მილანის “ინტერის” ყოფილი ნახევარმცველი იტალიის სერია А-ს მე-3 ტურში გამართულ მილანურ ჯახს დაესწრო, რომელიც “ნერიაძურის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი “ინტერის” ღირსებას 1997-დან 2007 წლამდე იცავდა.
რეკობამ მილანურ გუნდში თამაშის პერიოდი გაიხსენა.
“იტალიაში მას შემდეგ არ ვყოფილვარ, რაც სათამაშოდ საბერძნეთში გადავედი. საბედნიეროდ, “ინტერმა” წარმატებით ითამაშა. სხვა შემთხვევაში, აქ აღარ მომიწვევდნენ.
მასიმო მორატის ჯერ არ შევხვედრილვარ. “ინტერში” მე მისი ფავორიტი ვიყავი და ეს ნორმალური მოვლენაა. მე მისთვის არაფერი არ მითხოვია.
როდესაც სათამაშოდ იტალიაში გადმოვედი, მუდმივად ხავიერ ძანეტისთან ვიყავი. იგი დილის შვიდ საათზე დგებოდა, მე კი ძილი მიყვარდა.
ტყუილია ხმები იმის შესახებ, თითქოს ვარჯიში არ მიყვარდა, თუმცა ხავიერს ვერ შევედრებოდი, რომელიც ბევრს ვარჯიშობდა და შემდეგ კარგადაც თამაშობდა”, – ციტირებს რეკობას სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.