“ფორმულა-1” “გრიდ გერლზის” გარეშე – ფემინისტები იმარჯვებენ

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Liberty Media-მ “ფორმულა-1” 8 მილიარდი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ შეიძინა. კომპანის წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ “ფორმულა-1”-ს ძველ დიდებას დაუბრუნებდნენ და ამ მიზნით მთლიანად შეცვალეს მმართველი შტაბი.

მას შემდეგ, Liberty Media-მ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა ჩემპიონატში. ბოლოდროინდელმა ცვლილებამ კი ყველას ყუარდღება მიიპყრო – როგორც კომპანიის მარკეტინგული ოპერაციების დირექტორი, შონ ბრატჩესი გვატყობინებს, 2018 წლის სეზონიდან “ფორმულა-1” აღარ გამოიყენებს “გრიდ გერლზს”.

“მართალია, “გრიდ გერლზის” დასაქმებით კარგ საქმეს ვაკეთებთ და ამ ტრადიციამ ათწლეულებს გაუძლო, მაგრამ ვთვლით, რომ ეს ყოველივე ვეღარ პასუხობს დღევანდელ სტანდარტებს და ჩვენს მსოფლმხედველობას.

არ ვთვლით, რომ მდედრობითი სქესის ასეთი სახით გამოყენების პრაქტიკა “ფორმულა-1″-სთვის რელევანტურია, ისევე როგორც ახალგაზრდა და გამოცდილი ფანებისთვის,” – აცხადებს შონ ბრატჩესი.

სტიუარტ პრინგლი, ბრიტანული კომპანიის, Silverstone-ის დირექტორი “სამეფო ფორმულას” ამ გადაწყვეტილებას ასე ეხმაურება: “მთელი არსებით მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას და ვთვლით, რომ მდედრობითი სქესის ასე გამოყენება მოძველებული ტრადიციაა და სპორტში ამის ადგილი უკვე აღარ არის.”

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგა მსოფლიო დარტსის კორპორაციამ.

დეკემბრის თვეში BBC Sports-მა საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა იმის თაობაზე, უნდა იყვნენ თუ არა “გრიდ-გერლზი” “ფორმულა-1”-ში და ფანების 60-მა პროცენტმა ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა.

გთავაზობთ “გრიდ გერლზის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, შარლოტა გაშის ინტერვიუსაც: “ძალიან მაბრაზებს ის ფაქტი, რომ ისეთი დიდი კომპანია, როგორიც “ფორმულა-1″ არის, ასეთ დათმობაზე წავიდა.

მართალია, მე შემოსავლის სხვა წყაროებიც გამაჩნია, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ეს ერთადერთი იყო. ჩვენ უბრალოდ ის გვევალება, რომ ლამაზები ვიყოთ და სპონსორების დავალებები შევასრულოთ. ჩვენ გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ.”

ვინ არიან და რას აკეთებენ ისინი?

“გრიდ გერლზსი” – მოდელები, რომლებსაც “სამეფო ფორმულა” უძველესი დროიდან იყენებდა გარკვეული ცერემონიის წარმართვისას, როგორც დეკორაციას. მათ როგორც წესი, აცვიათ გამომწვევი ტანსაცმელი, რომელზეც სპონსორის სახელია გამოსახული.

მათ მოვალეობებს კი ისეთი რაღაცაც შეადგენს, რაც ქოლგის დაჭერაა ან პოსტერზე ამოტვიფრული მრბოლერის სახელის. ისინი აწყობენ საპატიო დერეფანს, რომელსაც მრბოლერები პოდიუმად იყენებენ.

ერთ-ერთმა ფანმა Liberty Media-ს საკმაოდ საინტერესო იდეაც შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, “გრიდ-გერლზსი” რობოტებმა უნდა ჩაანაცვლონ.

შუმახერი მეუღლისა და შვილების ხმის გაგონებაზე ტირილს იწყებს

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. გერმანელი ავტომრბოლელი მეუღლისა და შვილების ხმაზე უკვე რეაგირებს.

“შუმახერი მეუღლისა და შვილების ხმის გაგონებაზე ტირილს იწყებს. თითქოს სამწუხარო ამბავია, მაგრამ კარგი ფაქტია, რადგან შუმი სიცოცხლის ნიშნებს იბრუნებს”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფორმულა 1-ის თემებზე მომუშავე ჟურნალისტმა ანტონიო ბოსელიმ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 დეკემბერს მიხაელ შუმახერი საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას ბილიკიდან გადავიდა, ძირს დაეცა და თავი ქვას დაარტყა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. გერმანელი ავტომბრობელი კომიდან თითქმის 6-თვიანი პერიოდის შემდეგ გამოვიდა.

 

ფერნანდო ალონსომ ჯასტინ ბიბერთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ფორმულა 1-ში „ფერარის“ ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ ცნობილ მომღერალ ჯასტინ ბიბერთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ბიბერი ამ უქმეებზე მონაკოში გამართულ გრანპრის დაესწრო და იტალიური საჯინიბო „სკუდერია ფერარი“ მოინახულა. კანადელმა მომღერალმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოსთან შეხვედრაც მოისურვა, თუმცა ესპანელმა პილოტმა განაცხადა, რომ ძალიან დაკავებული იყო და ბიბერს ვერ შეხვდებოდა. ხელმოცარულ მომღერალს ისღა დარჩენოდა, რომ ე.წ. „სელფი“ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელ ბერნი ეკლსტოუნთან გადაეღო.

ფერნანდო ალონსომ მონაკოს გრანპრი მეხუთე პოზიციიდან დაიწყო და მეოთხეზე დაასრულა. პირად ჩათვლაში ესპანელი პილოტი მესამე ადგილზეა. როგორც მოგეხსენებათ, ჩათვლას „მერსედესის“ მრბოლელები — ნიკო როსბერგი და ლუის ჰემილტონი უდგანან სათავეში.

ბექა დოგრაშვილი

ნიკო როსბერგს მონაკოს კვალიფიკაციაზე გზა აერია?

ფორმულა 1-ში მონაკოს გრანპრის დღევანდელი კვალიფიკაციის ბოლო წუთებზე საინტერესო რამ მოხდა. „მერსედესის“ პილოტმა ნიკო როსბერგმა, რომელიც პოულ-პოზიციისთვის პარტნიორ ლუის ჰემილტონს ეცილებოდა, ტრეკზე ნებსით თუ უნებლიედ, შეცდომა დაუშვა და „მირაბოს“ მოსახვევში არ შევიდა, რის შემდეგაც ყვითელი ალმები ააფრიალეს. როგორც მოგეხსენებათ, ფორმულა 1-ში ყვითელი ალმების აფრილების დროს გასწრება იკრძალება. შესაბამისად, ჰემილტონმა ბოლო ცდაზე შედეგი ვერ გააუმჯობესა და რბოლის პოულ-პოზიციიდან დაწყების უფლება როსბერგმა მოიპოვა.

როგორც მოგეხსენებათ, მონტე-კარლოს ტრეკი საქალაქო გამოყენებისაა და არა სპეციალურად ავტორბოლისა. ამიტომ, რბოლების დროს ქალაქის ამ მონაკვეთზე გზა იკეტება. სწორედ ამიტომ ითვლება მონაკოს გრანპრი ფორმულა 1-ში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ რბოლად.

ცნობისთვის, მონაკოს გრანპრი 25 მაისს, ჩვენი დროით 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

აქვე გთავაზობთ როსბერგის განზრახ თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომის ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

ფეტელი ბოლიდით რაიკონენს კინაღამ დაეჯახა

ფორმულა 1-ში მონაკოს პრაქტიკაზე კინაღამ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. პიტ-სტოპში მყოფი „რედ ბულის“ პილოტი სებასტიან ფეტელი ბოლიდით კინაღამ „ფერარის“ მრბოლელ კიმი რაიკონენს დაეჯახა. ფინელი პილოტი „რედ ბულის“ მექანიკოსმა ნაიჯელ ჰოუფმა გადაარჩინა.

ცნობისთვის, მონაკოს გრანპრი 25 მაისს, ჩვენი დროით 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

შუმახერს ცნობიერების ნიშნები უბრუნდება

გასული წლის დეკემბრის თვიდან კომაში მყოფ ავტომრბოლელ მიხაელ შუმახერს ცნობიერების ნიშნები უბრუნებდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მენეჯერი საბინა კემი ავრცელებს.

„მიხაელის მდგომარეობის პროგრესირება აშკარაა. მას ცნობიერების ნიშნები უბრუნდება და გამოფხიზლებას იწყებს. ყველას მადლობას ვუხდით თანაგრძნობისთვის. ამავე დროს, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმ ფაქტს, რომ დეტალების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებთ“, – ციტირებს კემის სიტყვებს „ბი ბი სი“.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ავტომრბოლელი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს, მისი რეაქცია კი იმაზე მიუთითებს, რომ მიღებულ ინფორმაციას აღიქვამს. უცხოური პრესის ცნობით, ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები შუმახერს არ შორდებიან, მას მუდმივად ესაუბრებიან.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას ბილიკიდან გადავიდა, ძირს დაეცა და თავი ქვას დაარტყა. გერმანელი ავტომრბოლელი გრენობლის კლინიკაშია მოთავსებული.

ბექა დოგრაშვილი

შუმახერმა წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა, რომელიც უკვე მესამე თვეა კომაში იმყოფება, წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც ექიმების შეშფოთებას იწვევს.

თუ 2013 წლის დეკემბრის თვეში შუმახერი 75 კილოგრამს იწონიდა, ახლა წითელ ბარონად წოდებული ავტომრბოლელი 20 კილოგრამით ნაკლებია. მართალია, შუმახერის ორგანიზმი მთელი ამ ხნის განმავლობაში დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს, თუმცა მისი ამჟამინდელი წონა ყველა ნორმას არღვევს.

„კომაში მყოფი პაციენტისთვის წონის კლება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ 20 კილოგრამის დაკარგვა ბევრია. უნდა ვივარაუდოთ, რომ უმოძრაობის გამო კუნთების მუშაობა მნიშვნელოვნად გაუარესდება“, – განაცხადა ავტორიტეტულმა გერმანელმა ექიმმა კურტ დიემმა „ბილდის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას დავარდა და თავის მძიმე დაზიანება მიიღო. გერმანელი ავტომრბოლელი გრენობლის კლინიკაშია მოთავსებული.

ბექა დოგრაშვილი

ავსტრალიის გრანპრი როსბერგის ტრიუმფით დასრულდა, ლიდერობა „მაკლარენმა“ დაიბევა

ფორმულა 1-ის 2014 წლის სეზონის პირველი გრანპრის შემდეგ კონსტრუქტორთა თასზე ლიდერობა დაიბევა „მაკლარენმა“, რომლის პილოტებმაც რბოლა მესამე და მეოთხე ადგილებზე დაასრულეს. ავსტრალიის დღევანდელი დიდი პრიზი ნიკო როსბერგმა მოიგო, რისი წყალობითაც მეორე პოზიციაზე „მერსედესი“ აღმოჩნდა. მესამე ადგილი „რედ ბულმა“ დაიკავა.

კონსტრუქტორთა თასი:

 1. „მაკლარენი“  27 ქულა
 2. „მერსედესი“  25 ქულა
 3. „რედ ბული“  18 ქულა
 4. „ფერარი“  14 ქულა
 5. „უილიამსი“  8 ქულა
 6. „ფორს ინდია“  6 ქულა
 7. „ტორო როსო“  3 ქულა
 8. „ზაუბერი“  0 ქულა
 9. „ლოტუსი“  0 ქულა
 10. „კატერჰემი“  0 ქულა
 11. „მარუსია“  0 ქულა

პირადი ჩათვლა:

 1.  ნიკო როსბერგი (გერმანია, „მერსედესი“)  გამარჯვება 25 ქულა
 2.  დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“)  +24.5 წმ  18 ქულა
 3.  კევინ მაგნუსენი (დანია, „მაკლარენი“)  +26.7 წმ  15 ქულა
 4.  ჯენსონ ბატონი (დიდი ბრიტანეთი, „მაკლარენი“)  +30.0 წმ  12 ქულა
 5.  ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „ფერარი“)  +35.2 წმ  10 ქულა
 6.  ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი“)  +47.6 წმ  8 ქულა
 7.  ნიკო ჰიულკენბერგი (გერმანია, „ფორს ინდია“)  +50.7 წმ  6 ქულა
 8.  კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“)  +57.6 წმ  4 ქულა
 9.  ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, „ტორო როსო“)  +60.4 წმ  2 ქულა
 10.  დანიილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“)  +63.5 წმ  1 ქულა

ბექა დოგრაშვილი

ფორმულა 1-ის პილოტებს ბედაურის პროწიალის ნებას მისცემენ

როგორც ჩანს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში (FIA) იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ფორმულა 1-ის გრანპრიში გამარჯვებულ პილოტებს ტრიუმფისას ბოლიდის პროწიალისა და რგოლების მოხაზვის ნება დართონ. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს Motorsport-Total-ი.

