ხორვატმა ფეხბურთელმა მარიო მანჯუკიჩმა 35 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე დაკიდა.
მანჯუკიჩის პროფესიონალური კარიერა 17 წელს ითვლის. მისი პირველი კლუბი “მარსონია” გახლდათ, რომლის პირველ გუნდშიც 2004 წელს ჩაირიცხა, შემდეგ იცავდა “ზაგრების”, ზაგრების “დინამოს”, “ვოლფსბურგის”, მიუნხენის “ბაიერნის”, მადრიდის “ატლეტიკოს”, ტურინის “იუვენტუსის”, “ალ-დუჰაილისა” და “მილანის” ღირსებას. ის ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 2007-2018 წლებში გამოდიოდა.
მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის სამგზის, გერმანიის ორგზის, იტალიის ოთხგზის ჩემპიონია, მან თითო-თითოჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. მანჯუკიჩი ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.