რობერტო კარლოსი: “ფილიპე ლუისი პაოლო მალდინის მაგონებს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი და თურქული “სივასპორის” მოქმედი თავკაცი რობერტო კარლოსი დარწმუნებულია, რომ “სელესაოს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა გუნდს კვლავ დააბრუნებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.

“ბრაზილიურმა პრესამ უნდა შეიგნოს, რომ დუნგას საკუთარი სტილი აქვს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. საერთოდაც, ვერ გამიგია, რატომ გაათავისუფლეს ის 2010 წელს. ადრე თუ გვიან, ბრაზილიის ნაკრები დაბრუნება და ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები. უახლოესი ტურნირი კოპა ამერიკაა. ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

მან ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, ფილიპე ლუისის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ის ლეგენდარულ პაოლო მალდინის შეადარა.

“ფილიპე ლუისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მე ის პაოლო მალდინის მაგონებს, ისეთივე კლასიკურ სტილში თამაშობს, აუჩქარებელი მანერით”, – აღნიშნა რობერტო კარლოსმა.

“სელესაოს” ყოფილმა მცველმა მარსელოზეც ჩამოაგდო სიტყვა:

“მარსელო იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე მე ვაკეთებდი. მან დაცვითი უნარებიც გააუმჯობესა. მარსელომ მადრიდის “რეალისთვისაც” ბევრი გააკეთა და ეროვნული გუნდისთვისაც. ჩემი აზრით, ის დღესდღეობით საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია”.

 

ბრაზილიის ნაკრების შტაბი “ჩელსის” ბაზას ეწვია

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა, მისი თანაშემწე ანდრეი ლოპესი და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ტექნიკური დირექტორი ჟილმარ რინალდი ლონდონში “ჩელსის” ბაზას ესტუმრნენ. ბრაზილიელმა სტუმრებმა კლუბის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჟოზე მოურინიოსთან ერთად ისადილეს. მწვრთნელებმა “ჩელსიში” მოთამაშე ბრაზილიელი ფეხბურთელების საკითხი განიხილეს.

დღეს დუნგა და რინალდი ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ჩელსისა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის გასამართ მატჩს დაესწრებიან, შემდეგ კი “არსენალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გასამართ შეხვედრასაც მიადევნებენ თვალყურს. კვირას ბრაზილიელთა დელეგაცია “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩსაც დაესწრება.

 

ბრაზილიის ნაკრებს კოლუმბიასთან ნეიმარი უკაპიტნებს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ გადაწყვიტა, რომ კოლუმბიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში კაპიტნის მოვალეობა ნეიმარს დააკისროს.

“ეს საკითხი გადაწყვეტილია. ნეიმარი უმაღლესი დონის მოთამაშეა და მცირე ასაკის მიუხედავად, საკმარის გამოცილებას ფლობს. დანარჩენი ფეხბურთელებისთვის სტანდარტი სწორედ კაპიტანი უნდა იყოს. ნეიმარს უყვარს გამოწვევები და გამარჯვება”, – ციტირებს დუნგას სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისთვის, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრა 6 სექტემბერს, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე დაიწყება.