დემპსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ვიდეო)

“სიეტლი საუნდერსის” კაპიტანი კლინტ დემპსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“პორტლენდ ტიმბერსის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას გამოცდილმა ამერიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ჯიბიდან წიგნაკი ამოაცალა და ძირს დააგდო, შემდეგ აიღო და დახია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ “სიეტლიმ” ეს მატჩი შვიდი კაცის შემადგენლობით დაამთავრა: მოედნიდან გუნდის სამი მოთამაშე გააძევეს, ტრავმირებულმა ობაფემი მარტინსმა კი შეხვედრის ჩამთავრება ვეღარ შეძლო.

მატჩი “პორტლენდმა” დამატებით დროში, ანგარიშით 3:1 მოიგო.

 

დეანდრე იედლინი “ტოტენჰემს” იანვარში შეუერთდება

“ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “სიეტლი საუნდერსის” მცველი დეანდრე იედლინი ლონდონურ კლუბს იანვარში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ “დეზებმა” 21 წლის ამერიკელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინეს. მაშინ მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტიც გაფორმდა, თუმცა იედლინს დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზა არ მისცეს და მასაც აშშ-ში დაბრუნება მოუწია. მაშინდელი შეთანხმებით, ფეხბურთელი “ტოტენჰემში” 2015 წლის ზაფხულში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ამ ვადის დაჩქარება მოხდა.

დეანდრე იედლინი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

 

“ტოტენჰემს” აშშ-ის ნაკრების წევრი შეუერთდება

“ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ამერიკულ “სიეტლი საუნდერსთან” დეანდრე იედლინის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

აშშ-ის ნაკრების მარჯვენა ფლანგის მცველი “დეზებთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თუმცა გუნდს მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.

შეთანხმების მიხედვით, 21 წლის ფეხბურთელი დამდეგ სეზონს “სიეტლიში” გაატარებს.

დეანდრე იედლინი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ამერიკელ მცველს “სიეტლიში” 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

 

დემპსიმ გულშემატკივარს პოპკორნის სანაცვლოდ მაისური აჩუქა (ვიდეო)

“სიეტლი საუნდერსა” და “ჰიუსტონ დინამოს” შორის კვირას გამართულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. მატჩის მიწურულს “სიეტლის” ლიდერ კლინტ დემპსის, როგორც ჩანს, შიმშილის გრძნობამ შეაწუხა და ტრიბუნაზე მყოფ პატარა გულშემატკივართან მივიდა, რომელიც პოპკორნით ერთობოდა.

დემპსიმ ბიჭუნას ბარტერული გაცვლა შესთავაზა და პოპკორნის სანაცვლოდ მაისური უსახსოვრა, რითაც ორივე მხარე ხეირში დარჩა.

ისე კი, “სიეტლიმ” მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.