ქალთა ლიგა დასრულდა. ჩემპიონატის ფინალს დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს რუსთავის და ქუთაისის გუნდები შეხვდნენ.
რუსთავის ,,ვეჯინი’’, რომელმაც წინა სეზონზეც მოიგო ჩემპიონატი და რომელსაც ამ წლის გათამაშებაშიც წაგება არ ჰგონია, ფინალში ფავორიტად იყო მიჩნეული. თუმცა, ასეთ იოლ გამარჯვებას ალბათ თავადაც არ ელოდნენ – ,,ვეჯინმა’’ ,,ქუთაისი 64:20 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
რუსთაველებმა საგრძნობი უპირატესობა პირველივე ათწუთეულში მოიპოვეს, დიდი შესვენებისთვის ,,ვეჯინი’’ უკვე 24 ქულას იგებდა და ცხადი იყო, ქუთაისელები თამაშის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ. რუსთაველები გამარჯვებამდე მშვიდად და ყოველგვარი გართუელებების გარეშე მივიდნენ.
,,ვეჯინის’’ რიგებში საუკეთესო ნათია ფუტკარაძე იყო 13 ქულით და 7 მოხსნით, 12 ქულა ჰქონდა ხათუნა საჯაიას, 10 ქულა დაგროვდა ანა მაისურაძის ანგარიშზე, მარიამ ბაციკაძეს კი ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა – 9 ქულა, 10 მოხსნა.
რუსთავის გუნდი ოქროს მედლებით და სიგელებით ,,ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის’’ პრეზიდენტმა ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა. საჩემპიონო თასი ,,ვეჯინის’’ კაპიტანმა, ხათუნა საჯაიამ ჩაიბარა.
ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება ქალთა ლიგა – საქართველოს თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს დღევანდელი ფინალისტები შეხვდებიან.
რუსთავის ,,ვეჯინი’’ – ქუთაისი 64:20
ფინალამდე გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს ,,ახმეტა’’ და ზუგდიდი ,,კოლხი 2014’’ დაუპირისპირდნენ.
ზუგდიდელებმა თამაში თავიდანვე კარგად დაიწყეს და ლიდერობაც მოიპოვეს. პირველი ნახევრის შემდეგ ,,კოლხი 2014’’ 5 ქულას იგებდა, მესამე პერიოდში კი ლიდერობა 13 ქულამდე გაზარდა და თამაში ისე ჩამთავრდა, ,,ახმეტელებს’’ მატჩის შემობრუნდების საშუალება არ მისცემიათ. ზუგდიდელებმა მატჩი 62:51 მოიგეს.
გამარჯვებულებს 19 ქულით სოფიო შიშინაშვილმა ულიდერა, ორმაგი დუბლი ჰქონდა ვერონიკა კიკოტის – 18 ქულა, 27 მოხნსა, ორმაგი დუბლი შეასრულა ლიკა ქაჯაიამაც – 14ქულა, 13 მოხსნა.
,,ახმეტის’’ გუნდში 16ქულით და 13 მოხსნით ნინო მამუკელაშვილი გამოირჩა, ორმაგი დუბლი შეასრულა ელისო ზარავანდაშვილმა – 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 ქულა დაგროვდა თინა ხოხობაშვილის ანგარიშზეც.
ზუგდიდის გუნდი ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა.
ახმეტა – ზუგდიდი ,,კოლხი 2014’’ 51:62
superleague.ge