ოფიციალურად: “ლეტსერ სიტიმ” რანიერის შემცვლელი დაასახელა

კლაუდიო რანიერიმ ცოტა ხნის წინა დატოვა პრემიერ ლიგის გუნდის, “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.

დღეს ინგლისური კლუბის ბოსებმა დაასახელეს იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც იტალიელ სპეციალისტს ჩაანაცვლებს. ეს პიროვნება რანიერის ყოფილი თანაშემწე, კრეგ შექსპირია. იგი ამ სეზონის ბოლომდე იმუშავებს გუნდში.

 

აქვე გეტყვით, რომ შექსპირმა, კლაუდიოს წასვლის შემდეგ, გუნდს ორ მატჩში უხელმძღვანელა: ჯერ “ლივერპულთან”, ხოლო შემდეგ “ჰალ სიტისთან”. ორივე მატჩი “მელიებმა” ერთი და იმავე ანგარიშით – 3:1 – მოიგეს.

 

რანიერი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას ინგლისში აპირებს

იტალიელ სპეციალისტს, კლაუდიო რანიერის, რომელიც რამდენიმე დღის წინ “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას ინგლისში აპირებს.

Sky Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ამ დღეებში კლაუდიომ არაერთი შემოთავაზება მიიღო იტალიური და ჩინური კლუბებისგან, თუმცა ის ინგლისის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 65 წლის კლაუდიო რანიერი გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად იქნა დასახელებული მას შემდეგ, რაც “ლესტერს” ისტორიაში პირველად მოაგებინა პრემიერ ლიგის ტიტული.

The Times: ჰიდინკი “ლესტერს” სეზონის ბოლომდე უთავკაცებს

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გუს ჰიდინკმა, შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონი კლუბი, “ლესტერ სიტი” ჩაიბაროს.

როგორც იცით, “მელიების” დამრიგებლის პოსტი ახლახან დაატოვებინეს კლაუდიო რანიერის, რომელმაც კლუბს შეუძლებელი შეაძლებინა და ის ჩემპიონი გახადა.

The Times-ის რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 70 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი კლუბს სეზონის ბოლომდე უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქმედი ჩემპიონი ამ დროისთვის საშინელ მდგომარეობაში იმყოფება – 26 ტურში მოპოვებული 21 ქულით ის გასავარდნ ზონაში იმყოფება.

თბილი სიტყვების მიუხედავად, ფანებმა მარეზს “გველის იარლიყი” მაინც მიაკრეს

პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, რიად მარეზის მიერ წარმოთქმულმა თბილმა სიტყვებმა გულშემატკივრებს გული ვერ მოულბეს.

როგორც იცით, “სევილიასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, გუნდიდან კლაუდიო რანიერი გაუშვეს. როგორც შემდეგში გამჟღავნდა, “ლესტერის” ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება გუნდის ფეხბურთელებთან შეხვედრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც გუნდიდან იტალიელის სპეციალისტის დათხოვნას ითხოვდნენ.


მარეზი რანიერის: “მადლობა, შენ პირველივე დღიდან გჯეროდა ჩემი”

ბრიტანული “ლესტერ სიტის” ალჟირელი ლიდერი, რიად მარეზი გუნდიდან კლაუდიო რანიერის წასვლას გამოეხმაურა, რომელმაც გასულ სეზონში შეუძლებელი შეძლო და “მელიებს” პრემიერ ლიგა მოაგებინა.

“რანიერი დიდებული ადამიანია, მისი დახმარებითაც ახალი ისტორია დავწერეთ.

მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ის საჭირო დროს ყოველთვის ჩემთან იყო, ყოველთვის იმას მაძლევდა, რაც მჭირდებოდა.

ჩემი პირველივე დღიდან გჯეროდა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. წარმატებებს გისურვებ, ღმერთმა დაგლოცოს,” – ვკითხულობთ მარეზის მიერ გამოქვეყნებულ გზავნილში.

იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.

27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”

“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”

“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.

რანიერი აღიარებს: “10-კაციანმა “მილუოლმა” გვაჯობა”

ინგლისის მოქმედი ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ ქვედა ლიგის “მილუოლთან” განცდილ მარცხზე გააკეთა კომენტარი.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ,” – აცხადებს “მელიების” თავკაცი, კლაუდიო რანიერი მატჩის შემდეგ.

