დუდა სანძის 15 ქულა და გამარჯვება ლიდერ “გონზაგასთან”

დუდა სანაძის “სან დიეგომ” კონფერენციის ლიდერი “გონზაგა” დაამარცხა. გუნდს, რომელსაც კონფერენციაში 2 მარცხი ჰქონდა განცდილი და სრულიად სტუდენტური ლიგის გამოკითხვებში 25-ეულში შედის, სანდიეგოელებმა საკუთაარ მოედანზე 69:66 დაამარცხეს.

მატჩი პირდაპირ ეთერში ESPN 2ით გადაიცემოდა და ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბრად მიმდინარეობდა, სოლიდური ლიდერობის მოპოვებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ხნით წინ სანდიეგოელები იყვნენ.

პირველი ტაიმი “სან დიეგომ” 36:34 მოიგო და წარმატებით თამაში მეორეშიც განაგრძო. სანაძე წინა მატჩის მსგავსად სათადარიგო იყო, თუმცა ის კვლავ გამოირჩეოდა და გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო. სანდიეგოელების მიერ მოხვეჭილი მატჩის ბოლო 7 ქულიდან 5 ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე იყო. სანაძემ ბოლოს სულ საჯარიმოებით მოიპოვა ქულები – ჩამორჩენილი გონზაგელები ტაქტიკური პერსონალურებით ცდილობდნენ წაგებისაგან თავის დაძვრენას, რისი საშუალებაც მათ სანაძემ არ მისცა. დუდამ მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე 2 საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 69:66.

სანაძემ 28 წუთი ითამაშა და საერთო შედეგიანობით თავისიანთაგან საუკეთესო იყო. დუდამ 2-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მისმა თანაგუნდელმა, გუნდის პირველმა მექულა ჯონი დიმ 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 9-9 ქულით დაასრულეს შეხვედრა ჯიტო კოკმა და დენის კრამერმა.

“სან დიეგოს” 7 მოგება და 10 მარცხი აქვს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში სანაძის გუნდი 1 მარტს “ბრიგჰემ იანგს” უმასპინძლებს, რომელმაც სხვათა შორის, “გონზაგა” “სან დიეგოსთან” მატჩამდე დაამარცხა. რეგულარულის დასრულების შემდეგ “ვესტ ქოუსთის” კონფერენციის გუნდები თავს ლას ვეგასში მოიყრიან, სადათ ერთ წრეს ითამაშებენ და შემდეგ პლეი ოფში დაწყვილდებიან.

გუნდი

კონფერენცია

მთლიანად

გონზაგა

13-3

23-6

ბრიგჰემ იანგი

12-5

20-10

სან ფრანცისკო

11-5

18-10

სეინტ მერი

10-6

20-9

პეპერდაინი

8-8

15-13

პორტლენდი

7-9

15-13

სან დიეგო

7-10

16-14

პასიფიკი

5-11

14-13

სანტა კლარა

5-11

12-17

ლოიოლა

3-13

11-17

GBF.GE

სანაძის “სან დიეგომ” კონფერენცია წაგებით გახსნა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში კონფერენციის მატჩები დაიწყო. თუკი აქამდე გუნდები არეულად თამაშობდნენ, ნებისმიერი ნებისმიერს შეიძლება შეხვედროდა, დღეიდან ყველა საკუთარ კონფერენციაში ისპარეზებს. დუდა სანაძის “სან დიეგომ” აქამდე გამართული 13 არასაკონფერენციო მატჩიდან 9 მოიგო, დღეს კი “ვესთ ქოუსთის” კონფერენციის პირველივე  მატჩში “პეპერდაინთან” დამარცხდა – 64:75.

შეხვედრა “პეპერდაინის” მოედანზე, მზიან მალიბუში გაიმართა. მასპინძლებს 12 არასაკონფერენციო მატჩიდან მხოლოდ 7 მოგება ჰქონდათ, თუმცა უკეთესი შედეგის მქონე სანდიეგოელების დამარცხება არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმის პირველ ნახევარს, დამაჯერებლად ლიდერობდნენ.

10 ქულით ჩამოჩენილმა “სან დიეგომ” მეორე ტაიმის დასაწყისში შტურმი წამოიწყო და დაწინაურდა (53:52) კიდეც, თუმცა მასპინძლებმა მალევე დაალაგეს თამაში და ლიდერობა კვლავ 10 ქულამდე გაზარდეს. მატჩი ისე ჩამთავრდა, რომ სანდიეგოელებს მოგების შანსი აღარ გასჩენიათ.

სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 34 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო. სანდიეგოელთა შორის 26 ქულით საუკეთესო ჯონი დი იყო, დენის კრამერმა კი 13 მოაგროვა. გამარჯვებულ პეპერდაინელებს 20 ქულით მალკოლმ ბრუკსმა ულიდერა.

მომდევნო მატჩს “სან დიეგო” 30 დეკემბერს, სტუმრად “ლოიოლა ლაიონსთან” გამართავს.

gbf.ge