აფრიკის თასის მორიგი გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. როგორც ყოველთვის, ტურნირმა საფეხბურთო საზოგადოებასა და გულშემატკივრებს რამდნეიმე გამორჩეული მოთამაშე წარუდგინა.
რობერ მუტება კიდიაბა (მეკარე, კონგო)
აფრიკულ ფეხბურთში 39 წლის კიდიაბას ძალიან კარგად იცნობენ, ხოლო მათთვის, ვინც შავი კონტინენტის ფეხბურთით ახლა დაინტერესდა კონგოელი კიპერი ნამდვილ აღმოჩენად იქცა.
უცნური ქმედებებით გულშემატკივრებს მან თავი კვლავ დაამახსოვრა. თუმცა, კიდიაბა გამორჩეული საფეხბურთო ასპექტებშიც იწყო. სწორედ მისი კარგი თამაშის დამსახურებით კონგომ გათამაშების ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
სერჟ უილფრედ კანონი (მცველი, კოტ დივუარი)
ტურნირის დაწყებამდე სერჟ კანონის არსებობის შესახებ მხოლოდ ჰოლანდიური ფეხბურთის დიდმა გულშემატკივრებმა თუ იცოდნენ. გასაკვირია, მაგრამ “დენ ჰააგის” მცველმა აფრიკის თასამდე ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა ტურნირზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.
გარდა იმისა, რომ კანონი დაცვაში დამაჯერებლად ასპარეზობდა, ის საკუთარი გუნდის შეტევებსაც შესანიშნავად იწყებდა. კონგოსთან ნახევარფინალურ შეხვედრაში კი მნიშვენლოვანი გოლიც გაიტანა.
ხავიერ ანხელ ბალბოა ოსა (ნახევარმცველი, ეკვატორული გვინეა)
ახალგაზრდულ ასაკში ბალბოა “რეალში” ირიცხებოდა და ამ პერიოდში მას ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს გატანილი. 2007/08 წლებში ბალბოამ “ოლიმპიაკოსის” კარი დალაშქრა. თუმცა, მას შემდეგ მისი კარიერა მოლოდინისამებრ ვერ წარიმართა. ახლა ბალბოა პორტუგალიურ “ეშტორილშია” და ძირითად შემადგენლობაშიც კი უჭირს მოხვედრა. აფრიკის თასის საშინაო გათამაშება მისთვის წარმატების მიღწევის უკანასკნელი შანსი იყო, რომელიც მან წარმატებით გამოიყენა.
გაბონთან და ტუნისთან მოგებულ შეხვედრაში ხავიერი საუკეთესო იყო. ის საკუთარი გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა.
კრისტიან ატსუ (ნახევარმცველი, განა)
ატსუმ საკლუბო ფეხბურთში სტაბილურობას ვერ მიაღწია. ის ხშირად იცვლილს კლუბებს, წელს კი “ევერტონის” ძირითადში ვერ ვხვდება. თუმცა, განის ნაკრებში კრისტიანი მნიშვენლოვან როლს თამაშობს და “შავი ვარსკვლავების” ერთ-ერთი ლიდერიც არის.
ატსუ კლასიკური აფრიკელი ვინგერია: მოძრავი, ტექნიკური, ინდივიდუალისტი, თუმცა მას არც შავი სამუშაოს შესრულება ერიდება. კრისტიანმა მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და არც ერთი მატჩი არ ჩაუგდია. ორგანიზატორთა ვერსიით გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ატსუ გახდა.
აჰმედ აკაიჩი (თავდამსხმელი, ტუნისი)
“ეს წარმოუდგენელია. ეკვატორულ გვინეასთან მატჩი ყველამ ნახა. CAF-ის ხელმძღვანელი, ისა ჰაიატუ, უნდა გადადგეს. ის აფრიკელი ფეხბურთის სათავეში აღარ უნდა იყოს” – აკაიჩი ამ განცხადების შემდეგ დიდხანს დარჩება ყურადღების ცენტრში, თუმცა ტურნირზე მან საზოგადოებას თავი საკუთარი თამაშითაც დაამახსოვრა.
აფრიკის თასი 25 წლის მოთამაშისთვის კარიერის საუკეთესო ეპიზოდად იქცა. ტურნირამდე აკაიჩის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, გვინეაში კი ნარკების ნამდვილ ლიდერად იქცა. მას ევროპაში სათამშოდ ყველაფერი აქვს.