თბილისის სპორტის სასახლეში მერიის თასმა აიღო სტარტი. პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. პირველ მატჩში ბელორუსის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის დამარცხება შესძლო (68-77).
მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მოლდოვის გუნდს დაუპირისპირდა. თამაში პირველივე წამებზე შენგელიას ორი ეფექტური ჩატენვით დაიწყო, რასაც გიორგი ცინცაძემ ორი ზუსტი სამქულიანი მიაყოლა. კოკოშკოვის გუნდმა დებიუტშივე შესძლო ათქულიანი უპირატესობის მოპოვება.
სტუმრებმა თამაშის გამოსწორება ვერც წუთშესვენების შემდეგ შესძლეს. თუმცა, ტექნიკური წუნი ჩვენი გუნდის შემადგენლობაშიც მრავლად იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს მეოთხედის დამაჯერებლად მოგება არ გასჭირვებია – 25:12. აღსანიშნავია, რომ კოკოშკოვმა თავიდანვე მისცა ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება.
თამაშის სურათი არც მეორე პერიოდში შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ახაგლაზრდული შემადგენლობებით უპირატესობა გამანადგურებელი გახადა. საინტერესოა, რომ მეოთხედში პირველი ქულების მოპოვება მოლდოველებმა მხოლოდ 4 წუთის გასვლის შემდეგ მოახერხეს, თუმცა ამას თამაშის მსვლელობაში კორექტივები არ შეუტანია. მოედანზე დაბრუნებულმა სანიკიძემ და შენგელიამ საკმაოდ ეფექტური თამაშით სხვაობა 40 ქულას მიუახლოვეს.
საინტერესოა, რომ პირველ ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უქულოდ მხოლდო კაპიტანი, ზაზა ფაჩულია იყო. ნაკრების კაპიტანმა მოედანზე მხოლოდ 5 წუთი და 40 წუთი დაჰყო, რაც გასაკვირი სულაც არ არის. მოლდოვას დონის ნაკრებთან ლიდერების დატვირტვა მართებული ნამდვილად არ იქნებოდა.
მესამე მეოთხედში სხვაობა 50 ქულას გასცდა და თამაშიც საკმაოდ უინტერესო გახდა. ბუნებრივია, კოკოშკოვის გუნდს სუსტ მეოქესთან მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. საბოლოო ჯამში მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 108-56 დასრულდა.
საქართევლოს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები ბურჯანაძე (17 ქ.), შარაბიძე (16 ქ.) და სანაძე (14 ქ.) იყვნენ. მოლდოველებიდან ათქულიან ზღვარს მხოლოდ ორი მოთამაშე ვლადიმერ პრიშეპნი და ნიკოლაი კოპუტერკო გადასცდნენ.
საქართველო 108 – 56 მოლდოვა
სრული სტატისტიკა
ხვალ:
15:30 ბელორუსი – მოლდოვა
18:00 საქართველო – დიდი ბრიტანეთი
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები