ჟინიაკი მექსიკაში ითამაშებს

“მარსელისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ადგილობრივ “ტიგრესს” შეუერთდება.

“საოცარი დახვედრაა, ყველას მადლობას გიხდით. შეუდარებელი ქალაქია. საოცრებები გველის”, – დაწერა ფრანგმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჟინიაკს “მარსელთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, 29 წლის ფეხბურთელი მექსიკურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

ჟინიაკმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 38 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

“ტიგრესი” მექსიკის სამგზის ჩემპიონია.

 

“ინტერი” იკარდის შესაძლო შემცვლელად ჟინიაკის კანდიდატურას განიხილავს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “მარსელის” თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მილანის “ინტერის” ყურადღების არეალში მოხვდა.

წყაროს ცნობით, არის იმის საფრთხე, რომ მაურო იკარდიმ “ნერიაძურისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას. მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არგენტინელის შესაძლო შემცვლელად სწორედ 29 წლის ფრანგი თავდამსხმელის კანდიდატურას მოიაზრებს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ანდრე-პიერ ჟინიაკმა 24 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

 

ჟინიაკი “მარსელს” დატოვებს

“მარსელის” პრეზიდენტმა ვენსან ლაბრუნმა განაცხადა, რომ კლუბსა და თავდამსხმელ ანდრე-პიერ ჟინიაკს შორის არსებული კონტრაქტი ნაადრევად გაწყდება. ფეხბურთელს “მარსელთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა როგორც ჩანს, ის მანამდე დატოვებს კლუბს.

“საფრანგეთში არსებული ზედმეტად მაღალი გადასახადების გამო იძულებულნი ვართ, ჟინიაკს ნაადრევად გამოვემშვიდობოთ. ფეხბურთელის კლუბში დატოვება გვინდა, თუმცა უტოპიაა იმაზე ფიქრი, რომ ის ხელფასის შემცირებას და ჩვენთან დარჩენას გადაწყვეტს”, – ციტირებს ლაბრუნის სიტყვებს Le Journal de Dimanche-ი.

ანდრე-პიერ ჟინიაკი შესანიშნავ ფორმაშია. მას საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში ათი გოლი აქვს გატანილი.