განათხოვრებული ტაიდერი “ინტერში” ნაადრევად დააბრუნეს

“საუთჰემპტონმა” მილანის “ინტერის” ნახევარმცველ საფირ ტაიდერთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ნაადრევად გაწყვიტა. “წმინდანების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ალჟირელმა ფეხბურთელმა კლუბის მიერ დადგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ამრიგად, 22 წლის ნახევარმცველი უახლოეს პერიოდში მილანში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საფირ ტაიდერი დანი ოსვალდოს ტრანსფერის გაჩარხვისას გარიგების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად გამოიყენეს. ალჟირელი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა, თუმცა პრემიერლიგის არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. მან “წმინდანების” ფორმით მხოლოდ ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.