მათე ვაწაძემ მორიგი გოლი გაიტანა

დანიის I დივიზიონის მე-8 ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “ვენდსისელსა” და მადევარ “ორჰუსს” შორის გამართულ მატჩში სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა მათე ვაწაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ჩვენებურმა შეხვედრის 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში. 72-ე წუთზე კიმ აბეჩმა “ორჰუსის” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის კომპენსირებულ დროში კი, მედს გრევიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი — 0:3.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველთაგან მხოლოდ ვაწაძემ ითამაშა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაამთავრა.

მათე ვაწაძისთვის ეს ჩემპიონატში გატანილი მეშვიდე გოლი გახლავთ. ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირთა სიას დამაჯერებლად ლიდერობს.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, “ვენდსისელი” 16 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, მადევარ “ორჰუსს” კი 14 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამე ადგილზე “ვიბორგი” გახლავთ, რომელიც ჩემპიონატის მერვე შეხვედრას დღეს, “აკადემისკის” წინააღმდეგ გამართავს.

“ორჰუსმა” მეტოქე ქართველების გოლებით გაანადგურა

დანიის პირველი დივიზიონის მეორე ტურში “ბრიონშოისა” და “ორჰუსს” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 0:5 დასრულდა. ხუთივე გოლი ქართველი ფეხბურთელების ანგარიშზეა.

მე-5 წუთზე ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა, მანვე მე-10 წუთზე დუბლი შეასრულა. ორ წუთში დავით სხირტლაძემ ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა. პირველი ტაიმი “ორჰუსმა” 3:0 მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა: 63-ე წუთზე სხირტლაძემ დუბლი გაიფორმა, 84-ე წუთზე კი ვაწაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეხვედრას წერტილი დაუსვა 0:5.

სხირტლაძე 74-ე წუთზე შეცვალეს, ვაწაძემ კი მატჩი სრულად ჩაამთავრა. აღსანიშნავია, რომ მათემ პირველ ტურშიც გაიტანა და ახლა ოთხი გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

“ორჰუსი” II ტურის შემდეგ 4 ქულით ოთხ გუნდთან ერთად 2-6 ადგილებს ინაწილებს.