„ვითამ“ „ა“ ლიგის მედლებისა და სიგელის მიღება იუარა

„კაქტუსი“ – „ვითას“ მატჩისშემდგომ დაჯილდოვების ცერემონიალზე „ვითამ“ მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის განკუთვნილი მედლებისა და სიგელის მიღება იუარა, რის შესახებაც „ა“ ლიგის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

შეგახსენებთ, მატჩი „კაქტუსის“ გამარჯვებით (83:63) დასრულდა, რითიც გუნდმა შემდეგ სეზონში სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ვითას“ „ა“ ლიგის მიმდინარე სეზონში „კაქტუსთან“ პირველი წრის მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს, რადგან იქამდე კლუბმა მეტოქე გუნდის ამერიკელ ლეგიონერ კლარენს ჯექსონთან კონტრაქტი ფარულად გააფორმა.

გადასასვლელი სერიების პირველი მატჩები სოხუმმა და ოლიმპმა მოიგეს

სუპერლიგის და “ა“ ლიგის ჩემპიონატები დასრულდა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ გასარკვევი დარჩა. „ა“ ლიგის საუკეთესო 2 გუნდს სუპერლიგაში გადასვლის შანსი აქვთ და ჯერი სწორედ საკვალიფიკაციო მატჩებზე მიდგა.

პირველი ლიგის საუკეთესო 2 გუნდი სუპერლიგის ბოლო ადგილოსან გუნდებს ხვდებიან და სერიაში გამარჯვებულები მომავალი სეზონის სუპერლიგაში იასპარეზებენ. სერია 2 მატჩისგან შედგება და მნიშვნელობა თითოეულ ჩაგდებულ ქულას ენიჭება. 2 მატჩის ჯამში რომელ გუნდსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება, გამარჯვებულიც ის იქნება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „ა“ ლიგის გამარჯვებული არენა-76 სუპერლიგის ბოლოადგილოსან ოლიმპის წინააღმდეგ. მეორეზე გასული წყალტუბო კი სუპერლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასულ სოხუმს დაუპირისპირდება. 28 მაისს გაიმართა სერიის პირველი მატჩები და ორივე შეხვედრაში სუპერლიგელთა გამარჯვება დაფიქსირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაბალლიგელებმა ღირსეულად და სამაგალითოდ იბრძოლეს.

სპორტკომპლექს „არენაში“ პირველი ლიგის გამარჯვებულმა არენა 76-მა ოლიმპს უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით – 78:86 დამარცხდა. ნოდარ გოგოძისა და მარკო დუიკოვიჩის შედეგიანობით ოლიმპელებმა შეუპოვრად მებრძოლი არენელები ბოლო წუთებზე გატეხეს. გოგოძემ შეხვედრა 25 ქულით დაასრულა, ხოლო სერბი გოლიათის – მარკო დუიკოვიჩის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. საპასუხო მატჩი 30 მაისს კვლავ სპორტკომპლექს არენაში გაიმართება და თუკი ოლიმპმა 8 ქულაზე მეტით არ წააგო, სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. თუკი არენა 76-მა 8 ქულით იმარჯვა, დამატებითი 5-წუთეული დაინიშნება.

მეორე წყვილში გაცილებით დაძაბული ბრძოლა გაიმართა, რომელიც სუპერლიგელი სოხუმის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა წყალტუბოს შინაურ კედლებში გამარჯვების მოპოვებამდე მცირედი დააკლდა. მეორე პერიოდის ჩაგდების შემდეგ წყალტუბოელები დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ, თუმცა უკრაინელი ლეგიონერებისა და გიორგი კუჭავას წყალობით წყალტუბოელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ბოლო პერიოდში ანგარიშიც გაათანაბრეს.

