ფეტელი ბოლიდით რაიკონენს კინაღამ დაეჯახა

ფორმულა 1-ში მონაკოს პრაქტიკაზე კინაღამ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. პიტ-სტოპში მყოფი „რედ ბულის“ პილოტი სებასტიან ფეტელი ბოლიდით კინაღამ „ფერარის“ მრბოლელ კიმი რაიკონენს დაეჯახა. ფინელი პილოტი „რედ ბულის“ მექანიკოსმა ნაიჯელ ჰოუფმა გადაარჩინა.

ცნობისთვის, მონაკოს გრანპრი 25 მაისს, ჩვენი დროით 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

ფორმულა 1-ის პილოტებს ბედაურის პროწიალის ნებას მისცემენ

როგორც ჩანს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში (FIA) იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ფორმულა 1-ის გრანპრიში გამარჯვებულ პილოტებს ტრიუმფისას ბოლიდის პროწიალისა და რგოლების მოხაზვის ნება დართონ. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს Motorsport-Total-ი.

მანამდე ეს ელემენტი აკრძალული იყო და პილოტებს სოლიდური ჯარიმებით სჯიდნენ. ახლა უკვე გამარჯვებულ ავტომრბოლელებს ბედაურის პროწიალის ნება მიეცემათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ასეთი განავარდება საფრთხეს არ შეუქმნის დანარჩენ პილოტებსა და სტიუარდებს, არ გასცდება რეგლამენტით დადგენილ წესებსა და ორგანიზატორებს დაჯილდოების ცერემონიის გადადებას არ აიძულებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გამარჯვებას ასე ხშირად აღნიშნავდა სებასტიან ფეტელი, რომელიც ინდოეთის გრანპრის შემდეგ 25 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გერმანელმა პილოტმა ბედაური აბუ-დაბიში, ოსტინსა და სან პაულუში გამართული რბოლების შემდეგაც აპროწიალა, მაგრამ მაშინ ფეტელი დასჯას გადაურჩა.

ბექა დოგრაშვილი

სებასტიან ფეტელი: „თითოეულ პილოტს ბოლიდის მართვის ახალი სტილის გამომუშავება მოუწევს“

„რედ ბულის“ პილოტი სებასტიან ფეტელი თვლის, რომ რეგლამენტისა და ბოლიდთა კონსტრუქციაში ცვლილებების გამო თითოეულ ავტომრბოლელს ბოლიდის მართვის უნარების შეცვლა მოუწევს. გერმანელის თქმით, ფორმულა 1-ის პილოტები ახალ პირობებს უნდა შეეგუონ.

„დარწმუნებული ვარ, პილოტირებაში ახალი ელემენტები გაჩნდება და ზოგადად, სხვა მოთხოვნები დაწესდება. ამ ყველაფერთან ადაპტირება მოგვიწევს. ახალი ბოლიდი ტრეკზე სულ სხვანაირი იქნება. თუ ისევ ისე ვიმოძრავებთ, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ფინიშის ხაზამდეც ვერ მივაღწევთ. ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ სტილი როგორ უნდა შევიცვალოთ? თითოეულმა პილოტმა თვითონ უნდა იპოვოს ამ კითხვაზე სწორი პასუხი“, – ფეტელის სიტყვებს Autosport-ი ციტირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2014 წლის სეზონის პირველი გრანპრი მელბურნში (ავსტრალია), 16 მარტს შედგება და რბოლა თბილისის დროით დილის 10:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

სებასტიან ფეტელმა 2013 წელს 29 მილიონი ევრო გამოიმუშავა

„რედ ბულის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა, რომელიც გასულ წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონი მიჯრით მეოთხედ გახდა, 2013 წელს 29 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ამ ინფორმაციას „მოტორსპორტი“ ავრცელებს.

აღნიშნული თანხიდან 12 მილიონი 26 წლის გერმანელი ავტომრბოლელის სახელფასო შემოსავალია, დანარჩენი 17 მილიონი კი – სასპონსორო კონტრაქტებიდან და სხვადასხვა ეტაპების მოგებისთვის მიღებული ბონუსები.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სეზონიდან, შეთანხმების მიხედვით, ფეტელის პრემიალური თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2014 წლის სეზონის პირველი გრანპრი მელბურნში (ავსტრალია), 16 მარტს შედგება და რბოლა თბილისის დროით 10:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

„მარკამ“ საუკეთესო არაესპანელი სპორტსმენები დაასახელა

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ 2013 წლის საუკეთესო არაესპანელი სპორტსმენები დაასახელა. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, პირველი ადგილი მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, რომელსაც მართლაც გასაოცარი სეზონი ჰქონდა.

რონალდუმ ხმათა 24,5 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ფორმულა 1-ის წარმომადგენელი, „რედ ბულის“ გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელიც 2013 წელს მსოფლიოს ჩემპიონი მიჯრით მეოთხედ გახდა. მან ხმათა 21 პროცენტი მიიღო.

მესამე პოზიცია NBA-ს ვარსკვლავმა, „მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა, რომელსაც ხმათა 16 პროცენტი ხვდა წილად.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ 9 პროცენტით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბექა დოგრაშვილი