ფორლანმა საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ცენტრფორვარდი დაასახელა

ურუგვაის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და თანამედროვეობის საუკეთესო ცენტრფორვარდი დაასახელა.

“მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. რონალდუც კარგი ფეხბურთელია, სუარესიც და ნეიმარიც, მაგრამ მესი მათზე გაცილებით მაღლა დგას. მარადონასა და მესის ბოლო 40-წლეულის საუკეთესო ფეხბურთელებად მივიჩნევ.

საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი ლუის სუარესია. მას ფანტასტიურ თანაგუნდელებთან ერთად უწევს თამაში”, – ციტირებს ფორლანის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

ფორლანი “პენიაროლში” 10 ნომრით ითამაშებს

ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 36 წლის ფეხბურთელი “პენიაროლში” ითამაშებს.

ფორლანმა ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისური აირჩია. მას 4-ნომრიან ფორმასაც სთავაზობდნენ. საქმე იმაში გახლავთ, რომ 4 ნომრით “პენიაროლში” ფორლანის მამა თამაშობდა.

სხვათა შორის, ურუგვაელი ფეხბურთელი ადრეულ ასაკში სწორედ ამ კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა.

დიეგო ფორლანი “პენიაროლს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ვინაიდან იაპონურ “სერესო ოსაკასთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

 

დიეგო ფორლანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. მახსოვს, ტელევიზორში რომ ვუყურებდი ეროვნულ ჰიმნზე ამღერებულ ფეხბურთელებს, გასაოცარი გრძნობა მეუფლებოდა. ვფიქრობდი, რომ ამ ოცნებას მეც ავისრულებდი. ურუგვაის ეროვნული გუნდის მხარდაჭერას მთელი გულით გავაგრძელებ. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი დონე და სულისკვეთება მოედანზე მეჩვენებინა და არა სიტყვების საშუალებით. ურუგვაელ ფეხბურთელებს მე არ ვჭირდები იმის სათქმელად, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების ფორმის ტარება”, – განაცხადა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო ფორლანი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას ურუგვაის ნაკრებში ჩატარებულ 112 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. 2011 წელს გუნდთან ერთად კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა.

 

ფორლანი: “ასეთი რამ “ინტერში” პირველად ვნახე”

იაპონური “სერესო ოსაკას” თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

“ინტერში” გადასვლამდე არ ვყოფილვარ კლუბში, სადაც ყოფილ მწვრთნელზე ამდენს ლაპარაკობდნენ. მას ყველა თაყვანს სცემდა.

ამიტომ არ მიკვირს, რომ ყველა ფეხბურთელს სურს მასთან ერთად მუშაობა. ის მოთამაშეებს არამხოლოდ ტიტულების მოგებაში ეხმარება, არამედ მათ კრიტიკისგან იცავს.

სხვადასხვა ადამიანებს შესაძლოა უყვარდეთ ან სძულდეთ მოურინიო, თუმცა ფეხბურთელები, როგორც წესი, მას ეთაყვანებიან”, – ციტირებს ფორლანის სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტგამოცემა A bola.