დათუნაიშვილი: “წლების განმავლობაში უკან მიდიოდა საქმე და უცებ უკეთესობისკენ ვერ შეიცვლებოდა”

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში “სამტრედია” თბილისურ “დინამოს” დაუპირისპირდება. იმერლების გამარჯვების შემთხვევაში, კლუბებს შორის სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდება.

Eliga.Ge “სამტრედიელთა” კაპიტანს, გიორგი დათუნაიშვილს აღნიშნულ მატჩზე და სხვა თემებზე ესაუბრა.

– ცხრილიდან გამომდინარე, თუ დინამოს მოუგებთ, სამეულში ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება…

– ამ შემთხვევაში დინამოსთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულა გახდება. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მოგება იოლი არ იქნება. დინამო ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძისნაირი ტალანტი კარგა ხანია, ჩვენს ჩემპიონატში არ გამოჩენილა.

– წინა წრის მატჩი, როცა თბილისში 2:3 წააგეთ, ბევრი გულშემატკივრის აზრით, საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში…

– დიახ, მართლა კარგი თამაში იყო და ვეცდებით, ამჯერად მოგებით დავასრულოთ.

– დინამოს კარში საკმაოდ ხშირად გაგაქვთ გოლი. ეს იმიტომ, რომ დინამოა და მის წინააღმდეგ უფრო მოტივირებული ხართ?

–  ასე ვერ ვიტყოდი, ყველასთან მოტივირებული გავდივარ მოედანზე. დინამოს კარში კი რატომღაც მართლაც ხშირად გამქონდა. ვიტ ჯორჯიაში თამაშისას ოთხჯერ თუ ხუთჯერ გავუტანე, მათ შორის, თასის ფინალში და სუპერთასზეც. ტორპედოშიც რომ ვიყავი, მაშინაც გადამწყვეტი გოლი შევაგდე. ასევე, ჩიხურაში თამაშისას თასის ფინალში. წინა წრეშიც გავუტანე, სტუმრად თბილისში… ისე, დინამოს სტადიონზე უფრო ხშირად გამაქვს.

– დინამოს ახალგაზრდები ახსენეთ. სამტრედიას რამდენად ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს?

– ჩვენს გუნდშიც არიან იმედისმომცემი ახალგაზრდები. ბურკაძე, ხაბეიშვილი, ნინუა – ხანდახან უწევთ თამაში ეროვნულ ლიგაში. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა განვითარდნენ. 

– ჩემპიონატის ფორმატზეც გკითხავთ. რამდენად დადებითად აისახა ლიგაზე ათი გუნდის ოთხ წრედ თამაში?

– დაძაბული თამაშებია. მხოლოდ შუქურა ჩამორჩა, თორემ სხვა გუნდების დაპირისპირებებს რომ გადავხედოთ, ფავორიტ-აუტსაიდერის წინასწარ გარკვევა ურთულესი საქმეა. წინა ტურშიც ასე მოხდა: ტორპედომ კოლხეთს ვერ მოუგო. 16 გუნდი უმაღლეს ლიგაში მართლაც ბევრი იყო, კარგად მახსოვს, ზოგიერთ კლუბს გზის ფულიც კი არ ჰქონდა. ათგუნდიანი უკეთესია, დაძაბული თამაშებია. კარგია, რომ ჩემპიონატიც შუქდება. მაგრამ ამ ყველაფერს სათამაშო დონეზე ჯერ არ უმოქმედია.

– კითხვა თავისთავად დაიბადა – რატომ?

– ვფიქრობ, წლების განმავლობაში უკან-უკან მიდიოდა საქმე და ეს ყველაფერი ერთ და ორ წელიწადში ვერ შეიცვლებოდა. უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას უცებ ემოქმედა. ყარაბახს, ვისთანაც მწარედ წავაგეთ, 50 მილიონი დოლარი წლიური ბიუჯეტი აქვს. ეს თითქმის  ნახევარია იმ თანხისა, რაც ქართული ფეხბურთის განვითრეების პროგრამას 5 წლის განმავლობაში უნდა მოხმარდეს.

