დი ბიაჯო იტალიის ნაკრების ჩაბარებისთვის მზადაა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნებში 71 წლის კარლო ტავეკიომ გაიმარჯვა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ ქვეყნის ფეხბურთის ახალი ხელმძღვანელობის გასაგონად მიანიშნა, რომ იტალიის ეროვნული გუნდის ჩაბარების წინააღმდეგი არ არის.

“უკვე ხუთი წელიწადია, იტალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ვმუშაობ. მე ფედერაციის მიერ ვარ დასაქმებული, ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ასე რომ, შესაძლოა, ახალი საქმე ჩამაბარონ. ნებისმიერი შემოთავაზების მოსასმენად მზად ვარ”, – დი ბიაჯოს სიტყვებს Football-italia ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩეზარე პრანდელიმ “სკუადრა აძურას” თავკაცის პოსტი დატოვა. აღნიშნული თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია.