ჩისკო ესპანეთის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა

თბილისის „დინამოს“ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჩისკო მუნიოსი ესპანეთის სეგუნდა B-ს მესამე ჯგუფში მოასპარეზე ტარაგონას „ჰიმნასტიკში“ გადაბარგდა.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, მხარეებმა კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმეს. ოფიციალურად ჩისკოს ახალ კლუბში სამშაბათს, ადგილობრივი დროით, 12 საათსა და 30 წუთზე წარადგნენ.

ამჟამად „ჰიმნასტიკი“ 29 ქულით გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ „ჰერკულესს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ჩისკო „დინამოში“ 2011 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ამ პერიოდში თბილისურ კლუბთან ერთარ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ საქართველოს თასისა და ერთხელ ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. „ლურჯ-თეთრების“ მაისურით თავისი ბოლო მატჩი ესპანელმა 11 დეკემბერს ჩაატარა, როდესაც „დინამო“ სუპერთასის შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ხსენებულ თამაშში 90-ე წუთზე სწორედ ჩისკომ გაიტანა.