“მატჩის პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმის პირველ წუთებში კი მეტოქე ათი კაცით დარჩა მოედანზე. ამის შემდეგ, მატჩის სადავეები ხელში მათ იგდეს. მათ უფრო მეტად უნდოდათ მოგება და ეს გამარჯვებაც დაიმსახურეს.

როდესაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა გაქვს, ეს აუცილებლად უნდა გამოიყენო, რისთვისაც მონდომებაა საჭირო. მე ჩემს ფეხბურთელებს კარგი შანსი მივეცი.

უნდა ვისწავლოთ. უცნაურია, როდესაც ლიგა ერთის გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონს ამარცხებს. ვაღიარებ, 10-კაციანმა “მილუოლმა” გვაჯობა.”

კარიკატურა: ჩემპიონი “ლესტერი” პრემიერ ლიგიდან ვარდება (ფოტო)

“ლესტერ სიტიმ” წინა სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო. მიუხედავად შარშანდელი აღზევებისა, კლაუდიო რანიერის შეგირდები ქულების დაგროვებას ვეღარ ახერხებენ და ნელ-ნელა ცხრილის ფსკერსიკენ მიიწევენ.

ომარ მომანიმ ამ თემასთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა

 

“ლესტერმა” კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, “ლესტერ სიტი” წარუმატებელ სვლას განაგრძობს. ამჯერად, “მელიები” “სუონსი სიტისთან” დამარცხდნენ (2-0), თანაც ისე, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს.

შედეგად, კლაუდიო რანიერის გუნდმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა: “ლესტერი” ინგლისის პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ზედიზედ 6 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “მელიების” ეს მშრალი სერია უკვე 10 საათს ითვლის.

კლაუდიო რანიერი: “ფეხბურთელები ჩემკენ არიან”

კლაუდიო რანიერიმ, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილი სასტიკი მარცხის (0:3) წინაც განაცხადა, რომ “მელიების” ზღაპარი უკვე დასრულებული იყო, აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს მისი სჯერათ.

“ჟურნალიტები მეკითხებიან, მიჭერენ თუ არა ფეხბურთელები მხარს, მე კი შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ისინი ჩემს მხარეზე არიან.

სანამ პირველ გოლს გავუშვებდით, თამაშში ვიყავით, ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობდით, ვცდილობდით პრესინგი განგვეხორციელებინა, რაღაც კარგი შეგვექმნა.

მართალია წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ. ფეხბურთელებს მთლიანად ვენდობი და ისინიც ასევე მენდობიან მე,” – აცხადებს ინგლისის უმაღლესი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლესტერი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 24-ე ტური “ლესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებამ დახურა. მატჩს “კინგ პაუერ სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც “მელიებმა” მორიგი მარცხი იწვნიეს.

მატჩი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა. “წითელმა ეშმაკებმა” 15-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით . 15-დან 3 შემთხვევაში ბურთი ბადეში გაეხვა და ჟოზე მოურინიოს გუნდს ამავე რაოდენობის ქულა მოუტანა.

პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც 45 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს, შინ “უოტფორდს” მიიღებს, “მელიები” კი “სუონსის” ეწვევიან.


“ლესტერ სიტი”: შმაიხელი; ფუქსი, ჰუტი, მორგანი, სიმფსონი; ნდიდი, დრინქვოთერი; მუსა (ენდი კინგი 46′), ოკაზაკი (გრეი 46′), მაჰრეზი; ჯეიმი ვარდი

მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, როხო (დეილი ბლინდი 46′); ჰერერა, პოლ პოგბა; მხითარიანი, ხუან მატა (ფელაინი 77′), რეშფორდი (ეშლი იანგი 83′); იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


“ლესტერმა” ულოას ესპანეთში გაშვებაზე უარი განაცხადა

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა “ალავესმა” ინგლისურ “ლესტერს” ლეონარდო ულოას ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება გაუკეთა.

თუმცა, “მელიებმა” 30 წლის ულოას სანაცვლოდ, რომელმაც თავად მოითხოვა ტრანსფერზე დაყენება, 1.7 მილიონი ფუნტის აღებაზე იუარეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელის ანგარიშზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩია მაშინ, როდესაც გასულ სეზონში, როდესაც “ლესტერი” ინგლისის ჩემპიონი გახდა, მან პრემიერ ლიგის 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.