“შენი ადგილი სამზარეულოშია და არა მოედანზე” — ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დასაჯეს

ნორთამბერლენდის საგრაფოში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტ ჯონ კამინგსს ქალი არბიტრის, ლუსი მეის მისამართით თქმული სექსისტური კომენტარის გამო ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

24 წლის მდედრობითი სქესის მსაჯმა კამინგსს ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საკვირაო ლიგის ერთ-ერთ მატჩში არბიტრად დანიშვნა სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

“ქალის ადგილი სამზარეულოშია და არა საფეხბურთო მოედანზე. ამ საქმეს თავს ვერ გაართმევ. პირადად შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ლიგაში ქალი ვერასდროს იმსაჯებს”.

70 წლის კამინგსმა თავდაპირველად უარყო, რომ ასეთი საუბარი შედგა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

კამინგსმა ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც მის სექსისტურ შეხედულებებს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს:

“პროფესიით მსაჯი ჩემი ერთ-ერთ მეგობრის მეუღლეს ერთხელ ვუთხარი, რომ სახლში წასულიყო და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ქმრისთვის ჩაი მოემზადებინა. ვინც მიცნობს, ჩემგან ასეთი რამის მოსმენა არ გაუკვირდება. ეს ხუმრობაა. ქალის ადგილი სახლშია”.

კამინგსი კიდევ უფრო შორს წავიდა და მასსა და მის მეუღლეს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

“ჩემი მეუღლე გარეთ არასდროს გამოდის, მისი ადგილი სახლშია. ჩვენ 56 წლის ცოლ-ქმარი ვართ და სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე დამტოვებდა. 56 წლის განმავლობაში ის ჩემთან ერთად არის და მეც მუდამ ვეუბნები, რომ მისი ადგილი სახლშია. ვეხუმრები და ეს მან კარგად იცის”, – აღნიშნა კამინგსმა.

ჯონ კამინგსი დისკვალიფიკაციის გარდა 250 ფუნტით დააჯარიმეს. მას სპეციალური საგანმანათლებლო კურსის გავლაც მოუწევს.