ნეიმარის აგენტი: „ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი არ უნდა იყოს სულელი ბებერი“

ნეიმარისა და დავიდ ლუისის აგენტმა ვაგნერ რიბეირუმ ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარის მემკვიდრე.

„ბრაზილიის ნაკრების მომდევნო მწვრთნელისთვის ექვსი მოთხოვნა მექნება: არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი პორტუგალიის ნაკრებში, სადაც არაფერი მოუგია; არ უნდა ჰქონდეს ლონდონის „ჩელსიში“ ნამუშევარი და შემდეგ იქიდან გამოძევებული. არ უნდა ჰქონდეს უზბეკეთში ნამუშევარი. არ უნდა ჰყავდეს ბრაზილიური კლუბების უმეტესობა დროის მოკლე პერიოდში მეორე დივიზიონში დაქვეითებული. არ უნდა იყოს სეზონის დასრულებამდე 56 დღით კლუბიდან წასული, რათა დაქვეითება თავიდან აეცილებინა; არ უნდა იყოს სულელი ბებერი, ამპარტავანი, საზიზღარი და სასაცილო“, – აღნიშნა რიბეირუმ.

ადვილი გამოსაცნობია, რომ აგენტმა ფარულად სკოლარის გაჰკრა კბილი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით 1:7 განადგურდა და ახლა მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს.