გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „ჟოლოსფერი მესი“.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე არანაკლები ინტერესი მიიქცია ლეო მესის კოსტიუმმა. ნათქვამია, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა მესის გარდა ყველა თანხმდება, რომ არგენტინელს უგემოვნოდ ეცვა. რამდენადაც გამორჩეულია ლეო საფეხბურთო მოედანზე, იმდენადვე გამორჩეული გახლდათ „ოქროს ბურთის“ დაჯილოდების ცერემონიალზე, თუმცა ამჯერად უარყოფითი კუთხით. მესისგან ეს უკვე აღარ გვიკვირს. მისმა ჩაცმულობამ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შარშანდელ ცერემონიალზეც გაგვაოცა: თეთრი წერტილებით მოწინწკლული შავი კოსტიუმი და პეპელა. მაშინ ბევრმა ის თავისივე კერპს – დიეგო მარადონას შეადარა, რომელსაც ერთხანს დაახლოებით ასეთივე კოსტიუმი ეცვა.
მესის წერტილებიან პიჯაკზე შარშან ჯო ჰარტმაც ისაუბრა: „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი გამოვტოვე, რადგან ინგლისის პრემიერლიგაზე ცოტას ლაპარაკობენ. მესის პიჯაკის შესახებ უკვე გავიგე, მაგრამ მას ყველაფრის უფლება აქვს, რასაც მოისურვებს. თუნდაც სულ შიშველი გასულა“.
იმ წერტილებიანმა პიჯაკმა ზოგს ცნობილი კომპიუტერული თამაში Pac-Man-იც კი გაახსენა.
მესიმ კიდევ ერთხელ 2013 წლის „ოქროს ბუცის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გაგვაოცა. ამ ღონისძიებაზე არგენტინელი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად მივიდა და, როგორც გამოჩნდა, მათაც კარგად იხალისეს მესის ორნამენტებით მორთულ პიჯაკზე.
ლეომ სამოსის მუქი ფერების გაღიავება გადაწყვიტა და წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიალზე ჟოლოსფერი ხავერდის კოსტიუმით წარსდგა საზოგადოების წინაშე. მესისა და მისი მეწვილის, ანტონელა როკაზოს ჩაცმულობის ფერთა გამა ერთიანობაში „ბარსელონას“ მაისურის პალიტრას ქმნიდა. საქართველოში ასეთ ფორმაში გამოწყობილი მესი ცნობილ კომედიურ პერსონაჟ ჟიმნი მებონიას შეადარეს. ცნობილი ინტერნეტ-ენციკლოპედია შემდეგნაირად ახასიათებს ამ ჩაცმულობას: „1990-იანი წლების დასაწყისში ეს სამოსი და კისერზე ჩამოკიდებული ოქროს ჯაჭვი ახალი რუსების შეუცვლელი ატრიბუტი გახდა. ისინი ასეთ ფორმაში ამ ეპოქის რამდენიმე რომანსა და ფილმში გვხდებიან. მიზეზი, რატომ გახდა ეს კოსტიუმი მამაკაცებისთვის შეუცვლელი, უცნობია. შესაძლოა, ასეთი მოდა საბჭოთა კავშირში არსებული სამომხმარებლო საქონლის დეფიციტით იყო გამოწვეული. ჟოლოსფერი პიჯაკის მქონე ტიპები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მოისურვებენ“.
სამომხმარებლო საქონლის დეფიციტი ვახსენეთ და მესის ჩაცმულობას ცნობილი ქართველი იუმორისტი გიორგი ჯანელიძე ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „ლეო მესის რომ ეცვა დღეს, თითქმის ისეთივე ალუბლისფერი პიჯაკი მეცვა სკოლის დამთავრების ბანკეტზე, ოღონდ ჩემსას ოქროსფერი ღილები ჰქონდა. 1994 წელს ქუთაისის ბაზრობაზე, სხვანაირი არც იყიდებოდა“.
ასეა თუ ისე, თავმდაბალი მესი დაჯილდოების ცერემონიებზე ხალხს სხვებისგან გამორჩეული სამოსით ამახსოვრებს თავს. ვინ იცის, ეგებ აქაც რაიმე ფარული მინიშნებაა და გემოვნება-უგემოვნობა არაფერ შუაშია.