დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში თბილისის “დინამო” სტუმრად “სამტრედიას” დაუპირისპირდა და მეტოქე ბექა მიქელთაძისა და საბა ლობჟანიძის გოლებით ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.
მეორე გოლის ავტორი, ლობჟანიძე, როგორც იცით, ჩემპიონატის დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელობამ “დინამოს” მეორე გუნდში დააქვეითა. თუმცა, ამ სანაკრებო პაუზაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საბა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და აქ პირველი შეხვედრაც ჩაატარა.
Fanebi.Com-ი 22 წლის შემტევს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– შეაფასე განვლილი შეხვედრა…
– ბოლო ორი თამაში წავაგეთ და ამ მატჩში აუცილებლად გვმართება მოგება. სამტრედიიდან სამი ქულის წამოსაღებად ყველაფერი გავაკეთეთ. იმერულ კლუბზე საქებარი სიტყვების გარდა, არაფრის თქმა არ შემიძლია. თუმცა, ტაქტიკურად ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, რამაც წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
– საკმაო ხანია მთავარ გუნდში არ გითამაშია, თუმცა, ობიექტურად რომ ვთქვათ, დღეს კარგი შთაბეჭდილება დატოვე. პირადად გკითხავ: როგორ გრძნობდი მოედანზე თავს და შენი აზრით, ხარ თუ არა კარგ ფორმაში?
– კი, დიდი ხანია, არ მითამაშია. თუმცა, ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადე. ყველანაირად ვეცადე, ღირსეულად დავბრუნებულიყავი. ჩემი აზრით, მთლიანად გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
– აქვს თუ არა ამ “დინამოს” იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს?
– კი, რა თქმა უნდა! ახალგაზრდა ბიჭები ვართ და სირთულეები ყოველთვის შეგვხვდება. თუმცა, ნამდვილად შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს სირთულეები დავძლიოთ და უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ!
– საბა, კლუბის სურვილის მიუხედავად, შენ მასთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმე. შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსი გექნება. უკვე გადაწყვეტილი გაქვს “დინამოს” დატოვება?
– კონტრაქტი ნამდვილად ზაფხულში მეწურება. თუმცა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე რა როგორ იქნება, გადაწყვეტილი არ მაქვს.