გადამწყვეტი წუთები დრამატული გამოდგა. სოხუმელებმა ლიდერობის კბილებით შენარჩუნება მოახერხეს და მეორე მატჩს, რომელიც 30 მაისს თბილისში, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება, 3-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდებიან. სოხუმში გამოსარჩევია ირაკლი ჩლაიძის თამაში, რომელმაც 23 ქულა მიითვალა, კამერუნელმა პელე პეილეიმ კი სოხუმელებს 18 ქულა მიაშველა. წყალტუბოელთაგან 24 ქულა, 14 მოხსნა და 8 პასი ალექსანდრ რიხლიუკის ანგარიშზეა, მეორე უკრაინელმა, სერჰი ალფიოროვმა შეხვედრა 22 ქულით და 9 პასით დაასრულა.

“ა” ლიგიდან სუპერლიგაში გადასასვლელი მატჩების კენჭისყრა გაიმართა

„ა“ ლიგიდან სუპერლიგაში გადასასვლელი მატჩებში სტუმარ-მასპინძელის გასარკვევად კენჭისყრა ჩატარდა. „ა“ ლიგის საუკეთესო 2 კლუბის – „არენასა“ და „წყალტუბოსთან“ ერთად სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში სუპერლიგის ბოლო 2 ადგილის მფლობელი გუნდების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

სანამ კენჭისყრის შედეგებს გეტყოდეთ, აღვნიშნავთ, რომ გადასასვლელ წყვილებში ერთმანეთს შეხვდებიან „არენა“ – „ოლიმპი“ და „სოხუმი“ – „წყალტუბო“. ამ წყვილებში გამარჯვებულები მომავალ სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებენ. სერიაში გამარჯვებული 2 მატჩის შედეგად გამოვლინდება. სერიის პირველ, ან მეორე შეხვედრაში შესაძლებელია თამაშის ფრედ დასრულება. ანგარიშში 2 მატჩის შედეგად დაფიქსირებული შედეგი მიიღება.

კენჭისყრის შედეგად, სერიის პირველ მატჩებს „წყალტუბო“ და „არენა“ უმასპინძლებენ. არენელები, გუნდ „ოლიმპის“ მსგავსად საშინაო მატჩებს სპორტკომპლექს „არენაში“ უმასპინძლებენ. წყალტუბო მშობლიურ ქალაქში ითამაშებს, „სოხუმი“ კი საშინაო მატჩს სავარაუდოდ საკალათბურთო აკადემიაში უმასპინძლებს.

მატჩები 28 და 30 მაისს გაიმართება.

“ა” ლიგა დასრულდა: სუპერლიგაში გადასასვლელად არენა და წყალტუბო იბრძოლებენ

დასრულდა „ა“ ლიგის გათამაშება. ტურნირის მონაწილე 6 გუნდი ერთმანეთს 2-2-ჯერ შეხვდა და 10 ტურის თავზე ის 2 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებიც სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძოლებენ.

ესენი არიან „არენა-76“ და „წყალტუბო“. ორივე მათგანმა 8 მოგება და 2 მარცხი დააგროვა, უპირატესობა კი ურთიერთშეხვედრებში ორივე მოგების მომპოვებელ არენელებს მიენიჭათ, რომლებმაც პირველი ადგილი დაიკავეს.

„არენამ“ პირველობა ბოლო ტურში მოიპოვა. წყალტუბოელებმა ბოლო ტურის მატჩი ერთი დღით ადრე გამართეს და იმარჯვეს, „არენა“ კი დასკვნით მატჩში „კაკტუსს“ შეხვდა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის შანსი ჰქონდა. სპორტის სასახლეში გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო პერიოდში გადაწყდა.

„არენამ“ მძლავრი მესამე პერიოდი ჩაატარა, რომელიც 20:11 მოიგო და დასკვნითი მეოთხედის წინ 11 ქულით დაწინაურდა. მოპოვებული უპირატესობა არენელებმა ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 84:74 იმარჯვეს. 6 სამქულიანი ჩააგდო და 26 ქულით არენელთაგან ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე. 20 ქულა დააგროვა ჯერემი ბაინამმა, ხოლო ზურაბ მაჩალაძის ანგარიშზე 15 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩჭრა დაგროვდა. კაკტუსელებს ვერ უშველა სამა ტაკუს შედეგიანობამ, რომელმაც შეხვედრა 30 ქულით დაასრულა.

ამავდროულად გასარკვევი იყო იმ 2 გუნდის ვინაობა, რომლებიც „ა“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მომავალი სეზონის დაწყებამდე იბრძოლებენ. „კაკტუსმა“ ლიგაში დარჩენის დილემა რამდენიმე ტურის წინ გადაჭრა, ხოლო მეორე გუნდი ბოლოტურში გამოვლინდა. „სეუ-ჰიუნდაისა“ და თსუ-ს შორის გამარჯვებული ლიგაში რჩებოდა, წაგებული კი გორის „დილასთან“ ერთად უკანასკნელ 2 ადგილს იკავებდა. დებულების თანახმად, ბოლო 2 ადგილზე გასული გუნდი მომავალი სეზონის დაწყებამდე საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავს „ა“ ლიგაში შემოსასვლელი შესარჩევი ტურნირის 2 საუკეთესო გუნდთან.

ეს 2 გუნდი გორის „დილა“ და „სეუ-ჰიუნდაი“ იქნებიან. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში თსუ-სთან მარცხი გაიცადა. 8:30 წაგებული მეორე მეოთხედის შემდეგ ჰიუნდაელებმა ვითრების გამოსწორება ვეღარ  შეძლეს და საბოლოოდ 77:88 დამარცხდნენ. თსუ-ში 25 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო ირაკლი ბეშქენაძე იყო, ხოლო „სეუ-ჰიუნდაიშიც“ 25-25 ქულა დააგროვეს გელა კოპალიანმა და კაილ ფულერმა.

არენამ და კაკტუსმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს

„ა“ ლიგა მეორე წრის პირველი ტურით განახლდა. საკალათბურთო აკადემიაში 2 მატჩი გაიმართა, ხოლო ტურის მე-3 შეხვედრას მომავალ პარასკევს წყალტუბო უმასპინძლებს. რაც შეეხება ჩატარებულ 2 მატჩს, ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. „კაკტუსმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლია, ხოლო „არენა-76“-მა გორის „დილა“ დაამარცხა.

უფრო საინტერესო და დაძაბული მეორე მატჩი გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს ცხრილის თავ-ბოლოში მყოფი გუნდები შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „დილა“ ბოლო ადგილზეა, არც ერთ მეტოქეს იოლად არაფერს უთმობს. გორის გუნდს ყველა მატჩი ბრძოლაში აქვს წაგებული და ასე იყო გათამაშების ლიდერ „არენასთანაც“. „დილა“ თითქმის მთელი თამაში იგებდა, გორელების უპირატესობა პერიოდულად 10 ქულასაც აღწევდა, თუმცა გადამწყვეტ მომეტნტში შიდაქართლელებს არ გაუმართლათ.

„არენამ“ საბოლოოდ 6 ქულით – 89:83 მოიგო, რაშიც ლომის წილი ამერიკელ ლეგიონერ ჯერემი ბაინამს მიუძღვის. ოკეანგაღმელმა ბომბარდირმა 27 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლები მიითვალეს ალექსანდრ კოსენკოვმა (22 ქულა, 14 მოხსნა) და ზუკა მაჩალაძემ. ამ უკანასკნელს სამმაგ დუბლამდე 2 ჩაჭრა დააკლდა – 17 ქულა, 10 მოსნა, 8 ჩაჭრა. გორის „დილაში“ 27 ქულით საუკეთესო ზვიად ბაბიაშვილი გახლდათ.

მეორე მატჩში „კაკტუსმა“ თსუ-ს 75:66 სძლია. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა თამაში უხეიროდ დაიწყეს და პირველი მეოთხედი 14:17 დათმეს, თუმცა მეორე პერიოდში გარდატეხა მოახდინეს და 10-წუთეულის 23:7 მოგებით დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 37:24.

მეორე ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა. თსუ ეცადა, მაგრამ კაკტუსელების გააზრებული თამაშის წყალობით ვითარება არ დაძაბულა. „კაკტუსს“ ტრადიციულად კამერუნული ფესვების მქონე ამერიკელმა სამა ტაკუმ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 13 ქულა და 11 მოხსნა რომან ტუკვაძის ანგარიშზე, კირილე ტატუნაშვილმა კი შეხვედრა 11 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. თსუ-ში 21 ქულით საუკეთესო მიხეილ ფანჩულიძე გახლდათ.

მე-6 ტური მომავალ პარასკევს წყალტუბოში დასრულდება. იმერული კლუბი „სეუ-ჰიუნდაის“ უმასპინძლებს.

ლიდერი არენა კაკტუსმა პირველი წრის ბოლო ტურში დაამარცხა

დასრულდა „ა“ ლიგის პირველი წრე. ბოლო ტურში პირველი მარცხი განიცადა „არენა-76“-მა, რომელსაც არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაკტუსმა“ მოუგო.

მე-5 ტურის სამივე მატჩს 8 აპრილს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში „კაკტუსმა“ 77:71 სძლია „არენას“. პირველ ტაიმში კაკტუსელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, თუმცა ჯერემი ბაინამის შედეგიანი თამაშის წყალობით არენელებმა ბოლო პერიოდში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი, რაც ცხრილის ლიდერმა გუნდმა მოახერხა.

გამარჯვებულებს 37 ქულითა და 12 მოხსნით კამერუნელმა ლეგიონერმა სამა ტაკუმ ულიდერა. 12 ქულა 4 სამქულიანი სროლით დავით ხიზანიშვილმა დააგროვა. დამარცხებულთაგან საუკეთესო ბაინამი გახლდათ – 35 ქულა. ზუკა მაჩალაძემ 15 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

დაძაბული გამოდგა „სეუ-ჰიუნდაისა“ და თსუ-ს დაპირისპირება. ლაშა ეგვერაძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა მატჩი შედეგიანად დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ შუაწელში თსუ-მ დაწინაურება მოახერხა, „სეუ-ჰიუნდაიმ“ მობილიზებით ჩაატარა შეხვედრის დასკვნითი ნაწილი და ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ეძგვერაძის გუნდმა ამ გამარჯვებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა (კაკტუსს პირადი მოგების ხარჯზე ჯობნის).

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ირაკლი ალხანაიძემ, რომელმაც 39 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა კირილე თვაურმა, ხოლო ამერიკელ კაილ ფულერს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 15 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.

დიდი ბრძოლა გაიმართა პირველი წრის დასკვნით მატჩში, რომელშიც ერთმანეთს გორის „დილა“ და „წყალტუბო“ შეხვდნენ. იმერული კლუბი თავიდანვე გალიდერდა და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას ზრდიდა. დიდი შესვენებისთვის წყალტუბოელებმა 19-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს და თითქოს გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა, თუმცა გორელებმა მეორე ტაიმში შედეგიანობა გამოავლინეს და ბოლო წუთებზე მეტოქეს წამოეწივნენ. გორელებს ვითარების შესაცვლელად დრო არ ეყოთ – „წყალტუბომ“ 79:75 იმარჯვა.

იმერულ კლუბში უკრაიმენელი გამოირჩნენ. ალექსანდრ რიხლიუკმა 25 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო სერგეი ალფიოროვმა წყალტუბოელებს 21 ქულა შესძინა. 15 ქულა დაგროვდა გიორგი კუჭავას ანგარიშზე. „დილაში“ საუკეთესსო ედეგი ვლადიმერ ბეჟანიშვილმა დააფიქსირა – 18 ქულა, 12 მოხსნა. 15 ქულა და 9 მოხსნა ზვიად ბაბიაშვილის ანგარიშზე. დავით მუშკუდიანმა 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ღონისძიებების კალენდარი და ცვლილება დებულებებში

გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის დაწყებისთვის არ იყო ცნობილი, თუ როგორი ფორმით შეიქმნებოდა „ა“ ლიგა და ამ შეჯიბრმა სტარტი შუა სეზონში აიღო, საჭირო გახდა დებულებებსა და ჩემპიონატების კალენდრებში ცვლილებების შეტანა. ეს ყველაფერი სეზონის დაწყებამდე შეთანხმებული იყო ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან. ჩემპიონატების სიმრავლემ და სეზონის მსვლელობისას ახალი ტურნირების დაწყებამ განაპირობა კალენდრებში გარკვეული ცვლილებების განხორციელება.

აღსანიშნავია საპრიზო ფონდის მნიშვნელოვნად გაზრდა. წინა სეზონში საპრიზო თანხა შეადგენდა 25 000 ლარს, რომელიც საუკეთესო სამეულმა გაინაწილა, მიმდინარე სეზონის საუკეთესო 4 გუნდი კი დაკავებული ადგილების შესაბამისად 250 000 ლარს გაინაწილებს.

დებულებებისა და კალენდრების ახალ რედაქციას ქვემოთ გთავაზობთ:

kalendari_gonisdziebebi_new

 

cvlileba_superligis_debulebashi

 

a_ligis_cvlileba

ა ლიგაში მესამე ტური გაიმართა

“ა”ლიგის მე-3 ტური წყალტუბოში დაიწყო. ერთამნეთს ტურნირის 2 წაუგებელი გუნდი – „წყალტუბო“ და „არენა 76“ შეხვდა. მატჩი სტუმრათა გამარჯვებით – 93:82 დასრულდა და შესაბამისად, „ა“ ლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი „არენა 76“.

არენელებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, როცა საწყისი პერიოდი 10 ქულით მოიგო. მოპოვებული უპირატესობა მასპინძლებს აღარ დაუთმიათ – გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ამერიკელი ჯერემი ბაინამი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა და 10 პასი მიითვალა. 24 ქულა დააგროვა დავით ლომიძემ, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო. ოლექსეი კოსენკოვმა 17 ქულა დააგროვა, ზუკა მაჩალაძის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.

რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, იმერულ კლუბს ალექსანდრ რიხლიუკმა 25 ქულა-11 მოხსნით ულიდერა. მეორე უკრაინელმა – სერგეი ალფიოროვმა 21 ქულა და 10 პასით დაასრულა შეხვედრა.

მე-3 ტურის დარჩენილი 2 მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. „ა“ ლიგის მატჩებამდე სასახლეში სუპერლიგის 2 შეხვედრა გაიმართა. 17:00 საათზე დაწყებული მატჩი „სეუ-ჰიუნდაისა“ და „კაკტუსს“ შორის საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

ამ მატჩამდე ორივე გუნდს 1 მოგება და 2 წაგება ჰქონდა. შესაბამისად, შეხვედრა მეტად პრინციპულ ხასიათს ატარებდა და დაძაბული მუხტი მთელი თამაშის მსვლელობისას იგრძნობოდა.

პირველი მეოთედი 18:18 დასრულდა, დიდი შესვენებისთვის სამა ტაკუს წინამძღოლობით კაკტუსელები 2 ქულით დაწინაურდნენ. ცხადი იყო, რომ ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდებოდა, არც ერთი გუნდი ფლობდა იმხელა უპირატესობას, რომ წინ დიდი სხვაობით გაჭრილიყო.

მესამე პერიოდი „სეუ-ჰიუნდაიმ“ 18:13 მოიგო და მცირე უპირატესობას მატჩის ბოლომდე ინარჩუნებდა. კაკტუსელები ცდილობდნენ, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ბოლოსწინა წუთზე ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება იყო. გადამწყვეტ მომენტში ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა „სეუ-ჰიუნდაიმ“ უკეთესად ითამშა და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია – 73:70.

გამარჯვებულთა შორის ბომბარდირი ამერიკელი კაილ ფულერი გახდა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ირაკლი ალხანაიძემ, გელა კოპალიანმა და ირაკლი გაბისონიამ ორმაგი დუბლები მიითვალეს. კაკტუსელთაგან 28 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო კამერუნელი სამა ტაკუ გახლდათ. 13 ქულა დააგროვა დავით როგავამ.

მეორე მატჩში 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ერთმანეთს 2 მოუგებელი გუნდი შეხვდა – თსუ და გორის „დილა“. ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. სახელმწიფო უნივერსიეტის გუნდი ნიადაგ ლიდერობდა, თუმცა გორელები არ რჩებოდნენ და შანსს ინარჩუნებდნენ. ბოლო პერიოდში მოედნიდან მსაჯთან კამათის გამო უნივერისტეტელი გიორგი გაფრინდაშვილი გააძევეს, რის შემდეგაც სტუდენტებმა მეტი მობილიზებით ითამაშეს და სოლიდური ლიდერობის მოპოვებით მატჩში გამარჯვებულის ვინაობა სათავისოდ გაარკვიეს.

38 ქულით სტუდენტბს მიხეილ ფანჩულიძემ ულიდერა, ხოლო ვასილ ბერუაშვილის ანგარიშზე 23 დაგროვდა. „დილაში“ 17-17 ქულით საუკეთესო შედეგი ვლადიმერ ბეჟანიშვილსმა და დავით აფხაზავამ დააფიქსირეს.

მომდევნო ტური 4 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

“ა” ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი

14 მარტს სტარტი აიღო ქართული კალათბურთისთვის ისტორიულმა „ა“ ლიგამ, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად მეორე პროფესიული ლიგაა საქართველოში. აღნიშნული ტურნირის დაწყებასთან ერთად ფუნქციონირება დაიწყო „ა“ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.

პირველმა ტურმა აჩვენა, რომ „ა“ ლიგა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იქნება. გულშემატკივართა ინტერესი სრულად იქნება დაკმაყოფილებული ვებ-მისამართზე: www.a-league.ge.

საიტზე თავმოყრილია გუნდების შემადგენლობები, ფოტოები, თამაშების სრული სტატისტიკა და წარმოებს მატჩების პირდაპირი ტექსტური ტრანსლაციები.

გულშემატკივარი „ა“ ლიგის მატჩებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული საიტი ისევე ოპერატიულად განახლდება, როგორც ეს სუპერლიგის შემთხვევაში ხდება.

“ა” ლიგა საინტერესო მატჩებით დაიწყო

საკალათბურთო „ა“ ლიგა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო. ტურნირის მონაწილე 6 გუნდი კალენდრის მიხედვით პირველ ტურში შემდეგნაირად დაწყვილდა: კაქტუსი – თსუ, სეუ-ჰიუნდაი – წყალტუბო და არენა – დილა.

„ა“ ლიგის მონაწილე ექვსივე გუნდი დაახლოებით ტოლძალოვანია და ეს პირველმა ტურმაც გამოაჩინა. თსუ კაქტუსთან დამარცხდა, რაც ბევრისთვის მოულოდნელ შედეგად ჩაითვალა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილ თსუ-ს ფავორიტად მიიჩნევდნენ, თუმცა არჩილ ჟღენტის კაქტუსმა სამაგალითოდ იბრძოლა და გარჯა დაუფასდა კიდეც.

თამაშის მსვლელობისას კაქტუსელები 10-15 ქულით იგებდნენ, თუმცა თსუ-ელებმა ბოლო წუთებზე მაინც მოახერხეს მეტოქესთან მიახლოება და დაზძაბულ ფინალში კაქტუსმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.

კარგი ახალწვეული ჰყავთ კაქტუსელებს. კამერუნელმა და ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ნათამაშევმა სამა ტაკუმ 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო დავით ხიზანიშვილმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავი 22 ქულა-13 მოხსნას მოუყარა. 14 ქულა ჰქონდა რომან ტუკვაძეს, დავით არწივიძემ გამარჯვებულებს 13 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი შესძინა. სტუდენტურ გუნდში საუკეთესო სოსო შერმადინი გახლდათ 17 ქულით.

მეორე წყვილში იოლი გამარჯვება მოიპოვა წყალტუბომ, რომელმაც სეუ-ჰიუნდაის 72:81 სძლია. წყალტუბოელებმა პირველი მეოთხედი 30:18 რომ მოიგეს, ლიდერობა ხელიდან არ გაუშვიათ. იმერუკ ლუბს წინ უკრაინელები – სერგეი ალფიოროვი და ალექსანდრ რიხლიუკი მიუძღვოდნენ, თუმცა აღსანიშნავია გიორგი კუჭავას გარჯაც, რომელმაც შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.

ალფიოროვს გასული 3 სეზონი უკრაინის სუპერლიგაში აქვს ნათამაშევი და საქართველოს „ა“ ლიგაში მისი შედეგიანი თამაში არავისთვისაა მოულოდნელი. სლავმა გამთამაშებელმა 20 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 2-2 ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. რიხლიუკმა გამარჯვებულებს 15 ქულა და 14 მოხსნა შესძინა.

ბოლო მატჩის პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. გორის „დილა“, რომელიც დისკვალიფიცირებული დავით მუშკუდიანის გარეშე თამაშობდა, ტოლს არ უდებდა უკრაინელი და ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულ არენა 76-ს. კვანძი მესამე პერიოდში გაიხსნა, რომელიც არენელებმა დამაჯერებლად მოიგეს და გორელების წინააღმდეგობა გატეხეს. საბოლოოდ ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა არენა 76-მა დიდი სხვაობით იმარჯვა.

გამარჯვებულებს ამერიკელმა ჯერემი ბაინამმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. 16 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა უკრაინელმა ოლექსანდრ კოსენკოვმა. ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ნიკოლოზ ბაქრაძემ. გორის “დილაში” 22 ქულით საუკეთესო იყო ვახტანგ მინაშვილი.

“ა” ლიგის მომდევნო, მეორე ტურის მატჩები 20 და 21 მარტს გაიმართება.

 

14 მარტს სტარტს ა ლიგა აიღებს

14 მარტს, სტარტს აიღებს საკალათბურთო “ა” ლიგა, ანუ პირველი ლიგის გათამაშება, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება. გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომელიც 11 მსურველიდან საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა. საუკეთესო ექვსეულში მოხვდნენ: არენა-76, კაქტუსი, თსუ, სეუ-ჰიუნდაი, გორის “დილა” და “წყალტუბო”. აღსანიშნავია, რომ თითოეული გუნდი 50 000 ლარს მიიღბს.

ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარედება, რომლის დასრულების შემდეგაც ცხრილში 1-2 ადგილზე გასული გუნდები სუპერლიგის ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების სერიაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები 2015/16 წლების სეზონში სუპერლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ა ლიგის მე-5 და მე-6 პოზიციაზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპის ორ გამარჯვებულ შეხვდებიან ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად.

ა ლიგის მატჩებს სპორტის სასახლე, საკალათბურთო აკადებია, სპორკომპლექსი “არენა” და წყალტუბოს საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გორის “დილა” საშინაო შეხვედრებს თბილისში ჩაატარებს, თუმცა როგორც გორელთა თავკაცმა გვითხრა, უახლოეს მომავალში ქალაქში სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.

პირველი ტურის შეხვედრები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ლიგას საკუთარი ვებგვერდიც ექნება (www.a-league.ge).

დღეს, ახალი ტურნირის შესახებ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ვლადიმერ ბოისა: “შესარჩევ ეტაპზე ძალიან დაძაბული თამაშები იყო. მაგალითად აკადემია, რომელიც ფავორიტად მესახებოდა, 6 გუნდში ვერ მოხვდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს რომელიმე გუნდს სუპერლიგაში ვიხილავთ. სასიამოვნოა, რომ საუკეთესოთა შორის ორი რეგიონის გუნდი არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, შესარჩევ ეტაპზე ორგანიზება უმაღლეს დონეზე იყო და ვეცდებით, რომ ასე გაგრძელდეს.”

გიორგი ზაბახიძე: “საქართველოს კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის მსურველი 20 გუნდი იყო, თუმცა საბოლოოდ 11-მა შეძლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, საიდანაც 6 საუკეთესო შეირჩა.

დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელიაც მაქსიმალურად დაეხმარა კალათბურთის ფედერაციას, სუპერლიგის და პირველი ლიგის გუნდებს. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად და სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვით ჩატარდება.”

არჩილ ჟღენტი (კაქტუსი): “ა ლიგას საკმაოდ კარგი წამოწყებაა. მოთამაშეები უგონდოდ რჩებოდნენ და კალათბურთიდა წასვლა უწევდათ. ახლა კი მათ სპორტში დარჩენის შესაძლებლობა ექნებათ. შესარჩევი ეტაპი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ფორმატიც საკმაოდ კარგი იყო. “კაქტუსი” ენთუზიაზმით, ყოფილი კაქტუსელებით შეიქმნა. გუნდმა ექვსეულში მოხვედრა შეძლო და ჩვენი შემდეგი მიზანი ოთხეული იქენბა”

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ): “დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციას ამ სიახლისთვის. ჩვენს გუნდს ამითი სუპერლიგაში დაბრუნების შანსი მიეცა. ეს უბრალოდ აზარტი და სურვილი არ არის. ეს კალათბურთის განვითარებაა. ა ლიგა კი ამ საქმისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. თსუ ტრადიციული გუნდია, გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი. დიდი მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის” 

A ლიგა დაკომპლექტდა

საკალათბურთო ა ლიგის შესარჩევი ტურნირის დასრულების შედეგად ცნობილი გახდა იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც საბოლოოდ ხსენებულ ლიგას დააკომპლექტებს. შეგახსენებთ, რომ აქამდე საგზური 4 გუნდს – თსუ, კაქტუსი, გორი, არენა-76-ს ჰქონდთ მოპოვებული.

დარჩენილი ორი საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დღეს ორმა წყვილმა – “წყალტუბო” – “აკადემიამ” და “მარნეული” – “სეუ-ჰიუნდაიმ” გაითამაშეს:

წყალტუბო 68:56 აკადემია

21:10, 18:14, 18:19, 11:13

წყალტუბო: ალფიოროვი (29 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი), რიხლიუკი (16 ქულა, 13 მოხსნა), არუთინოვი (8), კორკოტაძე (8), კუჭავა (7)

აკადემია: ღურწკაია (19 ქულა, 12 მოხსნა), ვორნიკი (12 ქულა, 8 მოხსნა), სოკური (7)

 

მარნეული 58:94 სეუ-ჰიუნდაი

10:13, 8:26, 22:21, 18:34

მარნეული: ბ. ჯანხოთელი (24 ქულა, 8 მოხსნა), ბ. ჯაჯანიძე (17)

სეუ-ჰიუნდაი: ალხანაიძე (19), ქარციძე (18 ქულა, 9 მოხსნა), გაბისონია (13), ი. დოლიძე (11)

შესაბამისად, ცნობილი გახდა იმ 6 ჰუნდის ვინაობა, რომელბიც ა ლიგაში იასპარეზებენ. ტურნირი სტარტს სავარაუდოდ  14 მარტს აიღებს. ა ლიგის საუკეთესო 2 გუნდი სუპერლიგის ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდება და სერიაში გამარჯვებულები მომავალ სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებენ.