“ნეფთჩის” პრეზიდენტი: “არ მითქვამს, რომ “ჩიხურა” გუნდი არ არის”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ აზერბაიჯანულმა სპორტულმა სააგენტო azerisport-მა ბაქოს კლუბის პრეზიდენტის, სადიხ სადიხოვის კომენტარი გამოაქვეყნა. აღნიშნული წყაროს ცნობით, სადიხოვმა თქვა, რომ “ჩიხურა” გუნდი არ არის, თუმცა დღეს “ნეფთჩის” პრეზიდენტმა ეს სიტყვები უარყო.

“არა, მე ასე არ მითქვამს. “ჩიხურა” მთლიანად ქართველი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ჩვენ კი დაახლოებით 11 ლეგიონერი გვყავს, “ნეფთჩის” გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს. სწორედ ამ არგუმენტების გამო, ვთქვი, რომ “ნეფთჩიმ” “ჩიხურას” ბარიერი უნდა დაძლიოს. ჩემი სიტყვები არასწორად თარგმნეს. მე “ჩიხურას” პრეზიდენტსაც დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი.
“ჩიხურა” ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი თურქული გუნდი გამოთიშა გათამაშებას. საშინაო მატჩში გამარჯვებას ვაპირებდით, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ხვალაც რთული შეხვედრა გველის. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვა”, – განაცხადა სადიხოვმა ტელეკომპანია TVS-ის ეთერში.

შეხვედრა “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში 4 ლარად შეგიძლიათ.