წლების განმავლობაში ინგრეოდა სტადიონები, უარესდებოდა ინფრასტრუქტურა… ჩემპიონატში ამდენი ხელოვნური მოედანი, თანაც, უხარისხოები. ამიტომაცაა, რომ იმატა ტრავმებმა, ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები. ყარაბახთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშის წინ, ბაქოში მინდორი მორწყეს და ბიჭები ერთმანეთს ვეკითხებოდით – ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე? თითქოს დეტალებია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დეტალები ბევრია და ეს მოქმედებს ჩემპიონატზეც. თვითონ კლუბებმაც უნდა მოინდომონ. როგორ მოვა კერძო ინვესტორი, თუ მას არაფერი დაახვედრე? მხოლოდ სახელს ხომ არ იყიდის? ინფრასტრუქტურასაც და ბავშთა ფეხბურთსაც დიდი ყურადღება სჭირდება. ასე თუ დავძლევთ კრიზისს…

“სამტრედიას” კაპიტანი:”რევანშის ასაღებად ვემზადებით!”

რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანში სამტრედიის “სამტრედიამ” “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 დამარცხდა ადგილობრივ “გაბალასთან.” აღნიშნულ მატჩსა და განმეორებით გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ისაუბრა Fanebi.Com-თან.

კატასტროფული მარცხის მიზეზებზე: “ყველაფერი, ალბათ, სწრაფმა გაშვებულმა გოლმა გამოიწვია. ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდით. ამით კი ისარგებლა მეტოქემ და ორი გოლი კიდევ მოგვაყოლა. ამის მერე ურთულესი აღმოჩნდა თამაშში დაბრუნება. ვცდილობდით, გონზე მოსვლას და სხვაობის შემცირებას. ერთი გოლი გავიტანეთ კიდეც, მაგრამ დაბნეულობა მაინც ვერ დავძლიეთ. შესაბამისად, ისევ ამ დაბნეულობისა და მისგან გამოწვეული ჩვენი შეცდომების ხარჯზე კიდევ ორჯერ მოახერხა მეტოქემ  კარის აღება.

გუნდში არსებულ განწყობასა და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედებზე: “შანსები, მართლაც, ძალიან მცირეა,მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს ერთი სული აქვს როდის  მოვა განმეორებითი შეხვედრა, რომ შევძლოთ რევანშის აღება და იმის დამტკიცება, რომ არ ვიყავით ესეთი მარცხის ღირსი. შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს! ჩვენ ამისთვის ძალას არ დავიშურებთ!”

მიმართვა გულშემატკივარს: “სამტრედიელმა გულშემატკივრებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ! ვწუხვართ, რომ პირველ თამაშში იმედები გავუცრუვეთ, მაგრამ, იმედია, მათი გულის გახარებას მეორე მატჩში შევძლებთ!”

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 ივლისს “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” გაიმართება. 

ილია დათუნაშვილი – 77

ჩვენი გუნდის ოქროს თაობის წარმომადგენელი- ილიადათუნაშვილი დღეს 77 წლის გახდა. ტაშკენტის ფინალის გმირი დინამოში 1959-1968 წლებში ასპარეზობდა. 249 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 60 გოლი. არის სსრკ- ს 1964 წლის ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი 1962 და 1967 წლებში. ტაშკენტის ლეგენდარულ ფინალში დათუნაშვილმა გაიტანა 2 გოლი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ორჯერ- 1964 და 1966 წლებში. 20 გოლით არის 1966 წლის გათამაშების ბომბარდირი. 1966 წლის 22 სექტემბერს ერევნის არარატს 23 წუთში გაუტანა 5 გოლი.

დინამოელები ვულოცავთ ბატონ ილიას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FCDinamo.Ge