოს და დღევანდელმა თამაშმაც ეს მისია კარგად შეასრულა. ვითამაშეთ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც ,,დინამოა’’, დავინახეთ ჩვენი მინუსები, რომლის გამოსწორებაზეც ახალი წრის დაწყებამდე ვიმუშავებთ.

 

ოლიმპი – არმია  52:73

მეორე შეხვედრა შედარებით საინტერესო აღმოჩნდა, რაშიც მისი პირველი ტაიმი იგულისხმება. აღნიშნულ პერიოდში “ოლიმპი” ჩინებულად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და “არმიას” თამაშის დაწყებიდან კარგა ხნის მანძილზე უგებდა. შეხვედრის საწყის 5 წუთში არმიელებმა ბურთი ვერ ჩააგდეს და 0:8 აგებდნენ, პირველი მეოთხედი კი 12:16 დათმეს და ქულათა უმეტესობა პერიმეტრსმიღმიდან განხორციელებული სროლებით მოიპოვეს.

 

მეორე მეოთხედიდან არმიელებმა ძალთა კონცენტრაცია ფარქვეშ მოახდინეს და სამწამიანში გაბატონებას რამდენიმე წუთი მოანდომეს. კარგად ჩაერთო თამაშში გიორგი ჯგერენაია, ასევე ჟოლივეტ ტუჯანი, რომლებიც ოლიმპელებს ფარქვეშ ბევრ პრობლემებს უქმნიდნენ. პირველი ტაიმის შუაწელში “არმიამ” ჩამორჩენა გააბათილა და იმდენად კარგად ათამაშდა, ტაიმის ბოლომდე უპირატესობა 10 ქულმდე გაზარდა – 36:26.
თუკი “ოლიმპს” ამ შეხვედრის მოგების პრეტენზია ჰქონდა, მესამე მეოთხედში უნდა ეყოჩაღა, მაგრამ პირიქით მოხდა – საკვანძო პერიოდში კვლავ არმიელებმა იძალეს და 10-წუთეულის 22:14 მოგებით ბოლო შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. დარჩნილ დროში “ოლიმპი” რომ თამაშს ვეღარ გადაარჩენდა, ცხადი გახდა და მწვრთნელმა მოედანზე გუნდის ახალგაზრდა წევრებს უხმო.
“არმიამ” მემორიალის პირველი მატჩი 73:52 მოიგო და თუკი 22 დეკემბერს “სოხაუმსაც” სძლევგს, მემორიალის ფინალში გავა. არმიელთაგან ბომბარდირი 16 ქულის მიმთვლელი გიორგი ჯგერენაია გახდა, 11 გიორგი შარაბიძემ დააგროვა, 10 კი ტრავმამოშუშებული მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. “ოლიმპის” შემადგენლობაში საუკეთსო შედეგი (14 ქულა) დავით ხიზანიშვილმა აჩვენა, 11 ქულა დააგროვა ირაკლი გულისაბედაშვილმა, ხოლო ნოდარ თენიეშვილმა ოლიმპელებს 10 ქულა შესძინა.
მორიგი მატჩები აკადემიის დარბაზში ხვალ, 21 დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს და მატჩებს III და V ადგილებისთვის, მათ 24 დეკემბერს სპორტკომპლექსი “არენა” უმასპინძლებს.

 მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ჩვენ და ,,არმია’’ სრულიად სხვადასხვა შესაძლებლობების გუნდები ვართ, მეტოქე ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო და შედეგიც ლოგიკურია. თუმცა როგორც შეგვეძლო, წინაარმდეგობა გავუწიეთ. აღვნიშნავ, რომ დღეს რიჩარდ მათიაშვილმა ბოლო შეხვედრა გამოტოვა, მისი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ამოიწურვას მთელი გუნდი ველოდით და მისი სახით დიდი ძალა დაგვიბრუნდება.

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): ამ მემორიალს ყველა გუნდი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირია. ბოლო თამაშები არც ისე დამაკმაყოფილებლად ჩავატარეთ, ზოგიერთში დავმარცხდით კიდეც, ასე რომ ვცდილობთ ფორმაში შევიდეთ, უფრო ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. შემდეგი თამაში ,,სოხუმის’’ წინააღმდეგ გვიწევს, უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ,,ოლიმპი’’ და თუკი მათი დამარცხება გვინდა, ბევრად უკეთ უნდა ვიასპარეზოთ.

21 დეკემბერი. საკალათბურთო აკადემია
სოხუმი – ოლიმპი              16:00
რუსთავი – შსს აკადემია   18:00

gbf.ge