როჯერსი: “ლოვრენი სწორედ ისაა, ვისაც კარაგერის წასვლის შემდეგ ვეძებდით”

დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული ამხანაგური მატჩის (4:0) შემდეგ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა გუნდის ახალწვეულები ხავიერ მანკილიო და დეიან ლოვრენი შეაქო. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა გოლის გატანაც შეძლო.

“დეიანი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჯეიმი კარაგერის წასვლის შემდეგ სწორედ ასეთ ფეხბურთელს ვეძებდით. ლოვრენი მოედანზე დომინირებდა, მეტოქეს ხვდებოდა და თამაშს კარგად კითხულობდა, შეტევაშიც ერთვებოდა. ის ორვე ფეხს კარგად ხმარობს.
ახალგაზრდა მანკილიომაც კარგად წარმოაჩინა თავი. ის კლასიკური მცველია. მეტოქის მიერ ნებისმიერი მოწოდებული ბურთის მოგერიება შეუძლია, შეტევაში ჩასართავადაც დიდი ენერგია აქვს. ვიმედოვნებ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი-ორი შენაძენი კიდევ გვექნება”, – როჯერსის სიტყვები Goal.com-მა გამოქვეყნა.

 

ოფიციალურად: მანკილიო “ლივერპულში” ითამაშებს

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი ხავიერ მანკილიო კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს.

20 წლის ესპანელი ფეხბურთელი მესისაიდულ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს. გასულ სეზონში მანკილიომ “ატლეტიკოს” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად შვიდი მატჩი ჩაატარა.

“მოხარული ვარ, რომ ისეთ კლუბს შევუერთდი, როგორიც “ლივერპულია”. ეს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია.
როდესაც მითხრეს, რომ “ლივერპულს” ჩემი დამატება სურდა, გავოგნდი და სხვაზე აღარაფერზე ვფიქრობდი. ალბათ, ყველა ფეხბურთელი ასეთ დღეში ვარდება.
ნებისმიერი მოთამაშე ისურვებდა, ამ კლუბის ნაწილი გამხდარიყო”, – მანკილიოს სიტყვები მერსისაიდული გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანკილიო მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ლივერპულის” მეშვიდე შენაძენია. მანამდე “წითლებმა” რიკი ლამბერტი, ადამ ლალანა, ემრე ჯანი, ლაზარ მარკოვიჩი, დეიან ლოვრენი და დივოკ ორიგი დაიმატეს.