ტექბოლი ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტის ახალი მიმდინარეობაა. მის სათამაშოდ საჭიროა სპეციალური მაგიდა და ბურთი. ტექბოლის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს სახლის თამაშია, რომელიც ხელს უწყობს მოთამაშის კონცენტრაციის და გამძლეობის დახვეწას, ასევე ახალი ტექნიკური უნარების შეძენას. მათი თქმით, ტექბოლის მიზანი ფეხბურთისთვის კონკურენციის გაწევა არ არის, პირიქით – ეს ჰაერში ბურთით თამაშის დახვეწაა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც გამოადგებათ და პროფესიონალებსაც.
ტექბოლს თამაშობს 2, 4 ან მეტი მოთამაშე.
თამაში ძირითადად სპეციალურ დახრილ მაგიდაზე მიმდინარეობს, რომლის ზომაც 2-წლიანი მეცნიერული გამოცდით შეიქმნა, დიზაინის დადგენის დროს კი მათემატიკის და ფიზიკის წესები გაითვალისწინეს. ასეთი დიზაინის მაგიდა გარანტიაა, რომ თამაშში გაიმარჯვებს არა იღბლიანი, არამედ უფრო გამოცდილი მოთამაშე. ტექბოლს რეკომენდაციას უწევს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იყო რონალდ კუმანი. ტექბოლი უკვე საერთაშორისო პატენტია. მისი სათამაშო მოწყობილობის შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპეციალურ ვებგვერდზე სექტემბერში გამოწერის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. როგორც ტექბოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, სათამაშო მოწყობილობის საცალო ფასი 800 ევროა.
გარდა ამისა, იქმნება ტექბოლის საერთაშორისო ფედერაცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის კლუბები იქნება გაწევრიანებული.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში გასაგებად არის ახსნილი თამაშის წესები.