ზურაბ ჟვანიამ “ბენეტონ ტრევიზოსთან” ლელო დადო (ვიდეო)

19 დეკემბერს, “სტად ფრანსემ” საკუთარ მოედანზე “ბენეტონ ტრევიზო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 40:14 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში მე-40 წუთზე გამოჩნდა ზურაბ ჟვანია. ქართველმა მორაგბემ 61-ე წუთზე ბრწყინვალე ლელოს დადება მოახერხა.

საქათველოს ნაკრების პირველხაზელი ზურაბ ჟვანია ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილია. მერე კარიერა ქუთაისის “აიაში” განაგრძო. სწრაფი, შერკინებაში საკმაოდ მყარად მდგომი მალე მოექცა სპეციალისტების ყურადღების არეში. სამი წლის წინათ საფრანგეთის ერთ-ერთმა გრანდმა კლუბმა “სტად ფრანსემ” მიიწვია და პირველი წელიწადი სათადარიგო გუნდში გაატარა.

იმ პერიოდში “სტად ფრანსეს” მცირე ფინანსური კრიზისი ჰქონდა. კლუბს ახალი პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში და პარიზელები ნელ-ნელა იბრუნდებდნენ ძველ დიდებას. დღესდღეობით გუნდი, რომელშიც ზურასთან ერთად ბორჯღალოსანი დავით ქუბრიაშვილი თამაშობს, 50 ქულით საფრანგეთის ‘ტოპ 14-ის’ ლიდერია. ზურა კლუბის სრულფასოვანი წევრია, მეტიც, რამდენიმე კვირის წინათ ის პირველობის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

საკლუბო და სანაკრებო ამბები


– ბოლო ორი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში სერიოზულ წინსვლა გქონდათ. თუმცა, ორი ლელოს დადებისა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შემდეგ, ძირითად შეადგენლობაში მომდევნო ტურში აღარ იყავით.

– ეს ჩვეულებრივი ამბავია. მწვრთნელები ხშირად მიმართავენ როტაციას. ბოლო თამაშებში მართლაც კარგად გავისარჯე. გუნდის თავკაცები კმაყოფილნი არიან. პრეზიდენტიც შემხვდა მატჩის შემდეგ და მომილოცა.

– ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თქვენს მიერ დადებული ლელოები თანაგუნდელებს განსაკუთებით უხარიათ. რაღაც სხვანაირ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩინენ.

– ძალიან მეგობრული გუნდია. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თან ისე გამოვიდა, რომ ორივე ლელო პრემიალური ქულის მომტანი გამოდგა. ამიტომაც აღნიშნეს და მომილოცეს განსაკუთრებით. შეიძლება ითქვას, რომ მიეჩვივნენ ჩემს ლელოებს. ბოლო მატჩში მეტოქის ლელოში არ შემიღწევია და თამაშის მერე, ცხადია, ხუმრობით, კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, როგორ მოხდა ლელო რომ ვერ დადეო.

– ფრანგი კომენტატორები ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ თქვენს აქტიურ თამაშს.

– დიახ, თან ზურაბის თქმა უჭირთ და “ზუზუს” მეძახიან. ცხადია, ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ ყველაფერი კიდევ წინ მაქვს. კლუბმა ახლახან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გამიფორმა. უფრო სწორად 2+2 სისტემით ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი.

– ‘ჩელენჯ კაპის’ გათამაშების ბოლოსწინა ტურის მატჩში “ბუქარესტთან” შერკინების კვაჭის პოზიციაზე ითამაშეთ…

– არა, შერკინების ბურჯი ვარ და ახლა ჩემს ასაკში პოზიციის გამოცვლა არ იქნება სწორი. მეტიც, ვფიქრობ, შეუძლებელია. უბრალოდ, შერკინების კვაჭადაც შემიძლია თამაში, ბურთს დერეფანში ნორმალურად ვაგდებ. კლუბის ძირთადი კვაჭი დაშავებულია და მთხოვეს მის ადგილზე ამჯერად მე მეთამაშა. ნაკრებზეც იგივეს ვიტყვი. თუ ჩვენს ეროვნულ გუნდს დაჭირდება შერკინების კვაჭადაც ვითამაშებ.

– წლეულს საქართველოს ნაკრები მეოთხედ იასპარეზებს მსოფლიოს თასზე. როგორ ფიქრობთ, რა შედეგის ჩვენება შეუძლია ჩვენს ეროვნულ გუნდს ინგლისში?

– მართალია მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება თითქოს იოლად მოვიპოვეთ, მაგრამ მარტო ის, რომ პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის ვართ, უკვე დიდი მიღწევაა. ინგლისში ჩვენი სამიზნე ტონგას ნაკრები იქნება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს გუნდი დავამარცხოთ.

კიდევ ერთი მატჩი ნამიბიასთან დაპირისპირებისას უნდა მოვიგოთ, თუმცა იოლი არც ეს იქნება. არგენტინას ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ეს გუნდი სერიოზულ პროგრესს განიცდის და მათთან მოგება ძალიან გაგვიჭირდება.

ახალი ზელანდიის ნაკრები სულ სხვა თემაა. ამ შეხვედრაში ყველაფერი უნდა ვანახოთ, რაც შეგვიძლია და მსოფლიოს საუკეთესოსთან თამაშით ვისიამოვნოთ.

Rugby.GE