იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა სიმონე ძაძამ მარიო ბალოტელი მის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად მოიხსენია. ძაძამ იქვე აღნიშნა, რომ “ლივერპულის” შემტევი მის სანაკრებო კარიერას ვერას დააკლებს.
“სასუოლოს” ფორვარდს იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ამა წლის სექტემბერში, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) ჰქონდა. რაც შეეხება ბალოტელის, “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ის არც სექტემბერში და არც ოქტომბერში არ გამოიძახა.
“ბალოტელისგან საფრთხეს არ ველი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თავდამსხმელია. მისი გაცნობის შესაძლებლობა არასდროს მქონია და მოხარული ვიქნები, თუ ოდესმე პირადად გავიცნობ. ვფიქრობ, მარიო ნებისმიერ ნაკრებს გააძლიერდებდა, თუმცა არა მგონია, მისი დაბრუნების შემთხვევაში, მე ჩრდილში მოვექცე”, – ციტირებს ძაძას სიტყვებს kickoff-ი.