მილანის “ინტერის” მონაწილეობით გამართულ მატჩებში კურიოზული ეპიზოდები გრძელდება.
იტალიის სერია A-ს XIX ტურში “ემპოლისა” და “ინტერს” შორის შემდგარი შეხვედრის (0:0) მეორე ტაიმის მიმდინარეობისას გვერდით არბიტრს ერთ-ერთ მომენტში ფეხი დაუცდა და ძირს დაეცა, თამაშგარე მდგომარეობა კი წაქცეულმა დააფიქსირა. წაქცევის შემდეგ მსაჯმა მცირე ტრავმაც მიიღო, თუმცა მედიკოსებმა უმალ უწამლეს და მანაც მუშაობის გაგრძელება შეძლო.
ცნობისთვის, “ემპოლის” ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, მოედანზე 71 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურიც იყო. ჩვენებურმა 57-ე წუთზე უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში “ინტერის” ფეხბურთელმა მარკო ანდრეოლიმ გუნდის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის უნებლიეთ ბურთი გაარტყა, რის შემდეგაც იტალიელი სპეციალისტი ძირს დაეცა.