ბულგარეთის მოქმედი გამარჯვებული ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება

ბულგარეთის მოქმედი ჩემპიონი რაზგრადის “ლუდოგორეცი” ქვეყნის ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება.

კლუბის ხელმძღვანელობა ეჭვს გამოთქვამს, რომ მსაჯები “ლუდოგორეცის” უშუალო კონკურენტ სოფიის “ლევსკის” ეხმარებიან. ბულგარეთის ჩემპიონატის XX ტურში “ლევსკისა” და ლოვეჩის “ლიტექსს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მთავარმა არბიტრმა სტუმართა გუნდის ორ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და მათი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რის შემდეგაც “ლიტექსის” მოთამაშეებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს. ამ დროს ისინი ანგარიშით 1:0 იგებდნენ. ამ ქმედების გამო “ლევსკის” შესაძლოა, ტექნიკური გამარჯვება ჩაუთვალონ.

ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს “ლუდოგორეცი” 38 ქულით ლიდერობს, მას 3 ქულით ჩამორჩება “ლევსკი”. ბულგარეთის ჩემპიონატის ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებული ოთხივეჯერ “ლუდოგორეცი” გახდა და ახლა კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მათი იერარქიის დამხობას აკრძალული ხერხებით ცდილობენ.

“ჩვენ, ალბათ, დავტოვებთ ჩემპიონატს, თუ “ლევსკის” სასარგებლოდ ასეთი პრეცედენტები გაგრძელდება.
რატომ უნდა ვხარჯოთ ფული ისეთ გუნდებზე, რომელთაც არც უნარები აქვთ და არც კლასი, რომ ჩემპიონატი მოიგონ?” – ამბობს “ლუდოგორეცის” მფლობელი კირილ დომუსჩიევი.

 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

ნორვეგიის ნაკრებისა და “სტრემსგოდსეტის” ნახევარმცველი მარტინ ედეგორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიუღია მონაწილეობა. ედეგორი ნორვეგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული შეხვედრის 63-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და ახალი რეკორდიც დამყარდა. ის გუშინ მხოლოდ 15 წლისა და 300 დღის გახლდათ.

ცნობისათვის, ნორვეგიის ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.