2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშინაო მატჩამდე 8 დღე რჩება და დადგა დრო ქართული სანოემბრე რაზმიც გაიცნოს სარაგბო სამყარომ – ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩებისთვის საშინაო შეკრებას ორშაბათიდან, 3 ნოემბრიდან შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგებიან. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 28 მორაგბეა. მილტონ ჰეიგმა განაცხადა: “წელს ჩვენ გამოცდილი მოთამაშეებისა და რამოდენიმე იმ ახალგაზრდა მორაგბის ნაზავი გამოგვივიდა, რომლებმაც თავიანთი თავდაუზოგავი ვარჯიშით დაამტკიცეს, რომ ნამდვილად იმსახურებენ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას.“
„წინ ძალზე რთული თვე გველის, აქედან გამომდინარე მწვრთნელებმა ისეთი მოთამაშეები შევარჩიეთ, ვინც „დიდი თამაშისთვის“ დამახასიათებელ ზეწოლას ისე გაუძლებენ, რომ სათამაშო გეგმიდან არ ამოვარდებიან. ამ მოთამაშეებს ძლიერ მოწინააღმდეგესთან თავიანთი პოტენციალის გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ.”
თბილისამდე ტულუზაში ივარჯიშეს
ქართულ შეკრებამდე ჩვენმა ნაკრებმა 26-29 ოქტომბერს ტულუზაში 3 დღიანი შეკრება გაიარა, სადაც შესაძლებელი გახდა მოთამაშეთა კონდიციის შეეფასება. მსგავსი შეკრებების გამართვა მიღებული პრაქტიკაა, რაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს დებულების მე-9 მუხლით არის გათვალისწინებული.
ტულუზაში ნოემბრის საერთაშორისო სერიისთვის მზადებას ასევე ფიჯის ეროვნული ნაკრები გადიოდა. 29 ნოემბერს გუნდებმა ერთობლივი ვარჯიში გამართეს. ვარჯიშისას ქართულ-ფიჯურმა შერკინებამ და ხაზმა ცალ-ცალკე გაუსინჯეს ერთმანეთს გემო.
„აი არ ბის დებულების შესაბამისად, ოფიციალურ შეკრებამდე, საფრანგეთში სამ დღიანი მზადების კურსი გავიარეთ. ეს ძალზე წაგვადგება, ვინაიდან ამ დროს მოგვეცა, როგორც მოთამაშეების შეფასების, ასევე სათამაშო სისტემაზე, გეგმაზე თუ სტრუქტურაზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ქართულ შეკრებაზე უფრო მეტ დროს დეტალებს დავუთმობთ“ – დასძინა მთავარმა მწვრთნელმა.
ისევ ტრავმები
სამწუხაროდ უტრავმოდ ვერც ამ სანაკრებო სეზონს ვხვდებით. როგორც მოგეხსენებათ მამუკა გორგოძეს მუხლის ტრავმა აქვს – შერკინების ბურჯ, დავით ზირაქაშვილს კი, ტვინის შერყევა. მუხლის დაზიანების გამო ვერც შალვა სუთიაშვილის გამოძახება მოხერხდა. ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.
„ტრავმები აწუხებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც აუცილებლად მოხვდებოდნენ შემადგენლობაში, რაც გულდასაწყვეტია. მეორესმხრივ ეს საქმეში მათი შემცვლელების ნახვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომლებმაც უნდა დაამკტკიცონ, რომ რაზმში მოხვედრას იმსახურებენ. ხშირად გუნდში „ახლების“ ენთუზიაზმი დანარჩენ მოთამაშეებს გადაედებათ ხოლმე, მეც ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბრის სერიის განმავლობაში, ყოველი მათგანი თავდაუზოგავად ივარჯიშებს და გამორჩეულად ითამაშებს“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი
ქართულ სამწვრთნელო შტაბს ახალი წევრი – ფიზ.მომზადების ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი ქელვინ მორისი შეემატა.
ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტ სერიის რაზმი:
Rugby.Ge