„მირორი“: ჰუმელსი „არსენალში“, როისი „ბაიერნში“

ბრიტანული გამოცემა „მირორი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ გარშემო არსებული სიტუაციის შეფასებას აგრძელებს.

დღე არ გადის, რომ ვინმემ მარკო როისის ევროპის სხვა ტოპ კლუბში გადასვლაზე არ ისაუბროს. ყოველ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ნახევარმცველი ამჟამინდელ კლუბს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებთან კონტრაქტი როისს 2017 წლამდე აკავშირებს, თუმცა ჯერჯერობით მისი გახანგრძლივების სურვილი არ გამოუთქვამს. მეტიც, პრესა წერს, რომ როისის შეძენის მსურველებს 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

აქამდე არსებული ჭორებით, მარკოს შეძენა „ბარსელონას“, „რეალის“, „ბაიერნისა“ და რამდენიმე ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს ჰქონდათ. აქედან ყველაზე დიდი შანსი „ბაიერნს“ აქვს, რომელმაც აქამდე დორტმუნდიდან მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა.

განსხვავებული სიტუაციაა მცველ მატს ჰუმელსის შემთხვევაში. ფეხბურთელის ტრანსფერი ოცდაათ მილიონ ევროდ ფასდება, მისი შეძენის ყველაზე დიდი სურვილი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, თავად 25 წლის ფეხბურთელს ლონდონის „არსენალში“ გადასვლის სურვილი აქვს. გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში „მეთოფეებმა“ „ბორუსიას“ მენეჯერებს სათანადო წინადადებითაც მიმართონ.