„პერუჯაში“ ლუჩანო გაუჩის მმართველობის დროს უცნაური მოვლენები საკმაოდ ხშირად ხდებოდა და ეს არავის უკვირდა. მაგალითად, კლუბში განიხილებოდა მდერობითი სქესის მოთამაშეების და მწვრთნელების მიწვევა, გაუჩიმ ლივიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილსაც კი გაუფორმა კონტრაქტი. ამასთან ერთად გუნდი 3 სეზონის განმავლობაში გაუჩის მიერ შექმნილი კომპანია Galex-ის ფორმების ერთი კომპლექტით ასპარეზობდა და უამრავ ფინანსურ მაქინაციაში იყო გარეული.
თუმცა, გაუჩის და „პერუჯას“ კიდევ ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება. 1998 წელს, ჰიდეტოში ნაკატას ფინანსურად წარმატებული ტრანსფერის შემდეგ გაუჩიმ აზიურ ბაზარზე აქტიურად შესვლა გადაწყვიტა. თავდაპირველად ამ სტრატეგიამ გაამართლა. კორეელი ფორვარდის, ანის სახით „პერუჯამ“ კიდევ ერთი წარმატებული ტრანსფერი მიიღო.
მოგებით გახარებული გაუჩი 2000 წლის ივნისში სატრანსფერო ბაზარზე ახალი ლოზუნგით გამოდის: „მსოფლიოში მილიარდზე მეტი ჩინელია – მათ შორის ერთი ფენომენი აუცილებლად იქნება და მე მას აქ ჩამოვიყვან“.
სულ რაღაც ორ თვეში „პერუჯამ“ „სიჩუანიდან“ ნახევარმცველი მა მინიუ, რომელიც სერია A-ს ისტორიაში პირველი ჩინელი ლეგიონერი გახდა, იჯარის წესით გადაიბირა. თავიდან ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდებოდა, განსაკთრებულ სიფრთხილეს ჩინური მხარდე იჩენდა. თუმცა, შემდეგ თავად გაუჩიმ განაცხადა, რომ ერთწლიანი იჯარა 500 ათასი დოლარი დაჯდა.
ფეხბურთელის წარდგენის დროს ჟურნალისტები და გულშემატკივრები რბილად რომ ვთქვათ გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ძლიერი და უშიშარი „სამურაის“ ნაცვლად საზოგადოების წინაშე „პერუჯას“ ფორმაში გამოწყობილი ტანმორჩილი, მორიდებული მამაკაცი წარსდგა. „პერუჯას“ პრესსამსახური ცნობით მა მინიუ 27 წლის იყო, თუმცა ჩინური წყაროები ამტკიცებდნენ, რომ მოთამაშე – „დაახლოებით 32 წლისაა“.
თავად მა მინიუმ კი იტალიური კარიერა საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებით დაიწყო:
„მე ნაკატაზე უკეთესი ვიქნები. მისი თამაში ნანახი მაქვს, ის ძლიერია, თუმცა მე ყველაფერი გამომივა. თქვენ დელ პიეროს პინტურიკიოს უწოდებთ, მე კი შეგიძლიათ მიქელანჯელო დამიძახოთ.”
ხმაურიანი შესავლის შემდეგ მა მინიუ ფაქტობრივად არავის უნახავს. მთელი სეზონის განმავლობაში ჩინელი ფეხბურთელი მხოლოდ ერთხელ, იტალიის თასის ერთ-ერთ შეხვედრის დროს გამოჩნდა მოედანზე. თანაგუნდეელები საუბრობდნენ, რომ აზიელი ლეგიონერი ვარჯიშების დროსაც კი არ ეკონტაქტებოდა მათ და 24 საათი განმავლობაში სახლში იყო გამოკეტილი.
საიჯარო პერიოდის დასრუელბის შემდეგ მა ჩინეთში დაბრუნდა და შესაძლოა ის არავის აღარ გახსენებოდა რომ არა 2002 წლის მუნდიალი. მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ჩინეთის ნაკრები ბრაზილიას ხვდებოდა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. ჩინელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მეტოქის კარში, რაც გუნდის კაპიტნის მა მინიუს ძალისხმევით მოახერხეს.