„ზესტაფონი“ ევროსარბიელს გამოეთიშა

საჩხერის „ჩიხურასგან“ განსხვავებით, „ზესტაფონმა“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. მარგველები სტუმრად ტრნავის „სპარტაკთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდნენ და ევროსარბიელს გამოეთიშნენ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

სლოვაკები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. გოლი მე-4 წუთზე „სპარტაკის“ კაპიტანმა მარეკ იანეჩკამ გაიტანა. მანვე 43-ე წუთზე ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა. შეხვედრის მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში „ზესტაფონის“ ბრაზილიელმა მცველმა რენე ფერეირამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და თურქმა მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმერიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ერიკ საბომ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა — 3:0.

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი:
„სპარტაკი“ ტრნავა — „ზესტაფონი“ 3:0 (პირველი მატჩი 0:0)

სპარტაკი“: რუსოვი, სივა, იანეჩკა (ხოვანეცი 83′), ბორტელი, ტოტი, ჩონკა, მიკოვიჩი (მიკინიჩი 79′), ვლასკო, კასადო, საბო, შრანცი (შპალეკი 76′).
მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

ზესტაფონი“: პავლოვიჩი, ღონღაძე (თედორე გრიგალაშვილი 72′), გურული, რენე ფერეირა, ჭელიძე, შარიქაძე, გეწაძე (ფანცულაია 53′), დოლიძე, კუხიანიძე, გელაშვილი, დვალი (გვალია 46′).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლები: იანეჩკა 4′, 43′, საბო 59′ (პენ).

მთავარი მსაჯი: მატე კალკავანი (თურქეთი).

ფოტო: „ზესტაფონის“ ოფიციალური ვებგვერდი