ნიკოლა ანელკა: “იუვენტუსში” გატარებული პერიოდის მრცხვენია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ “ბებერი სინიორას” რიგებში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ფრანგი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში 2013 წელს ჩინური “შანხაი შენჰუადან” იჯარის წესით გადავიდა და “იუვეს” რიგებში მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დაჰყო, თუმცა ქვეყნის ჩემპიონი მაინც გახდა.

“2013 წელს “იუვენტუსის” შემოთავაზებას დავთანხმდი, ვინაიდან ეს დიდებული კლუბია, რომელიც იტალიის ჩემპიონატის გათამაშებას ლიდერობდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს პერიოდი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი გამოდგებოდა. როდესაც ვინმე “იუვეს” შესახებ მიწყებს საუბარს, ვცდილობ, რომ სალაპარაკო თემა შევცვალო. ამ პერიოდის მრცხვენია. სადაც მითამაშია, ყველა კლუბის რიგებში გამიტანია გოლი, გარდა “იუვენტუსისა”, – ციტირებს ანელკას სიტყვებს “სანი”.

ნიკოლა ანელკა ელერდაისს გამოექომაგა

ლონდონის “ჩელსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა სემ ელერდაისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“დიდი სემის ამბის გამო ძლიერ შევწუხდი. შენ იყავი და რჩები იმ კაცად, რომელიც ინგლისს ძალიან სჭირდება! მნიშვნელობა არ აქვს, რა გააკეთე ან რა თქვი, შეცდომებს თითოეული ჩვენგანი უშვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ისევ გვიყვარხარ! ყველაფრისთვის მადლობას გიხდი”, – დაწერა სოციალურ ქსელში ანელკამ.

შეგახსენებთ, რომ სემ ელერდაისი და ნიკოლა ანელკა “ბოლტონში” ერთად მუშაობდნენ. 61 წლის ბრიტანელ სპეციალისტს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კორუფციულ სკანდალში გახვევის გამო დაატოვებინეს.

ანელკა: „დომენეკს პატივს არ ვცემ“

ფრანგმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ რაიმონ დომენეკთან ამ დრომდე კონფლიქტი აქვს. შეგახსენებთ, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში მათ შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ანელკა ნაკრებიდან გააძევეს.

„ყველამ კარგად ვიცით, რა მოხდა სამხრეთ აფრიკაში და ვინ არის დამნაშავე. მეცინება, როდესაც ის საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენს. ამ იმიჯის წყალობით წიგნებიც ადვილად ეყიდება.

კი ბატონო, მე მწვრთნელს შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ მანამდე მან შეურაცხო მთელი საფრანგეთი. მან არ იცის, რა არის გამარჯვება, ამიტომ მე მას პატივს არ ვცემ. როდესაც კარლო ანჩელოტისთან და სხვა მწვრთნელებთან გაქვს ნამუშევარი, ძნელია, დომენეკის მეთოდს შეეგუო. მე მას შეურაცხყოფა მივაყენე და ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებდი“, – განუცხადა ანელკამ „მეტრო ნიუსს“.

ბექა დოგრაშვილი

რას ნიშნავს ანელკას მიერ გუშინდელ მატჩში გაკეთებული ჟესტი?

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „ვესტ ჰემსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ შორის გამართულ მატჩში (3:3) სტუმართა თავდამხმელმა ნიკოლა ანელკამ დუბლი შეასრულა, ერთ-ერთი გატანილი გოლი კი უცნაური ჟესტით აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, ანელკამ ფოტოზე მოცემული ჟესტი საფრანგეთის ანტისიონისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კომიკოს დიოდონე მბალა მბალას მიუძღვნა.

თავად ანელკამ სოციალური ქსელის მეშვეობით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ეს ჟესტი ჩემი მეგობრის, კომიკოს დიოდონესადმი ჩემს ერთგულებას ნიშნავს“.

აღნიშნულ ჟესტს „კანელი“ ეწოდება. ზოგიერთები მას შეფარულ ნაცისტურ მისალმებად მოიხსენიებენ, ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ამ ჟესტს არა ებრაელთა, არამედ ზოგადად – „სისტემის წინააღმდეგ“ აჩვენებენ. „კანელს“ ძირითადად საფრანგეთში იყენებენ, მის ფარგლებს გარეთ კი პრაქტიკულად უცნობია. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რამდენიმე დღის წინათ ინიციატივით გამოვიდა, რომ „კანელის“ ჩვენებისთვის სასჯელი იქნას გათვალისწინებული. ამ ჟესტს იყენებდა დიოდონე მბალა მბალა, რომელიც ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. საფრანგეთში ებრაული კავშირის წარმომადგენელმა როჯერ ცუკერბერგმა მბალა მბალას სასამართლოშიც კი უჩივლა. 47 წლის კომიკოსი, თავისი პროფესიის შესაბამისად, ამ ყველაფერს არასერიოზულად უდგებოდა და ამბობდა, რომ მას ჰიტლერთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მბალა მბალა ცნობილია ებრაელთა წინააღმდეგ თავისი სკანდალური გამონათქვამებით. მისი ტვინის ნაჟურია ებრაელების სექტად ან თაღლითთა ჯგუფად გამოცხადება. მანვე მოიხსენია ჰოლოკოსტი პორნოგრაფიის მემორიალად.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ აჩვენებენ მბალა მბალა და ანელკა ერთად „კანელის“ ჟესტს. შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ ფრანგი თავდამსხმელი მუსლიმია.

ბექა დოგრაშვილი