„ოსასუნას“ აწ უკვე ყოფილი კიპერი ანდრეს ფერნანდესი კარიერას „პორტუში“ განაგრძობს. 27 წლის მოთამაშემ „დრაკონებთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი ღირებულება კი 30 მილიონი ევროს უტოლდება.
„ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ პორტუგალიის საუკეთესო გუნდში გადავბარგდი.“, – ციტირებს ფერნანდესს „მარკა“, – „მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვისპარეზებ, რაც დამატებით მოტივაციას მძენს. ვეცდები, კლუბს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. ჩემი ოცნება ესპანეთის ნაკრებში თამაშია და დარწმუნებული ვარ, „პორტუში“ დამაჯერებლად ასპარეზობა მის ასრულებაში ხელს შემიწყობს.“
ანდრეს ფერნანდესი „ოსასუნაში“ 2007-2013 წლებში ირიცხებოდა და პამპლონური კლუბის რიგებში მის ანგარიშზე 113 შეხვედრაა. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კი ესპანელი გოლკიპერი „პორტუს“ რიგით მეთორმეტე შენაძენი გახდა. ხულიენ ლოპოტეგის გუნდმა ფერნანდესის ტრანსფერამდე გუნდი საკამოდ მაღალი დონის ფეხბურთელებით გააძლიერა: რიკარდო ნუნეში („აკადემიკა“), ხოსე ანხელი („რომა“), ბრუნო მარტინს ინდი („ფეიენოორდი“), დანიელ ოპარე („სტანდარდი“), იასინე ბრაჰიმი („გრანადა“), კასემირო („რეალი“), ევანდრო („ეშტორილი“), ოლივერ ტორესი („ატლეტიკო“), ადრიან ლოპესი („ატლეტიკო“) კრისტიან ტელიო („ბარსელონა“) და სამი („მარიტიმუ“)