მანამდე ეს ელემენტი აკრძალული იყო და პილოტებს სოლიდური ჯარიმებით სჯიდნენ. ახლა უკვე გამარჯვებულ ავტომრბოლელებს ბედაურის პროწიალის ნება მიეცემათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ასეთი განავარდება საფრთხეს არ შეუქმნის დანარჩენ პილოტებსა და სტიუარდებს, არ გასცდება რეგლამენტით დადგენილ წესებსა და ორგანიზატორებს დაჯილდოების ცერემონიის გადადებას არ აიძულებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გამარჯვებას ასე ხშირად აღნიშნავდა სებასტიან ფეტელი, რომელიც ინდოეთის გრანპრის შემდეგ 25 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გერმანელმა პილოტმა ბედაური აბუ-დაბიში, ოსტინსა და სან პაულუში გამართული რბოლების შემდეგაც აპროწიალა, მაგრამ მაშინ ფეტელი დასჯას გადაურჩა.

ბექა დოგრაშვილი

„ფერარიმ“ სამხრეთ აფრიკაში საჩვენებელი რბოლა მოაწყო

ფორმულა 1-ის გუნდმა „სკუდერია ფერარიმ“ სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში საჩვენებელი რბოლა მოაწყო.

საჩვენებელი წრეები „ფერარისა“ და „უილიამსის“ ყოფილმა ტესტ-პილოტმა მარკ ჟენემ გაიარა. ჟენე ბოლიდ F60-ს მართავდა, რომლითაც იტალიური გუნდი 2009 წლის სეზონში ასპარეზობდა. ესპანელმა ტესტ-პილოტმა რბოლის დროს მექანიკოსებთან ერთად პიტ-სტოპების სერიაც მოაწყო.

„ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, 25 ათასზე მეტი ენერგიული გულშემატკივარი გვესწრებოდა! მადლობა „შელსა“ და სამხრეთ აფრიკას!“ – დაწერა სოციალურ ქსელში ჟენემ.

 

ბექა დოგრაშვილი

სებასტიან ფეტელი: „თითოეულ პილოტს ბოლიდის მართვის ახალი სტილის გამომუშავება მოუწევს“

„რედ ბულის“ პილოტი სებასტიან ფეტელი თვლის, რომ რეგლამენტისა და ბოლიდთა კონსტრუქციაში ცვლილებების გამო თითოეულ ავტომრბოლელს ბოლიდის მართვის უნარების შეცვლა მოუწევს. გერმანელის თქმით, ფორმულა 1-ის პილოტები ახალ პირობებს უნდა შეეგუონ.

„დარწმუნებული ვარ, პილოტირებაში ახალი ელემენტები გაჩნდება და ზოგადად, სხვა მოთხოვნები დაწესდება. ამ ყველაფერთან ადაპტირება მოგვიწევს. ახალი ბოლიდი ტრეკზე სულ სხვანაირი იქნება. თუ ისევ ისე ვიმოძრავებთ, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ფინიშის ხაზამდეც ვერ მივაღწევთ. ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ სტილი როგორ უნდა შევიცვალოთ? თითოეულმა პილოტმა თვითონ უნდა იპოვოს ამ კითხვაზე სწორი პასუხი“, – ფეტელის სიტყვებს Autosport-ი ციტირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2014 წლის სეზონის პირველი გრანპრი მელბურნში (ავსტრალია), 16 მარტს შედგება და რბოლა თბილისის დროით დილის 10:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

სებასტიან ფეტელმა 2013 წელს 29 მილიონი ევრო გამოიმუშავა

„რედ ბულის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა, რომელიც გასულ წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონი მიჯრით მეოთხედ გახდა, 2013 წელს 29 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ამ ინფორმაციას „მოტორსპორტი“ ავრცელებს.

აღნიშნული თანხიდან 12 მილიონი 26 წლის გერმანელი ავტომრბოლელის სახელფასო შემოსავალია, დანარჩენი 17 მილიონი კი – სასპონსორო კონტრაქტებიდან და სხვადასხვა ეტაპების მოგებისთვის მიღებული ბონუსები.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სეზონიდან, შეთანხმების მიხედვით, ფეტელის პრემიალური თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2014 წლის სეზონის პირველი გრანპრი მელბურნში (ავსტრალია), 16 მარტს შედგება და რბოლა თბილისის დროით 10:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი