“საბურთალომ” და “მარიუპოლმა” შედეგიანი ფრე ითამაშეს

დედაქალაქურმა “საბურთალომ” თურქეთში დღეს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართული კლუბის მეტოქე უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ილიჩოვეცის “მარიუპოლი” იყო. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

პირველი ნახევარი “საბურთალოელებმა” მინიმალური სხვაობით მოიგეს. ლუკა ლაკვეხელიანის საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად გიორგი ხარაიშვილმა დაარტყა. მანამდე კი გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა თორნიკე გორგიაშვილს, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი, ზემოდან გადაევლო კარს. ერთხელაც გიორგი კოხრეიძეს მიეცა გატანის შანსი, მაგრამ უკრაინელები ხარიხამ გადაარჩინა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი გაშვებულ გოლს თავისიანები ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა, რომელმაც ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში მეტოქემ გაათანაბრა – გოლი ტიშენკომ გაიტანა. თუმცა, რამდენიმე წუთში თორნიკე გორგიაშვილმა მარჯვენა ფეხით შედეგიანი დარტყმა განახორციელა, 2:1. ისე მოხდა, რომ უკრაინელებმა მეორედ გაათანაბრეს თამაში – “მარიუპოლის” შემადგენლობიდან თავით კარაბენკომ გაიტანა. დარჩენილ დროში “საბურთალოს” რამდენჯერმე ჰქონდა დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა – დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გურამ გოშთელიანი, რომელსაც კარგა ხანს ტრავმა აწუხებდა. ამპლუით ფორვარდმა მინდორზე 27 წუთი დაჰყო.
მორიგ შეხვედრას საბურთალოელები ხვალ, 9 თებერვალს გამართავენ.

საბურთალო – მარიუპოლი 2:2 (1:0)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, გრიგალაშვილი, რეხვიაშვილი (ჯინჯოლავა 75), ლაკვეხელიანი (ჩაბრაძე 68), ელვინ ტერა (გოშთელიანი 63), გორგიაშვილი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, კოხრეიძე (დიასამიძე 46).
მარიუპოლი: გალჩუკი, ნეპლიანი, ნასონოვი, ბელი, გაფატი, კოლტსოვი, ტიშენკო, პიხალენოკი, კორობენკო, რადჩენკო, დედეჩკო.

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (38), 1:1 ტიშენკო (48), 2:1 გორგიაშვილი (54), 2:2 კარაბენკო(56).

დავით თარგამაძე “ილიჩევეციდან” მიდის

საქართველოს ნაკრების წევრი დავით თარგამაძე მარიუპოლის “ილიჩევეციდან” მიდის.

ქართველი ფეხბურთელი მარიუპოლში არსებული საომარი მოქმედებების გამო საკუთარ კლუბში დაბრუნებას აღარ აპირებს.

“სანაკრებო მატჩის შემდეგ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მარიუპოლში არსებული სიტუაციის გამო არ წავალ. ომია, ისვრიან, ჩვეულებრივი საომარი სიტუაცია არის. შვიდმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა გუნდი. ალბათ, “ილიჩევეცთან” კონტრაქტს გავწყვეტ. არის სხვადასხვა ვარიანტები და დაახლოებით სამ დღეში გაირკვევა ყველაფერი”, – აღნიშნა თარგამაძემ.

როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი “ილიჩევეცში” იჯარის წესით თამაშობს. თარგამაძე დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის.