დონატებისა და ყავის საერთაშორისო ქსელი “დანკინ დონატსი”, რომელიც “ლივერპულის” სპონსორი გახლავთ, მერსისაიდული გუნდის ფანებს ბოდიშს უხდის.
კომპანიამ სარეკლამო კამპანიაში “ლივერპულის” მოდიფიცირებული გერბი გამოიყენა. კერძოდ, ფირმამ “ენფილდროუდელთა” ცნობილი ემბლემა “დანკინ დონატსის” სტილში გადააკეთა, სახელგანთქმული დევიზი “შენ არასოდეს იქნები მარტო” კი საკუთარი სლოგანით შეცვალა: “ამერიკას დანკინ დონატსი ამოძრავებს”.
კლუბის სიმბოლოს ამგვარმა მოდიფიცირებამ “ლივერპულის” ქომაგთა აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილო ფანებმა კომპანიას მიმართეს და საბოლოო ჯამში, “დანკინ დონატსის” წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რედაქტირებული გერბი წაშალეს, აღნიშნული კამპანია შეაჩერეს და ბოდიშიც მოიხადეს.
“დანკინ დონატსი” “ლივერპულს” 2014 წლის იანვრიდან სპონსორობს.